0 0 73
გზა უტქიაგვიკისკენ
აშშ-ს საელჩოსთან ვიდექი და ჩემს რიგს ველოდებოდი. ძალიან ცხელოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდი. ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი ჩემს გარუჯულ ფეხებზე. ლამის მუხლები ამეწვა ამ მზერისგან. გაღიზიანებულმა მზერა გარშემო მოვავლე და ცისფერ ფორმაში გამოწყობილ დაცვის ბიჭის თვალებს წავაწყდი. გავუღიმე, მან კი თვალები მორცხვად დახარა და გაბრუნდა. არა დამნაშავე ნამდვილად მე ვიყავი, რადგან სიცხის გამო ისეთი გამჭვირვალე კაბა მეცვა, მუხლები კი არა სხვა რამეც ზედ მეხატა. რა ექნა იმ ბავშვს თუ მისი ყურადღება მივიქციე. მომდევნო ნახევარი საათი მისი საცოდაობის ყურებაში გავატარე, კარგადაც გავერთე. თან პროვოკაციულად ვუფრიალებდი ჩემი კაბის კალთებს ცხვირწინ.
ჩემი რიგი მოვიდა და მინის მიღმიდან გოგონამ გამიღიმა ყალბი ღიმილით. აი ისეთით, ევროპაში მაღაზიაში რომ გიღიმიან, ვითომდა ძალიან უხარიათ შენი ნახვა, არადა ფეხზე ვეღარ დგანან დაღლილობით. თბილისში ნეტავ სად იპოვნეს ასეთი ყალბ ღიმილიანი გოგონა, ალბათ სწორედ ამიტომაც აარჩიეს მრავალრიცხოვან კანდიდატებს შორის.
ჩემი საბუთები მივაწოდე და რამდენიმე წუთი დაველოდე. გოგონამ გადაათვალიერა ისინი და ისევ დაღლილი თვალებით, მაგრამ გაღიმებული სახით შემომცინა.
-ქალბატონო სოფია, ყველაფერი წესრიგში გაქვთ, ვიზის მიღების შემთხვევაში 10 სამუშაო დღეში დაგიკავშირდებიან.
-მადლობა - მოკლედ ვუპასუხე. მისგან განსხვავებით მე გულწრფელად გავუღიმე და სწრაფი ნაბიჯით გავშორდი შენობას.
თუ გავითვალისწინებთ ჩემს პასპორტში სხვადასხვა ქვეყნების ბეჭდების რაოდენობას, უარი არ უნდა მითხრან. ერთადერთი რის გამოც შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ, ქალაქი უტქიაგვიკია. მე არც ისეთი მდიდარი ვარ, რომ მთელს ამერიკაში ვიმოგზაურო და ეს ყველასგან მიტოვებული ქალაქი ერთ-ერთ გაჩერებად ჩავწერო. პირდაპირ, გულწრფელად შევავსე ანკეტაში საბოლოო პუნქტი, „ალიასკა, უტქიაგვიკი“. პოლარული ღამეები მაინტერესებს და იმიტომაც მივდივარ-თქო. დიახ, სწორედ ალიასკაზე მივემგზავრები, ბოფორტის ზღვის სანაპიროზე, სადაც ორი თვის მანძილზე მზე ენატრებათ, ტემპერატურა -120 -ია და მთელს დედამიწაზე ყველაზე მეტი ხალხი აქ იკლავს თავს პოლარული ღამეების დროს. წარსულში ეს ქალაქი ბარროუდ იწოდებოდა, მოსახლეობა შვიდი ათას კაცამდე იყო. ისინი ძირითადად ნადირობით და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ახლა კი ახალგაზრდებმა დატოვეს ეს მივიწყებული სამყარო და სამი ათას ხუთასი კაცი ძლივს ცხოვრობს.
ტელეფონის ზარი გაუთავებლად რეკავს და თავის აწევა არ მინდა. ჩემი საძინებლის ფანჯრებზე დამცავი ბადეები ბოლომდე ჩამოწეულია. ოთახში გრილა, მე შიშველი ვწევარ ჩემს ატლასის თეთრეულში და ტელეფონის ზარის გამომშვებს მინუს უსასრულობაში ვუშვებ. მიყვარს კარგი თეთრეული, თავის მოვლაც და ამიტომ ყველაფერზე მივდივარ, რომ ეს სიამოვნება არ მომაკლდეს. ზარმა კი უკვე ტვინი წაიღო. ზლაზვნით წამოვიწიე და ძირს დავარდნილ ტელეფონს დავწვდი.
-გამარჯობა ქალბატონ სოფიას ვესაუბრები? - ჩემი ზმუილის შემდეგ მესმის ახალგაზრდა გოგონას წკრიალა ხმა.
-დიახ - ვპასუხობ ისევ არაამქვეყნიური ხმით.
- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან გირეკავთ, შეგიძლიათ თქვენი პასპორტის წასაღებად მობრძანდეთ.
-ვიზა მომცეს? - ვფხიზლდები მომენტალურად.
- დიახ ქალბატონო - მესმის ისევ წკრიალა ხმა. - მობრძანდით დილის 10- დან საღამოს 6 საათამდე. - გოგონა მისამართს მირაკრაკებს, მაგრამ აღარ ვუსმენ. ტელეფონს ვთიშავ და გიჟივით დავრბივარ ოთახებს შორის.
ბილეთი ძვირია. ძალიან ძვირი, რადგან ჯერ ნიუ-იორკში უნდა ჩავფრინდე კიევის გავლით. მერე ჯუნოში ალიასკაზე და იქიდან უტქიაგვიკში. ნიუ- იორკში ალბათ რამდენიმე დღე გავჩერდები. ამ ქალაქში არასდროს ვყოფილვარ და მანჰეტენზე გავლის გარეშე ვერ გავბედავ დავასრულო ჩემი სიცოცხლე. ჩემი წინაპრები სულ ამ ქუჩაზე დააბიჯებდნენ და მე გამონაკლისი ხომ არ ვიქნები. :D
თითზე ჩემი დიდი ბებიის ნაქონ ოქროს ბეჭედს ვატრიალებ. ეს თილისმაა, რომელსაც არასდროს ვიშორებ და ბევრჯერ დამხმარებია კიდეც. ძვირადღირებულია თავისი ალმასის ქვით, მაგრამ ჩემთვის შეუფასებელია. ქალბატონი ოლია ჩემი ნამდვილი ბებია არც ყოფილა, ბებიაჩემის მამიდა იყო და ეს საგანძური ბებიაჩემს აჩუქა ქორწილზე, მან დედაჩემს და ასე მოაღწია ჩემამდე. საინტერესო ქალი იყო ოლია. გაქანებული გასაბჭოების პერიოდი იდგა საქართველოში. ხალხს შიმშილით სული ძვრებოდა. 16 წლის ოლიას და მის ხუთ ძმას ერთი მამა-მარჩენალი თხა ყავდათ და იმით ებრძოდნენ შიმშილს და ტუბერკულიოზს. ვინ იცის რა გადაუტრიალდა თავში, ან დიდხანს იფიქრა და მოიფიქრა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დღეს წავიდა და თავისივე სოფელში მცხოვრებ იმ დროისთვის ძალიან მდიდარ სამოცდაათს გადაცილებულ კაცს თავისი თავი ცოლად შესთავაზა. არავინ იცის რა უთხრა, როგორ უთხრა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა და დიდი იოსების ცოლი გახდა. სხვათა შორის ძალიან კარგი ცოლობაც გაუწია. შიმშილს თვითონაც გადაურჩა და ძმები და ძმიშვილებიც გადაარჩინა. სოფელში ლეგენდები დადის, მოჯამაგირეები დიდი იოსების ხალიჩებს რომ ჩამოიტანდნენ წყაროზე გასარეცხად, მთელი სოფელი მოდიოდა მათი სანახავადო. ხალიჩების არ ვიცი და მათი სიმდიდრის დამადასტურებელი ბეჭედი მეც მიკეთია ხელზე. პატარა „წკაპ“ გვერდიდან და ალმასის თვალი ზევით აიწევა, პატარა სათავსოში კი რაც გინდა ჩადე, თუ ჩაეტევა რა თქმა უნდა. გაკულაკება რომ დაიწყო, დიდი იოსები ცოცხალი აღარ იყო. ქალბატონმა ილიამ ვინ იცის, რა გააკეთა, ვისთან მივიდა, ვინ შეაშინა და მთელი ქონება შეინარჩუნა. სხვათა შორის, ორი შვილიც გააჩინა მეორე ქმართან და კარგადაც იცხოვრა. ამ ქალზე რაც მსმენია, აღფრთოვანებული დავრჩენილვარ. აბა ის ჯობდა ეყურებინა ერთი თხისთვის და შიმშილით მომკვდარიყო? რის საშუალებაც ქონდა, იქიდან უშველა თავს.
ჩემოდანს ვალაგე, ვფიქრობ უფრო მეტი თბილი ტანსაცმელი ხომ არ ვიყიდო. ჩემი წასვლის ამბავი არავინ იცის, არც გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს ვაპირებ. ამიტომ თვალები შუბლზე ამდის და კეფაზე გადამდის, როდესაც ჩემი რძალი მირეკავს და მთელ ხმაზე კივის:
-საყვარელოოო - მერე საყვედურის ხმით მეჩურჩულება - სოფია ამერიკაში მიდიხარ და არ გვიმხელ?
-არა მაიკო, არ გრცხვენია? ისე შევიტანე საბუთები და ჩამირტყეს ვიზა, ხოდა ახლა ვფიქრობ წავიდე თუ არა - არადა ამ დროს ჩემოდანს დავყურებ, რა წავიღო იმის ფიქრში გართული. - ისე შენ საიდან გაიგე?
-გოგო ჩემი დაქალი ნინაკას დაქალი მარი როა, ხო იცი, ის და მისი ქმარი იყვნენ საელჩოში პასპორტი რომ გამოიტანე, ხოდა იმან დამირეკა. მეწყინა რომ არ ვიცოდი.
ზუსტად ამის გამო ვერ ვიტან ჩემს რძალს. დაქალის დაქალის დაქალებთან ლაპარაკის მეტი რომ არ იცის არაფერი და ყველა საკითხში რომ არიან ისინი ზე კომპეტენტურები. ერთხელ მთელი საღამო მიყვებოდა ნატო-ევროკავშირის პრეზიდენტმა განცხადება როგორ გააკეთა საქართველოზე. ჩემი მშობლები ზრდილობიანად უსმენდნენ. მე კი ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ნატო სხვაა და ევროკავშირი სხვა-თქო. გაიბუტა. მერე დედაჩემმა საყვედური ისევ მე მითხრა, რატომ აწყენინეო. ქალმა იმდენი უნდა იცოდე, რომ თუ ვერ ერკვევი რამეში, საერთოდ გაჩუმდე. მაგრამ ალბათ დაქალის დაქალის დაქალებმა უთხრეს და რადგან მათ უთხრეს, ისეთი ამბავია წყალი არ გაუვა. ხოდა ამიტომაც ვერ ვიტან ჩემს რძალს.
-უნდა წახვიდე უეჭველი. მერე მეც გამომიგზავნი მოწვევას და ერთად დავიაროთ მაღაზიები. შენ უკვე იქ ნაცხოვრები იქნები და ყველაფერი გეცოდინება - მაიკო აღარ ჩუმდება, ამერიკულ მოგზაურობას გეგმავს, მე კი გულში ვიცინი, რომ იცოდეს სად მივდივარ, ამდენს აღარ ილაპარაკებ-თქო.
-პატარები როგორ არიან? - თემის შეცვლა ვცადე მაიკოსთან.
-რა დროს პატარებია, კარგად არიან, დედიკო და მამიდა რომ ჩამოუტანენ რაღაცებს, მერე უკეთესად იქნებიან.
-მართალი ხარ მაი, ახლა უნდა გავთიშო, საქმე მაქვს და საღამოს გამოვალ, ბილეთის ამბავიც უნდა გავარკვიო. არადა ბილეთი უკვე ხელში მიჭირავს, ფრენა ათ დღეში მაქვს.
საღამოს ჩემი მშობლების სახლში მივდივარ, მშობლები მიყვარს, ისე როგორც შვილს უნდა უყვარდეს. ჩემი ძმა მათზე უფრო, ძმიშვილებზე კი ვგიჟდები, მაგრამ ამ სახლში მისვლა საერთოდ არ მსიამოვნებს. მამაჩემი, ძალიან კონსერვატორი და ტრადიციული კაცია, როგორც თვითონ ამბობს. მე კი ვთვლი, რომ ის ერთი ჩვეულებრივი კაცია, რომლისთვისაც ძმაკაცები და მათი აზრები, მათთან თავის არ-შერცხვენა, მთავარია. სანამ პატარა ვიყავი ამას ვერ ვგრძნობდი. ვერც მაშინ როცა ოცდაერთი წლისა პერსპექტიულ ექიმს გავყევი. პირიქით მამაჩემი ცაზე ფეხით დადიოდა. უნივერსიტეტი დავამთავრე, ქართულ ჟურნალისტიკაში გადატრიალების მოხდენას ვაპირებდი, როცა ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ ბრძანა, ქუჩა-ქუჩა მაწანწალა ცოლი მე არ მინდაო. მამაჩემთან აცრემლებული მივედი, მხარდაჭერის იმედით. მამამ ჩუმად მომისმინა, თვალებში შემომხედა და მითხრა: „სოფიო შვილო, ის კაცი მართალია, თქვენ შვილები უნდა გეყოლოთ, იმათ მოვლა უნდა, ქმარს ცხელი სადილ-ვახშამი, ხო იცი როგორი პროფესია აქვს, გაფრთხილება ჭირდება. დედაშენიც მასე დაჯდა სახლში ოჯახის გამო, თუ არა წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული კონსერვატორია. ახლა სახე მოიწმინდე და ისე წადი სახლში. გაუღიმე, აკოცე და მეორედ ხმა არ ამოიღო ამ საკითხზეო“. იმ წამს მამაჩემი შემზიზღდა. კაცი რომელიც ღმერთი მეგონა სატანა გახდა. დედას შევხედე, ის იღიმებოდა და ამ ღიმილში სევდა დავინახე. სწორედ ამ სევდის და მამაჩემის გამო იყო, რომ არასდროს დაგვინახავს მომღერალ-დამკვრელი წითელ დიპლომირებული მუსიკოსი დედაჩემი. იმ დღეს გავჩუმდი, მაგრამ საბოლოოდ არა. ჩემი ჩანაწერებით რედაქციიდან რედაქციაში დავდიოდი, სანამ ფსევდონიმით არ დავიწყე აქა-იქ რამდენიმე სტატიის გამოქვეყნება. წერის დრო ბევრი მქონდა, საბედნიეროდ ჩემი ექიმი ქმარი სახლში იშვიათად ბრძანდებოდა. ექიმ კაცს სად ეცალა ოჯახისთვის და ჩემთვის მითუმეტეს. ლამაზი თოჯინა ხანდახან სტუმრად და ოფიციალურ საღამოებზე დავყავდი. ერთ დღესაც მივხვდი რომ საკუთარ თავს ვკარგავდი და ჩემი სურვილები პირველ ადგილზე უნდა დამეყენებინა. პირველ რიგში გინეკოლოგს მივაკითხე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები დავანიშნინე და გულმოდგინედ ვმალავდი მათ. მამაჩემს და ჩემს ძვირფას ქმარს სწორედ იმ დიდ სიამოვნებას არ მივანიჭებდი, რაზეც ყოველი ქეიფის დროს ყანწით სადღეგრძელოს სვამდნენ. აუარებელ ძვირფასეულობას ვყიდულობდი, ფულს ჩუმად ვაგროვებდი და ხელსაყრელ მომენტს ველოდი. ჩემმა პერსპექტიულმა ექიმმა გული დაიმშვიდა. სახლში ხალათიანს მტოვებდა და ასეთიც ვხვდებოდი. მოვიდოდა, ჭამდა, იბანავებდა, ჩემი მოფერებით თავს არ შეიწუხებდა, „გინდა?“ მკითხავდა დამადლოვებული თვალებით, „არა“ ვუპასუხებდი მე და დაიძინებდა.
ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაცას ველოდებოდი, ისეთს რაც გამათავისუფლებდა ამ ყველაფრისგან. ასეც მოხდა. როგორც ყოველთვის კეთილისმსურველი გამოჩნდა, რომელმაც წყნარად მითხრა, შენი ქმარი გღალატობსო. არა კი არ ინერვიულო, მაგისთვის ოჯახს ხომ არ დაანგრევ, მარა იქნება შენსკენ მოაბრუნო ქმარიო. კეთილისმსურველმა გასარკვევიც არაფერი დამიტოვა. ანესთეზიოლოგია, ან ის რამ გადარია, ან შენი ქმარიო. ანგელოზივით გოგო სახლში ყავხარო. ივიშვიშა, მაწყნარა. მე კი ცრემლების ტბა დავაყენე. ასე შემეფერებოდა ოჯახის ქალს. ის გავუშვი, მაგრამ ... მაშინ ჩაირთო ჩემი ჟურნალისტური ყნოსვა. ჯერ იმ საავადმყოფოში მივედი სადაც ძვირფასი შეყვარებულები მუშაობდნენ. მერე რამდენჯერმე უკანაც გავყევი და თურმე ნაქირავები ქონიათ თავიანთი ნავსაყუდელი. ქალბატონ ანესთეზიოლოგს სახლში ხომ არ მივუვარდებოდი, არც ფაქტზე დამიჭერია, რაღა დროს ეგენია ჩვენს საუკუნეში. უფრო ჭკვიანურად მოვიქეცი. მაშინ გამომადგა ჩემი რძლის დაქალის დაქალის დაქალები. მაიკოს რომ ვუთხარი , მგონი ქმარი მღალატობს და კამერა უნდა ვიყიდო, რომ დავიჭირო ფაქტზე-თქო, ისეთ აზარტში შევიდა, მთელი აპარატურა თვითონ მომიტანა.
საღამოს ჩემი ძვირფასი მეუღლე სახლში რომ მობრძანდა, ისეთი ვახშამი დავახვედრე, ჩვენი ცოლ-ქმრობის ბოლო წელს რომ არ ღირსებია. დიმედროლის მცირე დოზაც დავუმატე. ასე რომ გარანტირებული ვიყავი, მთელი ღამე არ შემაწუხებდა. თავი მაგიდაზე ჩამოდო, საწოლამდე ძლივს მივათრიე. აბა მოსვენებულად ხომ უნდა ძინებოდა. მისი გასაღების აცმა ავიღე და ნაქირავებ ბინაში წავედი. ბევრი წვალების გარეშე შიგნითაც შევაღწიე და კამერები ისე დავალაგე, სადაც უნდა მსხდარიყვნენ, რაც უნდა ექნათ, ყველაფრის ნახვას და გაგონებას შევძლებდი. სახლში დაბრუნებულს ჩემი ძვირფასი მეუღლე ისევ დაძინებული დამხვდა. მეორე დღეს სახლში არ მობრძანდა, დავურეკე და უუუმძიმესი პაციენტი მყავსო. ამის გაგონებისთანავე პლანშეტს ჩავუჯექი. ჩემი ქმრის ნამდვილი სიყვარული ( როგორც მოგვიანებით მოიხსენია) მართლა ისეთი გოგო იყო, ნებისმიერ კაცს დააჭყეტინებდა თვალებს და ცოლს კი არა სამყაროს დაავიწყებდა, მაგრამ იმ გოგოს რა მოეწონა ჩემი ბედოვლათი მეუღლის, ეს მაინტერესებდა. კარგი ჭკუა-გონებით კი მოიწონებდა თავს, მაგრამ არც ფიზიკურად იყო ციდან მოვლენილი ანგელოზი და არც ლოგინში შვებოდა სასწაულებს. თურმე ვცდებოდი, იქ მე ამბებს ვუყურე, ასე მეგონა ვიღაც სხვა კაცს ვხედავდი ცხოვრებაში პირველად. კისერი მეტკინა ტრიალით და მაინც ვერ გავიგე „ვისი ვიოლინო ვის როიალში იყო“ (ჯანსუღ ჩარკვიანი). გული მეტკინა, ძალიან მეტკინა. ლამაზი მეც ვიყავი, ძალიან ლამაზი. რომ მოეცა საშუალება იმ გოგოსავით პროფესიაში რეალიზებულიც ვიქნებოდი, სასურველიც და ლოგინში ასეთები თუ არ ვიცოდი, ვისწავლიდი. ესწავლებინა და ვისწავლიდი, ყველაფერი დასწავლადია ამ ქვეყანაზე. მაგრამ ალბათ თვითონაც არ იცოდა და მე რას მასწავლიდა.
ასე ჩანაწერებით შეიარაღებულმა ადვოკატი ავიყვანე და განქორწინებაზე სარჩელი შევიტანე. სახლში ვიჯექი, ვრეცხავდი, ვახშმებს ვაკეთებდი და ველოდებოდი როდის მოუვიდოდა სასამართლოდან ცნობა ჩემს მეუღლეს. მარტო განქორწინებას კი არა, ღალატის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ვითხოვდი. სასამართლო მოსმენის დღე რომ მაცნობეს, ჩემს მშობლებთან წავედი. კარებში შესვლისთანავე მაიკომ ისეთი თვალებით შემომხედა, იცოდა რის სათქმელადაც მივდიოდი. მისი ამ ამბავში მონაწილეობა რომ გამიმხელია, ისევე დაენგრეოდა ოჯახი როგორც მე. ჩანაწერი ჩავრთე და მათ რეაქციებს დაველოდე. ამჯერად დარწმუნებული ვიყავი, მამაჩემი გულში ჩამიკრავდა და კაცურად, მამურად დამიდგებოდა გვერდით. ვიდეო შუამდე რომ მივიდა, დედაჩემმა თვალებზე ხელი აიფარა, იკივლა გამორთეო. მამამ თავი დამიქნია. ხმას არცერთი იღებდა. ინიციატივა ისევ მე ავიღე ხელში და ჩურჩულით, ნახევრად მტირალი ხმით ვთქვი, ვშორდები-თქო.
მამამ თავი აწია, თვალებში გაბრაზება, გამწარება და კიდევ ბევრი ამოუხსნელი გრძნობა ედგა. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წამი, მერე თვალები ჩაუქრა. სულგანაბული ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას.
-სოფიო, ეს ცუდია, ძალიან ცუდი. არ უნდა ექნა ეს შენს ქმარს, მაგრამ ალბათ დროებითი გართობაა, არა მგონია სერიოზული ამბავი იყოს. გადაუვლის და დაუბრუნდება ოჯახს. დაგიბრუნდება შენ. ასე უცებ გაშორებაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება.
თვალები შუბლზე ამივიდა და კეფაზე გადამივიდა.
-მამა, სარჩელი უკვე შევიტანე - რამდენადაც შემეძლო მშვიდი ხმით ვთქვი. ეს სიტყვები ბომბის პატრუქზე ცეცხლის წაკიდებას გავდა. მამაჩემმა მუშტი მაგიდაზე დაარტყა და მთელ ხმაზე იღრიალა. რამდენიმე წამი ვერ ვგებულობდი რას ყვიროდა, მერე ნელ-ნელა აღქმადი გახდა მისი სიტყვები.
-ვინ? ჩემი შვილი ქმარს შორდება? რატომ, რისთვის. იმისთვის, რომ მისი ქმარი სხვა ქალთან გაძვრა? რა მოხდა მერე, კითხე ჩემს ძმაკაცებს, ვინ არ წასულა ბოზებში, მაგრამ ამისთვის ცოლები კი არ შორდებიან. შვილი არ გაუჩინე და ახლა არც მობრუნდება. აღარ შეგირიგდება. სად გავამხილო შვილი ქმარს შორდებაო. ყვიროდა გაუთავებლად ერთი და იგივეს, მაგრამ მე უკვე აღარ მესმოდა არც მისი ხმა და აღარც სიტყვები. უკვე სადარბაზოში გავრბოდი. დედაჩემმაც ვერ გაბედა გამოყოლა. ქალური კი არა დედა-შვილური სოლიდარობაც არ გამიწია. ალბათ ისიც ეთანხმებოდა მამას. მე ასე ჩავთვალე. იმ დღის შემდეგ ძალიან იშვიათად მივდივარ მშობლების სახლში და არც ოჯახურ დღესასწაულებს ვესწრები. სამეგობრო-სანათესაოში ჩემი გამოჩენა არ შეიძლება, ამას მამა მაგრძნობინებს.
შოკოლადებით ხელდამშვენებული ვდგავარ იმ სახლის ზღურბლთან, რომელშიც ამდენი წელი ვიცხოვრე და ვერ ვიტან ამ ხალხს. დედაჩემი მეხვევა, მაიკო თვალებში შემომციცინებს და ჩემს ქურთუკს აკვირდება. დიდად არ მომწონს ეს მოსაცმელი, სხვას ნებისმიერს დაუფიქრებლად ვაჩუქებდი, მაგრამ არა მას. ძმიშვილებს ვეხვევი და მამას შორიდან ვესალმები. ისიც ხელით მანიშნებს მოდიო და პირდაპირ საქმეზე გადადის.
-სოფიო გავიგე ამერიკაში მიდიხარ...
-ხო - ვპასუხობ ცალყბად და ბავშვებთან ვცუცქდები.
-რა ლამაზი კაბა გაცვია მამიდა - მეტიტინება პატარა გოგო და ჩემს მუხლებზე აცოცებას ცდილობს. - ლამაზი პომადა გაქვს?
-მაქვს. გინდა? - ვპასუხობ ღიმილით და ჩანთაში ვიქექები.
-ნუ ასწავლი ბავშვს საზიზღრობებს - ცხვირს იბზუებს ჩემი რძალი, მაგრამ პომადაზე მასაც თვალი რჩება. მე მაინც ვუსვამ პატარას ტუჩებზე წითელ საცხს, ისიც გახარებული გარბის სარკისკენ.
-შენ არ უნდა მოეშვა აქეთ-იქით წოწიალს? -ხმას უწევს მამაჩემი. დედა თვალმოუშორებლად გაყინული სახით გვიყურებს და ბომბის ამოქმედებას ელოდება.
-ჯერ არ გადაუწყვეტია - მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს მაიკო.
-ბილეთი უკვე ავიღე - მშვიდად ვაგრძელებ მეც. ზუსტად ვიცი ეს სიტყვები როგორ იმოქმედებს და ველოდები.
-შენ ჩემი შვილი არ ხარ, ასე არ გამიზრდიხარ. არ გეყო რაც თავი მომჭერი? რაღა დაგრჩა გაუკეთებელი. სადღა არ ხარ ნამყოფი. ვინ იცის როგორი ცხოვრებით ცხოვრობ. შვილი რომ გაგეჩინა ამდენი ბოდიალისთვის დრო არ გექნებოდა. ქმარიც შეგირიგდებოდა - ბრდღვინავს მამაჩემი. მე კი გაღიმებული სახით ვუყურებ და ველოდები, თქვას რაც აქვს გულში. - შენი დედა მ.... -მიუბრუნდა დედაჩემს - შენი გაზრდილია ასეთი. შენ ვერ ასწავლე ოჯახის პატივისცემა. გაშორდა ქმარს, თავისუფლება მოუნდა გოგოს. მიღალატაო, ეგ ღალატია? ეს რომ კაი ქალი ყოფილიყო ქმარს სასამართლოში კი არ უჩივლებდა, სახლში დაელოდებოდა.
ამის ატანა აღარ შემიძლია. არც იმის ყურება, როგორ დგას დედაჩემი მშვიდად და უსმენს გამძვინვარებულ მამაჩემს. იმის მაგივრად რომ რამე თქვას, უსმენს და ელოდება როდის დაწყნარდება მისი ქმარი, რომ ისევ შეინარჩუნოს იდეალური ოჯახი.
ჩემი ძმა არ ჩანს, ალბათ სახლში არაა და მაიკომ რა თქმა უნდა, არ იცის სადაა მისი ქმარი. ამიტომ კითხვას აზრი არ აქვს. ვდგები და ბავშვებს ვემშვიდობები. მაიკო მოსაცმელს მაწვდის.
-როდის მიდიხარ? - მეკითხება ჩურჩულით.
-ერთ კვირაში.
-დიდი ხნით?
-არ ვიცი. რამდენიც მენდომება, ჩემს ვიზას ხუთ წლიანი ვადა აქვს.
-მომენატრები - მეუბნება ის და თვალებში ჩამდგარ ცოტაოდენ სითბის ვხედავ.
-ტაქსს თუ გამომიძახებ, ამ მოსაცმელს დაგიტოვებ. გულში თითქოს სითბო მეღვრება მაიკოს თვალების დანახვაზე.
-ახლავე - ტრიალდება ჩემი რძალი და ტელეფონის ძებნას იწყებს თვალებით. - ძალიან მომწონდა და ვერ გითხარი- მეუბნება გულწრფელად.
-ვიცი - ვუღიმი მეც. ვიხდი და მხრებზე ვახვევ. მაიკო მართლა ძალიან ლამაზი გოგოა, მაგრამ უმეტყველო გაყინული თვალებით, რომელსაც ჩაცმა-დახურვის მეტი არაფერი აინტერესებს. სოციალური ქსელის მეტი გაქანება არ აქვს და არც ის იცის, რაში უნდა გამოიყენოს ინტერნეტი, გარდა ვიღაცის სურათების, სერიალებისა და დაქალების დაქალების ამბების გარჩევისა.
ეს ერთი რთული საქმე მოვიშორე წასვლამდე. ახლა ჩემს რედაქტორებთან ვარ მისასვლელი. რედაქტორებთან იმიტომ რომ ორ რედაქციასთან ვთანამშრომლობ. მე კარგი ჟურნალისტი ვარ, თანაბრად ძლიერი პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში. სოციალურ თემებს კიდე უფრო კარგად ვშლი. სახლში ჯდომის რამდენიმე წელმა საშუალება მომცა ფიქრის, განსჯის და ანალიტიკური წერის უნარები გამევითარებინა. ჩემს სარდაფში ჯერ კიდევ ინახება იმ დროინდელი ნაჯღაბნ - ნაწვალები. მაგრამ შედეგი „უალა“ , ძალიან კარგი მივიღე. პირველად რომ მივედი ჩემს #1 რედაქტორთან, თითქოს კარგად მიმიღო. სტატიაც მოეწონა, მერე დაფიქრდა და მეუბნება: „ სოფია საყვარელო, ამ სვეტში დაბეჭდვაზე ისეთი ამბავია, იმდენ ხალხს უნდა, ასე ადვილად ვერ გამოვა ეს ამბავიო“.
-რატომ? - გულწრფელად ვიკვირვებ მეც.
- გარდა ნიჭისა, კიდევ რაღაცებია საჭირო - თვალები ჩემი მკერდისკენ გაურბის.
-ბატონო აკაკი, იქნებ პირდაპირ მითხრათ, რომ მე საკმარისად კარგი ჟურნალისტი არ ვარ.
-არა სოფია საყვარელო კარგი კი არა, ზედმეტად კარგი ხარ. მაგრამ ურთიერთობები მნიშვნელოვანია. ხომ გესმის...
სიტყვები „ ხომ გესმის“ არასდროს მესმოდა, ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებ, რადგან ჩემს სიტყვათა მარაგში იმდენი სიტყვაა, ამ ფრაზის გამოყენება არ მჭირდება და ასე მგონია სხვასაც არ უნდა ჭირდებოდეს. ან თქვი რა გინდა, ან არ თქვა, მე რა ვიცი რა ჯანდაბა უნდა მესმოდეს. მაგრამ ახლა როცა ჩემს ძვირფას მომავალ რედაქტორს სათვალის ზემოდან გადმოცვენილი თვალები ჩემს ჩახსნილ მაისურში ჩარჩა, ზუსტად ვხვდები რა უნდა მესმოდეს.
-ბატონო აკაკი, იქნებ ხვალ საღამოს შევხვდეთ, მე გეპატიჟებით ვახშამზე და უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი. - ვუღიმი ჩემს მომავალ რედაქტორს და მკერდს წინ ვწევ.
-კარგი სოფია საყვარელო, ჩემი ნომერი ხომ იცი და მომწერე. ხვალ საღამოს შევხვდებით. შენ ოჯახი გაქვს? - მეკითხება დაგვიანებით.
-დიახ, ქმარი მყავს, მაგრამ პრობლემა არაა, საქმიან ვახშამზე გამომიშვებს. (მაშინ ჯერ კიდევ მყავდა ქმარი, მაგრამ ჩემი ძვირფასი მეუღლე სახლში არ იქნებოდა, ან სანამ ის მოვიდოდა, მე დაბრუნებას მოვასწრებდი. ან ვეტყოდი, რომ კინოში მივდიოდი. ბედნიერიც კი იქნებოდა სახლში მარტო ყოფნით.)
მეორე დილიდან ტანსაცმლის არჩევით და გეგმების დადგენით ვიყავი დაკავებული. მაიკოს მოტანილი პატარა კამერა სწორედ მაშინ „დავტესტე“. მანამდე საკუთარი თავი, მორალი თუ აღზრდა ჯერ კიდევ არ მაძლევდა საშუალებას ჩემი ქმრის წინააღმდეგ გამომეყენებინა. კამერა დიდი ბებიის ნაჩუქარ ალმასისთვლიან ბეჭედში ჩავამაგრე. მერე სისტემა მობილურ ტელეფონთან შევაერთე. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ გამოვიდა. მართალია გამოსახულება ცოტა დაბურული იყო მაგრამ გამომადგებოდა.
საბოლოოდ შეხვედრა პატარა რესტორნის დაკეტილ, მყუდრო ოთახში დავნიშნე. საკმაოდ მოკრძალებულად ჩავიცვი. დღეს სექსუალური ემოციების გარეშე, გულწრფელი საუბრის სურვილი უნდა გამომეწვია ჩემს მომავალ რედაქტორთან.
ბატონი აკაკი რესტორნის ეზოში შემომეგება. ჩემზე ადრე მოსულა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მაგიდასთან მის მოპირდაპირედ დავჯექი და ტელეფონში კამერის ჩართვის ბრძანება გავუშვი. გადასარევია, გამოსახულება ჩანდა, წესით ხმაც უნდა ყოფილიყო. წითელი ღვინო შევუკვეთე და ნახევარი საათი მოთმინებით ვუყურებდი როგორ ნთქავდა ბატონი აკაკი ქართულ მამა-პაპურ მწვადს თავისი საწებლით და აყოლებდა წითელ ღვინოს.
-სოფია საყვარელო - გავახსენდი როგორც იქნა მეც - მომიყევი რამე შენს თავზე.
ოხ, ბატონ აკაკის ჩემი ოჯახის დეტალები აინტერესებს, უნდა გაიგოს რამდენად ხშირად და ადვილად ექნება შანსი ჩემი საწოლში შეთრევის.
-ბატონო აკაკი - შუბლზე ხელი მოვისვი და თვალები ავაფახურე - ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. ჩემი ქმარი სულ სამსახურშია. რაც გავთხოვდი სახლში დამსვა და მასაც ძირითადად ვერ ვხედავ. არც კი აინტერესებს სად ვარ და რას ვაკეთებ.
აკაკის თვალები გაუფართოვდა და კმაყოფილებით ჩაეღიმა. პრინციპში ტყუილს არც ვამბობდი, უბრალოდ ეს ხმამაღლა პირველად ვთქვი. ვთქვი და გული მეტკინა ჩემს თავზე.
-რთულია, მაგრამ მუშაობს და რა ქნას - კაცურ-ქართული სოლიდარობა გამოიჩინა კაცმა ჩემი ძვირფასი მეუღლის მიმართ.
-მართალია მაგრამ მეც ხომ უნდა მომხედოს, საერთოდ არ ვაინტერესებ. სულ დაკავებულია და ჩემთვის არ ცალია, მე სულ მაკლია ყურადღება და კაცის გვერდით დგომა.- თვალები ამიწყლიანდა და შემეცოდა ჩემი თავი - თქვენ თუ ახერხებთ ოჯახური მყუდროების შექმნას, ის რატომ ვერ ახერხებს? - დავსვი რიტორიკული კითხვა და თვალები ავაფახურე. არც აკაკი იქნებოდა კარგი ქმარი, მაგრამ იქნებ მის ცოლს მოსწონდა ასეთი, მე რა ვიცოდი. კაცს შექება ესიამოვნა, კმაყოფილი იყო.
- სოფია რთული საკითხია დაარეგულირო პირადი ცხოვრება და ოჯახი - ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე მოვიდა აკაკი. აქამდე მეგონა რომ პირადი ცხოვრება ოჯახში ქმართან ან ცოლთან ცხოვრებას ნიშნავდა, ახლა აღმოვაჩინე, რომ პირადი ცხოვრება და ოჯახი, ორი სხვადასხვა რამე ყოფილა. - კარგი ქმარი ვარ, მაგრამ ჩემი ცოლი როგორც ქალი აღარ მაკმაყოფილებს, ხომ ხვდები...
- დიახ - თავს ვუქნევ მე, ვხვდები და მინდა ამაზე ისაუბროს ახლა. ამიტომ ბეჭდიან ხელს ლოყას ვაყრდნობ და ინტერესით შევყურებ. - ჩვენ უკვე ოც წელზე მეტია ერთად ვცხოვრობთ, მე მას პატივს ვცემ როგორც ჩემს ცოლს და ჩემი შვილების დედას. ოჯახში ფული შემაქვს, მის ნათესავებს ვპატრონობ, ბავშვებს ყურადღებას ვაქცევ. მაგრამ უკვე ასაკი მოემატა - თავს დანანების აქნევს.- მე კაცი ვარ და სხვანაირი სითბო მჭირდება.
-თქვენმა ცოლმა იცის? - დავინტერესდი გულწრფელად - ხვდება რამეს?
- ალბათ. ამდენი წლის ცოლ-ქმრობის მერე სხვანაირად რომ არ იქნება თვითონაც იცის. ყველა კაცს ბეზრდება ერთი და იგივე ქალი. - დაასკვნა აკაკიმ და ამ დასკვნით კმაყოფილმა ჭიქა ღვინო მოიყუდა.
-არ მუშაობს?
- კი, სკოლაში მუშაობს. რაც თავი ახსოვს მასწავლებელია და მეტი ამბიცია არასდროს ქონია. ერთი და იმავეს აკეთებს მერამდენე წელია. სამსახური, ბავშვები, ესაა მისი საქმე.
- ბატონო აკაკი, იქნებ თქვენს ცოლსაც მობეზრდით და განქორწინება მოინდომოს? - ვსვამ პროვოკაციულ კითხვას. ჩემი რედაქტორი რამდენიმე წამი ჩერდება, ალბათ ამაზე არასდროს უფიქრია.
- დედას მ.... - ყვირის მთელ ხმაზე. ვცბები და ჩემი სახის ცვლილებით კაცი ხვდება, რომ რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტი მოუვიდა. იღიმის და დუნდება. - ქალი იმისთვისაა რომ ქმარს მოუაროს, შვილებს საჭმელი გაუკეთოს და დაკმაყოფილდეს ქმრის ჯიბით.
-მაგრამ ყველა ხომ ასე არაა ბატონო აკაკი? აბა თქვენ ვისთანაც ერთობით ისინი ქალები არ არიან?
- ეგ სხვანაირი ქალებია - ლაღდება კაცი და საზურგეს ეყრდნობა, მუცელზე პერანგი ისე ეჭიმება, სადაცაა აწყდება და შუბლში მომხვდება. - ქალები რომლებიც ცხოვრებას გვილამაზებენ, ლამაზი და ჩერჩეტი ქალები არიან. მათ ჭკუა არ აქვთ და არც ჭირდებათ. თუ ხარ ნაკლები სილამაზის, მაშინ იმის ჭკუა მაინც უნდა გეყოს, რომ ქმარი იშოვო და ემსახურო ოჯახს.
-თუ ლამაზი და ჭკვიანი ხარ? - ვეკითხები ბატონ აკაკის.
- ეგეთები იშვიათი არიან ჩემო საყვარელო და მასეთ ქალს თუ შეხვდება კაცი, ფრთხილად უნდა იყოს. ცოლად საშუალოდ ლამაზი და შუალოდ ჭკვიანი ქალი უნდა მოიყვანო. გასართობად, ლამაზი და შტერი უნდა შეარჩიო. ჭკვიან და ლამაზ ქალს სათოფეზე არ უნდა გაეკარო.
აკაკი დათვრა და თვალები აუჟუჟუნდა. ახლა რაც უნდა მეკითხა, ყველაფერზე მიპასუხებდა. გულახდილობის ხასიათზე დადგა. მხოლოდ იმას ვნატრობდი, ეს ყველაფერი ჩაწერილი ყოფილიყო.
-ბატონო აკაკი, თქვენი მეუღლე რომელ კატეგორიაში შედის? - თვალებში ვუყურებ და ვცდილობ ჩემი მარჯვენა ხელი მისი დიდი ტორიდან ავირიდო, რომელიც მაგიდაზე დაფათურობს.
-ჩემი ცოლი ადრე ლამაზი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ გაგაგიჟოს კაცი. ჭკუითაც არ ბრწყინავდა. აი ზუსტად ისეთი ცოლად რომ უნდა მოიყვანო და ფაქტია ოც წელზე მეტია ჩემი ცოლია.
-რედაქციაში ბევრი გყავთ ლამაზი და ჩერჩეტი ქალები?- ვიცინი გულიანად და აკაკიც სიცილის ხასიათზე დგება.
- უფ, მაგათ მეტი რა არის. ნახევარი მუშაობს, ნახევარი სხვანაირად მუშაობს.
ვუსმენ ამ კაცს და თავი მეზიზღება რომ ქალი ვარ. იმიტომ კი არა, რომ სქესით ვარ ქალი, არამედ იმიტომ რომ ასეთ მხეცებს სწორედ ქალები ვაძლევთ უკუღმა აზროვნების საშუალებას. აკაკისთან შეხვედრამ ჩემი საცოდავი მდგომარეობაც დამანახა. ალბათ ჩემზეც ასე ფიქრობდა ჩემი ქმარი. სულ ასე თუ არა ნაწილობრივ მაინც. შემეცოდა აკაკის ცოლი და შემეცოდა ჩემი თავიც. ტირილი მომინდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. საათს დავხედე, დიდი დრო გასულა გულახდილ საუბრებში. ვშფოთავ...
- ბატონო აკაკი, უკვე გვიანია. ძალიან კარგი დრო გავატარე თქვენთან ერთად, მიხარია არაფორმალურ გარემოში რომ გაგიცანით. (ვატყობ არაფორმალური გარემო მოდაშია რედაქციაში).
- სხვაგან ხომ არ გაგვეგრძელებინა საუბარი? - მთავაზობს აკაკი.
მორცხვად ვხრი თავს, ვეპრანჭები...
-ახლა არა ბატონო აკაკი, მაგისთვის წინ დიდი დრო გვაქვს. თუ რა თქმა უნდა ჩვენი საქმიანი ურთიერთობაც გაგრძელდება. - ამჯერად ჩემს წინადადებას ვუყენებ ჩემს მომავალ რედაქტორს.
-ხო აბა რა, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით - მეთანხმება კაცი და ფეხზე დგება. ბანცალით გადის რესტორნიდან. იქვე გაჩერებულ ტაქსს ვხედავ, აკაკის მძღოლს ვახუტებ და ვუჩინარდები. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ჩემს ჩანაწერს.
სახლის კარებს ფრთხილად ვაღებ. იმედი მიმართლდება. ჩემი ძვირფასი მეუღლე სახლში არაა. ალბათ ნაქირავებ ბინაში ესიყვარულება თავის „კუროს“. გული დაიმედებული აქვს, რომ ცოლი სახლში ტელევიზორს უყურებს და მასზე ნერვიულობს. არადა რომ იცოდეს ამ დროს სად დადის....
ამის გაფიქრებაზე მეცინება. ფეხსაცმელს იქვე ვყრი და ტელეფონში ვიქექები. ჩანაწერი ადგილზეა. ყველა სიტყვა ისმის და გამოსახულებაც გაირჩევა. ჩანაწერს მეხსიერების რამდენიმე ბარათზე ვტვირთავ და გულდამშვიდებული ტელევიზორს ვუჯდები. ტვინი არ მშვიდდება. დაღლილობა თავისას შვება და მეძინება. ჩემი ძვირფასი მეუღლე, რა თქმა უნდა, სახლში არ მოდის.
მეორე დღეს საქმიანი ჩაცმულობით და არანაკლებ საქმიანი გამომეტყველებით ჩემს მომავალ რედაქტორთან მივდივარ. აკაკი არ მელოდა, გაკვირვებული სახე აქვს და კაბინეტს გასაღებით კეტავს. მე მშვიდად ვიკავებ ადგილს მაგიდასთან და ველოდები.
-ასე მალე არ გელოდით ქალბატონო სოფია. - მიღიმის და ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს.
-საქმე არ მოიცდის - სერიოზული სახით ვპასუხობ მე, რასაც მისი გაოცება მოსდევს. - აი ეს ნახე, თუ შეიძლება - მეხსიერების ბარათს ვაძლევ. მექანიკურად მართმევს და კომპიუტერში აერთებს. ყბა ჯერ ძირს უვარდება, მერე გვერდზე ექცევა და სკამიდან იმხელაზე ხტება, მეშინია თავი ჭერს არ მიარტყას.
-შენი დედა მ... მოგკლავ. გაგანადგურებ. დარბის ოთხში და ხმამაღლა ღრიალობს. რედაქცია ალბათ ფეხზე დგას რედაქტორის კაბინეტთან. ეს არ მაღელვებს, ველოდები როდის დაწყნარდება. საბოლოოდ სკამზე ენარცხება.
-რა გინდა? - ისეთი ზიზღით მიყურებს, ტანზე ხორკლები მაყრის.
-ბევრი არაფერი, ყველა ჩემს სტატიას დაბეჭდავ. როცა მომინდება მაშინ გამოვგზავნი და შეფერხება არ ექნება.
-რომ არ ვარგოდეს? - გამოსავალს ეძებს კაცი.
მე მეღიმება.
- ბატონო აკაკი, კომკავშირულ სიტყვას ვდებ, რომ უვარგის სტატიას არ გამოგიგზავნით.
- რომ არ შევასრულო შენი მოთხოვნა?
-ეს ჩანაწერი მთელს ქვეყანაში გავრცელდება. ყველა ტელევიზიის საინფორმაციოს განხილვის თემა გახდება. მე თვითონვე მივუტან თქვენს მეუღლეს. არ მოეწონება თქვენი აზრები. არც თქვენი თანამშრომლები აღფრთოვანდებიან თქვენით, განსაკუთრებით ისინი, ვინც ლამაზები და შტერები არიან.
-მოგკლავ - ცრის კბილებში აკაკი.
-ეგეც გავითვალისწინე - გარეგნულად მშვიდად ვარ, მაგრამ შიგნიდან ვკანკალობ და ვცდილობ არ შემემჩნეს. - მე ერთი თმის ღერიც რომ ჩამომივარდეს, ეს ჩანაწერები თანდართულ წერილთან ერთად დაიგზავნება ყველგან სადაც საჭიროა.
რედაქტორი ეშვება, ლურჯდება და ნაცრისფერდება. ტუჩები უკანკალებს. მეშინია რამე არ მოუვიდეს.
-წადი აქედან და თვალით აღარ დამენახო, ველოდები შენს ნაწერებს.
კმაყოფილი ვარ, ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა.
-ჩანაწერი დაგიტოვოთ? - ვეკითხები კარებთან მისული. აკაკი ბარათს მსვრის.
-წაიღე აქ ვინმემ არ ნახოს.
ბარათი ძირს ვარდება. არ ვიღებ, რაში მჭირდება, კიდევ ბევრი მაქვს. ერთი ინტერნეტში სპეციალურ პროგრამაშია გაშვებული, თუ ყოველ კვირაში არ შევალ და არ გადავავადებ, ჩანაწერი ავტომატურად გაიგზავნება რამდენიმე წინასწარ მითითებულ მისამართზე. ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. ასე რომ მომზადებული ბომბი თავის დაცვის შესანიშნავი საშუალებაა. სახლში გამარჯვებული ვბრუნდები. ჩემდა გასაკვირად არც სინდისის ქეჯვნას ვგრძნობ და არც მეცოდება ბატონი აკაკი. პატიოსნად ეთამაშა და მეც პატიოსნად მოვიქცეოდი.
ამერიკაში წასვლის სამზადისში ბატონ აკაკისთან მივდივარ. იმ ამბების შემდეგ სულ რამდენჯერმე შევხვდი, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად. მის კაბინეტთან ვდგავარ, მოკრძალებულად ვაკაკუნებ და ნებართვის შემდეგ შევდივარ. რედაქტორი თავს მაღლა წევს და გაკვირვებული მიყურებს.
-აბა, ახალი მეხსიერების ბარათით მოხვედი? -მეკითხება დამცინავი სახით. ის რატომ მეცინიკოსება ვერ ვხვდები, მაგრამ მასთან კამათის სურვილი არ მაქვს.
-ამერიკაში მივდივარ. გასაფრთხილებლად მოვედი. ჩვენი თანამშრომლობა ჩვეულებრივ გაგრძელდება - ვამბობ მშვიდი სახით და სავარძელში ვთავსდები.
-მაგას ტელეფონით ვერ მეტყოდი? - მიყურებს სათვალის ზემოდან.
-მინდოდა კიდევ ერთხელ მენახე დიდხნიანი განშორების წინ.
აკაკი თავს მიქნევს. ყველაფერი გასაგებია ორივე მხარისთვის.
მეორე რედაქტორთან მივდივარ. ჩემდა საბედნიეროდ ის ქალია და თან პროფესიონალი. კონკურსით ამიყვანა და ორივე მხარე კმაყოფილი ვართ ამ თანამშრომლობით. სრული მზადყოფნაა ახალი აღმოჩენებისთვის.
ნიუ-იორკში გამთენიას ჩავფრინდი, კენედის სახელობის აეროპორტი საოცრებაა. მაღაზიებით, შოუ-რუმებით, სასტუმროებით და უამმრავი რამით სავსე ეს საოცრება ნამდვილად ჩრდილოეთ ამერიკის დედოფალია. საბაჟო გამშვებ პუნქტზე უპრობლემოდ მატარებენ და მეც ჩემს ჩემოდანს ველოდები. ყველა ეროვნების, ყველა რელიგიის თუ სქესის ადამიანი ირევა აქ. ეს აეროპორტი ზუსტად ისეთივეა, როგორც ეს დიდებული ქალაქი. ქაოსური და მოდური. ყველაფერი ერთმანეთში არეული და ამ დროს დალაგებული.
პირველი აეროპორტული შოკი ფრანკფურთის აეროპორტში მივიღე და მეორე ნიუ იორკში. გერმანიიდან ვბრუნდებოდი. აეროპორტამდე მატარებლით მივედი და მიმღებ დარბაზში საინფორმაციო დახლთან რიგში ჩავდექი. დაახლოებით ათ წუთიანი ლოდინის შემდეგ ჩემი დროც მოვიდა. ჩემი ბილეთი ვაჩვენე და გოგონამ სამი ბილეთი ამომიბეჭდა. გულდასმით დამიწყო ახსნა რომელი ესკალატორიდან რომელზე უნდა გადავმჯდარიყავი, რომელი ლიფტით მესარგებლა და ა.შ. ჩემს თავზე ლიანდაგებზე ელექტრო მატარებლები დაქროდა და მე საათნახევარი აეროპორტში ვმგზავრობდი, რომ როგორმე ჩემს თვითმფრინავამდე მიმეღწია.
ახლაც კენედის აეროპორტში იგივე დამემართა. ხალხის ნაკადს გავყევი და როგორც იქნა კარებთან აღმოვჩნდი. ქარიანი ამინდია. ნიუ იორკი უხასიათოდ მხვდება. შემოდგომაა და ფილმი „შემოდგომა ნიუ იორკში“ მახსენდება. იქნებ მეც შემხვდეს რიჩარდ გირი.
ტაქსების რიგში ვდგავარ, მაგრამ ყველაფერი დასწრებაზეა, როგორც ცხოვრებაში. ჰალსტუხიან და პატარა ჩემოდნიან მამაკაცს წინ ვუხტები და მის გაჩერებულ მანქანაში ჩემოდანს ვტენი. მამაკაცი მიბღვერს, მე ვუღიმი და კარს ვკეტავ. ასეთ ჰალსტუხიან, ბლანჟეიან, ჩემოდნიან მამაკაცს თბილისში „ვიაიპი“ გასასვლელიდან გაიყვანდნენ და ლიმუზინით დახვდებოდნენ. აქ კი ნიუ იორკის აეროპორტში წინ გადავუხტი და ტაქსი წავართვი. მეცინება...
ჩემი სასტუმროს მისამართს ვეუბნები მძღოლს და ფანჯარას ვეწებები. თვალს მჭრის უზარმაზარი შენობები, მათზე აკრული უზარმაზარი მონიტორებით და ჭრელა-ჭრულა ხალხით.
ჩემი სასტუმრო ბრუკლინშია, პატარა ქუჩაზე, საშუალო დონის მომსახურებით და საუზმით. შესასვლელთან არავინ მეგებება. ეს მანჰეტენის სასტუმრო კი არ არის, მანქანის კარები გამიღონ და ჩემოდანი ჩამომართვან.
მიმღებში გოგონა მიღიმის. ჩემს პასპორტს ვაწვდი.
-მის ლიპარტელიანი, მიხარია რომ გვესტუმრეთ. - ენას იმტვრევს ჩემი გვარის გამოთქმაზე გოგონა - აი თქვენი გასაღები. თქვენი ნომერი მეორე სართულზეა. დილის რვა საათზე საუზმე გელოდებათ. მადლობთ ჩვენ რომ აგვირჩიეთ.
გასაღებს ვართმევ და უსიტყვოდ ავდივარ ოთახში. ერთი სული მაქვს როდის გამოვიძინებ. ოცდაოთხ საათიანი მგზავრობის და დროში სხვაობის შემდეგ ლოგინის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ.
დილით არ ვიცი რა დროს მეღვიძება. ნისლიანი ამინდია და ეს სულაც არაა უცხო ამ სეზონისთვის. მე ნიუ იორკში ვარ და ამინდი ხასიათს ვერ გამიფუჭებს. ჩემი ყოფილი ქმარი მახსენდება, ნეტავ რას შვება, ცოლად რომ მოვყავდი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მე ოდესმე მთელ ევროპას, ნახევარ ამერიკას და ნახევარ აზიას მოვივლიდი. ერთი ლამაზი თოჯინა ცოლი ჭირდებოდა, მაგრამ რა მიიღო, ვერც ვერაფერი. ეტყობა ანესთეზიოლოგ საყვარელსაც გადმოუფრქვია თავისი აზრები კარგი ცოლის თაობაზე და არ მოეწონა იმ გოგოს. არ მოეწონებოდა აბა რა. გრძელფეხება, ანგელოზივით ექიმი გოგო მაგ ჭკუაზე იყო დამჯდარიყო სახლში და დალოდებოდა. ამიტომაც ჩვენი განქორწინებიდან მალე მანაც მიატოვა.
სხვათა შორის სასამართლოში ძალიან იბრძოლა ქონების გაყოფაზე. იმდენი ადვოკატი დამახვია თავზე, რომ არა ჩემი გადაღებული ვიდეოები, მშრალზე დავრჩებოდი. აბა ამდენი იმისთვის ვიწვალე რომ ხელები ჯიბეებში ჩამეწყო და ერთი ჩემოდნით წამოვსულიყავი? სად წავსულიყავი? მამაჩემთან? რომელიც ხან დედაჩემს მიგზავნიდა, ხან ჩემს რძალს, ქმართან შერიგებას მოითხოვდა ჩემგან. ჩემი ძმა არ მოსულა. არ ვიცი თვითონ არ მოვიდა თუ არ გამოუგზავნიათ. ძალიან რთული იყო ერთ ბინაში გვეცხოვრა ორ ადამიანს, რომლებსაც სასამართლოში ქონდათ ომი. საბოლოოდ ჩემმა ძვირფასმა ექს მეუღლემ ბინა მიყიდა. ისეთი როგორიც მინდოდა, ჩანთებიც ჩამილაგა და ახალ ბინამდეც მიმაცილა. სულ წითელი იყო, დუღდა ბრაზით. ხმას ვერ იღებდა, რადგან სასამართლოს აღმასრულებელი ედგა თავზე. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, ამოვისუნთქე. უკვე ჩემი სახლის კარებთან მდგარმა გავუღიმე და მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის.
-არ მეგონა ასეთი დედა... თუ იყავი - დაისისინა სადარბაზოში.
-ვიცი, ბოდიში იმედები თუ ვერ გაგიმართლე - ცხვირწინ კარები მივუხურე და მაშინვე საკეტის ხელოსანს დავურეკე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი გასაღების ასლს ჩუმად დაამზადებდა ჩემი ქმარი. არც შევმცდარვარ. ერთი კვირის შემდეგ სახლში დაბრუნებულს კარები ნაწვალები დამხვდა. დავურეკე...
-ჩემო ძვირფასო ექს - ხმის ამოღება არ ვაცადე - ჩემს სახლში რა გესაქმებოდა? - ვა - ბანკზე წავედი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი მის გარდა არავის აინტერესებდა ჩემის სახლი. რომ შესულიყო ნეტავ რა უნდოდა, ეს კითხვა დღემდე მაწუხებს.
-შენ გოგო შ... -აღრიალდა ტელეფონში.
-შენ ვერ შეამჩნიე რომ თავზე პირდაპირ კამერა დაგჩერებოდა? - არადა კამერა არ მაქვს. მანამდე არ გამახსენდა, თუ არა არ იყო ცუდი აზრი.
წამიერი სიჩუმე...
-მაინტერესებდა როგორ იყავი - სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
-მომავალში რომ დაგაინტერესებს, დამირეკე. კლიტე გამოვცვალე და ნუ გამიფუჭებ. მეორედ პოლიციას დაგაყენებ თავზე.
-შენი დედა მ..... .
ამ კაცს აშკარად რეგრესი აქვს განცდილი. ჩემთან რომ იყო ამდენს არ იგინებოდა. ან ცუდ წრეში გაერია, ან მამაჩემის გავლენაა, რომელთანაც დღემდე მშვენიერი ურთიერთობა აქვს. მშობელიც ასეთი უნდა, ჩემმა მამიკომ შვილი გაწირა და სიძე ჩაიხუტა. კაცური სოლიდარობა.
სასტუმროს საუზმით ვსარგებლობ. ნიუ იორკში ყოფნისას დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო. ბროდვეის თეატრის ბილეთის შოვნა წარმოუდგენლად მეჩვენება. ახლა გვერდს ჩავუვლი ამ დიდებულ თეატრებს და მხოლოდ აფიშებით დავკმაყოფილდები.
მიმართლებს და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში შესვლას ვახერხებ. ის მანჰეტენზე ცენტრალური პარკის დასავლეთ კუთხეში მდებარეობს. ბერძნულ ხელოვნების ნიმუშებს ვათვალიერებ, კვიპროსის განყოფილებაში გავდივარ. საათზე მეტი დუჩის ტილოს „მადონა ყრმით“ მივჩერებივარ. მდინარე ჰუძონზე ხიდზე ვდგები და მონეტას ვაგდებ. იმედია კიდევ ბევრჯერ მოვხვდები ამ დიდებულ ქალაქში. მაგრამ ამ ქაოსში ალბათ ვერ ვიცხოვრებ.
ყველაზე ძალიან რაც მომწონს, ამ ქალაქში, ცენტრალური პარკია. ბევრ ფილმსა თუ წიგნში შემხვედრია ეს ადგილი და ყოველთვის აღფრთოვანებული დავრჩენილვარ. გაკვირვებული და გაოცებული ვიყავი, როგორ მოახერხა ამ ხალხმა, ზუსტად ცენტრში, ამხელა მწვანე ზონა შეენარჩუნებინა. თბილისივით, სადაც კი ორი კვადრატი ნახეს ყველგან რკინის და ქვის კონსტრუქცია კი არ ჩადგეს. პარკის შესასვლელში ველოსიპედს ვქირაობ და ბილიკს ნელა მივუყვები. პატარა მწვანე ტბასთან ვჯდები და სივრცეს ვუყურებ. გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი ზის და სურათებს იღებს. მეც მინდა ფოტოს გადაღება ტბის ფონზე. ეს მშვენიერი გზაა გამოსალაპარაკებლად. თანაც უკვე ნაცადი, თუმცა მაშინ სხვამ სცადა ჩემზე და გაამართლა.
-შეიძლება გადამიღოთ? ვეკითხები ღიმილით და ტელეფონზე ვანიშნებ.
-რა თქმა უნდა, მპასუხობს და ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯს დგამს. ტელეფონს მართმევს და ფოტოს მიღებს.
-ტურისტი? - ინტერესდება მამაკაცი. პირველი კომუნიკაცია შედგა.
-დიახ საქართველოდან.
-Georgia? - ალბათ ჯორჯიის შტატიდან ვგონივარ. ეს უკვე მერამდენედ მემართება. იმედი მაქვს, რომ მივახვედრებ საიდან ვარ.
-არა საქართველოდან, კავკასიიდან.
ჩემდა გასაკვირად ბიჭს ეღიმება.
-მე ნამყოფი ვარ საქართველოში. მაიკლ სოტენი - მეცნობა ახალგაზრდა და ხელს მართმევს.
-სოფია ლიპარტელიანი - ხელს ვაგებებ მეც - საქართველოში იყავი?
-სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, მაგრამ კახეთი ყველაზე ძალიან მომეწონა. „გაუმარჯოს“ - იძახის ქართულად მაიკლი და ყანწის დალევის იმიტაციას აკეთებს. ინსტიქტურად სიმწრით მეცინება. აი სადამდე დავიდა ჩვენი ქართველობა და კულტურა. მსოფლიო გვიცნობს ყანწით, სმით და არა ღვინით, არა გელათით, იყალთოთი და ალავერდით.
არასდროს მომწონდა ქართული გადაგვარებული ტრადიციები. დაუსრულებელი სუფრა, რომელზეც თამადა ბოლოს სადღეგრძელოს ვეღარ იგონებს და ამიტომ მეხუთედ სვამს დიასახლისების სადღეგრძელოს. იმ დიასახლისის, რომელიც დილიდან ფეხზე დგას, სახე ეწვის ქურასთან დგომოთ და საჭმლის კეთებით. ახლაც ძალდატანებული ღიმილით იხდის მადლობას. ერთი სული აქვს როდის აალაგებს ამ სუფრას. როდის გახდის ტანსაცმელს ღვინისგან გაბერილ ქმარს და მიათრევს საწოლამდე. ვინ ჩამოიყვანა ეს ბიჭი ჩვენს ლამაზ ქვეყანაში, ყანწის გარდა რომ არაფერი ანახა.
მოსაღამოვდა. მშია.
-მაიკლ, სად შეიძლება გემრიელი ვახშმობა? - ვეკითხები ბიჭს.
-ქართველები სულ ხორცს ჭამთ - აი კიდევ ერთ გაუბედურებულ აზრს აფრქვევს მაიკლი - აქვე ახლოს გემრიელი ბურგერით წავიხემსოთ და მერე ერთ ადგილზე წაგიყვან. - მთავაზობს მასპინძელი.
ასეთ ვახშამზე უცხოელს, ყაზახ ძალიან სიმპატიურ წვრილთვალება ბიჭს გერმანიაში ლამის დავთანხმდი. ფრანკფურტში წიგნების ბაზრობა იმართებოდა. ეს მსოფლიო დონის მოვლენა არ მინდოდა გამომეტოვებინა. ათასობით გამომცემელი, მწერალი, ჟურნალისტი და კიდევ უამრავი ადამიანი იყრის თავს წიგნების ამ დღესასწაულზე. მაშინ ჯერ კიდევ ქმრიანი ქალი ვიყავი და ჩემს ქმარს წარმოდგენა არ ქონდა ჩემს საქმიანობაზე. ის დრო იყო ხალათით რომ მტოვებდა და ასეთივე ვხვდებოდი. ჩემს რედაქტორს ბატონ აკაკის ბილეთიც ვაყიდინე, სასტუმროც დავაჯავშნინე და აკრედიტაციაც გავამზადებინე. მთავარი პრობლემა ქმარი იყო. მაშინ უკვე ვიცოდი რომ ჩემი ძვირფასი მეუღლე გრძელფეხება ანესთეზიოლოგს ხვდებოდა, მაგრამ ჯერ არც სასამართლო მქონდა დაწყებული და არც ჩანაწერი გაკეთებული.
გამგზავრებამდე რამდენიმე დღე ჩემს მეორე ნახევარს თავწაკრული, თმაგაწეწილი და ხალათ შემოხვეული ვხვდებოდი. ცუდად ვარ, თავი მტკივა ძალიან-თქო. არც სადილ-ვახშამზე მიზრუნია და არც მისი ტანსაცმლის დაუთოვებაზე. ბოლოს როგორც იქნა შეამჩნია ცვლილება სახლში და ჩემი ამბითაც დაინტერესდა. დეპრესია მაქვს-თქო გამოვუცხადე. მზრუნველად მკითხა, რა გიშველისო. ზღვაზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, ამიტომ არ გაკვირვებია ზღვაზე წასვლა რომ მოვინდომე. ისე ყოველი შემთხვევისთვის შევთავაზე წამომყოლოდა, მაგრამ უუუმძიმესი პაციენტი მყავსო. მე კი ვიცოდი მის უმძიმეს პაციენტს გრძელფეხება ანესთეზიოლოგი ერქვა. ასე აღმოვჩნდი კვარიათში გამგზავრებული ქალი ფრანკფურტში. წიგნების ბაზრობა საოცრება იყო, რომლის მსგავსი არც მენახა და არც წარმომედგინა. დავდიოდი უზარმაზარ დარბაზებში, ვესაუბრებოდი ხალხს, ვხედავდი უამრავ წიგნს და ყველას სახლში წამოღება მინდოდა. ბევრი წამოვიღე კიდეც მაგრამ იმის ალბათ მხოლოდ 0,0001% რაც იქ იყო. გამოფენის მესამე საღამოს გაბრუებული და უკვე დაღლილი ქალაქში გავბორიალდი. უნდა მენახა ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მიწასთან გაასწორეს. გაანადგურეს და ორი გერმანიის შეერთების შემდეგს ევროპის ფინანსური ცენტრი გახდა. თავბრუდამხვევი მოძრაობა. უზარმაზარი შენობები, რომელთა წვერები ნისლში იკარგება და მათთან შერწყმული შილერის და გოეთეს ძეგლები პატარა მოედნებით, სასწაული იყო. ვიდექი შილერის ძეგლთან და მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარ მინებიან შენობას მივჩერებოდი, საიდანაც ისევ წიგნები მიქნევდნენ ხელს, თვალს მიკრავდნენ, შემოიარეო. ცდუნებას ვერ გავუძელი, მისკენ დავიძარი და აღმოვჩნდი ბიბლიოთეკაში.
ესკალატორზე შევდექი და გაოცებისგან პირდაღებული თვალს ვერ ვაშორებდი სხვადასხვა ზონებად დაყოფილ შენობას. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა რბილ მატრასზე წამოწოლილმა უცნობმა ხელი დამიქნია. უკან მივიხედე, არავინ იდგა. „მე?“ ხელი მკერდზე მივიდე და კითხვა დავსვი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულიც კარგად მესმოდა, უცნობის სახის გამო ინგლისური ვამჯობინე. „დიახ“ თავი დამიქნია უცნობმა და ნიკონის პროფესიონალური ფოტო აპარატი მომაწოდა. გასაგებია, ამ იდეალურ მოსასვენებელ სივრცეში სურათი უნდა გადამეღო მისთვის. წვრილ შავ თვალებს ულამაზესი გრძელი წამწამები ამშვენებდა, რაც ჰარმონიულად ერწყმოდა აწეულ ყვრიმალებს, პატარა ცხვირს და სქელ ტუჩებს. თვალები ტუჩებზე გამიშტერდა. უცნობმა ჩემი მზერა შეამჩნია და გაეღიმა. ხმის ამოუღებლად ვუღებდი სურათებს, ის კი ჩემს წინ პოზიორობდა, რაც საშუალებას მაძლევდა კარგად დამეთვალიერებინა.
-გერმანელი ხარ? - მკითხა ინგლისურად.
-არა ქართველი - გავუღიმე რაც შემეძლო მომხიბვლელად. ჩემი თავი კეკლუცობაში დავიჭირე. შევცბი. მე ხომ გათხოვილი ქალი ვარ, ექიმი ქმარი სახლში მელოდება, რას ვაკეთებ.
-მე ყაზახეთიდან ვარ - გამიღიმა უცნობმა და ხელი გამომიწოდა. ვაუ, საინტერესოა, შუა აზიელები ყველა ასეთი ლამაზები არიან ნეტავ? - ხვალ უკან ვბრუნდები, დღეს საღამოს ვარ მხოლოდ თავისუფალი და ქალაქს ვათვალიერებ.
უცნობმა თეთრი ძლიერი ულამაზესი კბილები გამოაჩინა. მე კი სრული შოკი მივიღე. ალბათ ცხენის რძის დამსახურებაა, გავიფიქრე. გამიგია, რომ მათ რაციონში ცხენის რძე ისეთივე ყოველდღიურობაა, როგორც ჩვენთან ძროხის.
-გავისეირნოთ? - გამომიყვანა ფიქრებიდან ბიჭმა.
-დიახ, დავეთანხმე სასწრაფოდ და უკან ავედევნე.
-გერმანელი მეგონე, იცი გერმანული? - მკითხა და ისევ გამოაჩინა კბილები.
-დიახ, თავი დავუქნიე სასწრაფოდ. ცხოვრებაში პირველად ვერ ვაწყობდი დიალოგს და ძალიან ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე. შუქნიშანთან მანქანები გაჩერდნენ.
-Schnell, schnell (სწრაფად) - დავუძახე ბიჭს და მაჯაზე ხელი წავავლე. გამომედევნა.
-Schnell? - მკითხა გაკვირვებულმა.
-Ya, schnell - გავუღიმე ისევ და გავიქეცი.
-Langsam – (ნელა) - გავუღიმე მე და ზლაზვნით დავიწყე სიარული.
-გასაგებია - მითხრა ბიჭმა და ისევ გამოაჩინა თავისი ულამაზესი 32 კბილი. დარწმუნებული ვარ 32 ქონდა ან შეიძლება მეტი. კომუნიკაცია შედგა. ჩემი მდგომარეობა კი ნელ-ნელა მძიმდებოდა, ვხვდებოდი როგორ ვიხიბლებოდი უცნობით და ვეკეკლუცებოდი მას. ისიც ასევე მპასუხობდა. სასიამოვნო გრძნობა იყო, რომ ვიღაცისთვის ისევ მომხიბვლელი ვიყავი. „Schnell“ და „langsam“-ის ძახებით შემოვირბინეთ ფრანკფურტის ცენტრი.
-ვივახშმოთ? - მომიბრუნდა აზიელი. ეს ცუდი აზრი იყო. თუ ვახშამს ცოტა ალკოჰოლს დავაყოლებდი, დილას უცნობის მკლავებში გავიღვიძებდი.
-მადლობაა, არ მშია, უნდა წავიდე. - ვუპასუხე სწრაფად და დასამშვიდობებლად მოვემზადე. იმის ღირსი ნამდვილად იყო, მადლობა გადამეხადა სასიამოვნო საღამოსთვის.
- იქნებ ჩემი სასტუმროს რესტორანში გვევახშმა, აქვე ახლოსაა - შემომთავაზა ყაზახმა. ეს უკვე ბოლო წერტილი იყო, არც კი დავმშვიდობებივარ, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ტაქსის გაჩერებისკენ. მანქანაში ჩავხტი და ჩემი მისამართი ვუკარნახე.
მთელი ღამე არ მიძინია. მთელი ღამე აივნიდან გავცქეროდი განათებულ ფრანკფურტს და ჩემს უკვე ჩამოშლილ ოჯახურ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ლამაზი შუა აზიელის გაცნობამდეც ვხვდებოდი, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთი მთლიანის ორი ნაწილი არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ამას არასდროს ვაღიარებდი. იმ ღამეს კი ევროპის ცენტრში მყოფი მომხიბვლელ აზიელზე ვფიქრობდი და ვხვდებოდი, რომ ის ისე ძალიან მინდოდა, როგორც არასდროს მდომებია ჩემი ქმარი.
თბილისში ჩასულმა ჩემი შავბნელი ფიქრები თავიდან მოვიშორე.
შუაგულ ნიუ იორკში მყოფი იგივე შეცდომის დაშვებას აღარ ვაპირებდი. მომხიბვლელი ამერიკელი ჩქარი ნაბიჯით, ხელჩაკიდებული მიმარბენინებდა მეხუთე ავენიუზე და უკან დახევას ან ტემპის დაგდებას არ ვაპირებდი.
მოულოდნელად კუთხეში შეუხვია და მიწისქვეშა ჩასასვლელისკენ დაიძრა. ერთი წამით შევდექი, უსიამოვნო ტალღამ დამიარა სხეულში.
-სად მივდივართ? - ვკითხე შეშფოთებული სახით.
-აქ საუკეთესო „სტეიკს“ ამზადებენ. ამერიკიდან ისე არ უნდა წახვიდე, რომ არ გასინჯო. - გამიღიმა და ის შუა აზიელი გამახსენდა, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი და რომელიც ჩემს უდიდეს სურვილად დარჩა.
წინ წითელი აბრა აბრჭყვიალდა და მეც გულზე მომეშვა. ჩემი თანამგზავრი შინაურულად მიესალმა მასპინძელს და რაღაც გადაუჩურჩულა. „სტეიკი“ მართლაც ამერიკული, სისხლიანი და ისეთი აღმოჩნდა, ქართველები რომ ვამბობთ, თითები მივაყოლეო.
-დავლიოთ? - მეკითხება მაიკლი.
-დავლიოთ - ვპასუხობ ენთუზიაზმით თუმცა მაშინვე მახსენდება რომ საშინელი ნაბახუსევი მელოდება. ნაბახუსევზე კი ჩემი ყოფილი ქმარი და მამაჩემი მიდგება თვალწინ. დაბრუშებული სახით და შუბლზე მიდებული ბორჯომის ბოთლით გამოდიოდა ხოლმე მამაჩემი სამზარეულოში. სკამზე დაასკდებოდა, დედა კი მაშინვე ცხელ წვნიანს უდებდა წინ. ბავშვობაში მიკვირდა, დედას როგორ ქონდა ხოლმე მუდმივად ცხელი წვნიანი მზად და მამას საიდან ქონდა ბორჯომი. რომ წამოვიზარდე მივხვდი, დედაჩემი ზრუნავდა ორივეზე ქმრის გაღვიძებამდე, არ იზრუნებდა და .... ჯობდა ეზრუნა.
ჩემი ყოფილი ქმარი მთლად ამდენს არ ითხოვდა. ცხელი ყავაც ყოფნიდა და გამაყუჩებლითაც კმაყოფილდებოდა. მათ გახსენებაზე გამაჟრჟოლა, მაგრამ ჩემს თანამგზავრს რომ არ შეემჩნია, გავუღიმე.
-ღვინო თუ ვისკი? - მკითხა მაიკლმა - ქართველებს ჭაჭა გიყვართ.
-ღმერთო ჩემო, შენ ალკოჰოლის გარდა არაფერი გაჩვენეს ქართველებმა? - ჩემს აღშფოთებას უკვე ვეღარ ვმალავ. პატრიოტიზმი თავის ადგილზე დგას.
-კი როგორ არა, - მიღიმის ამერიკელი თავისი ბრწყინვალე კბილებით - ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი.
-ღმერთო ჩემო, - იმხელა ხმაზე ვიყვირე, მცირე დარბაზში მსხდომმა ყველა სტუმარმა მე შემომხედა - გელათი, ალავერდი, მცხეთა, მესტია. არ გაგიგონია?
მაიკლი მთელს ხმაზე ხარხარებს. ზუსტად მიხვდა ჩემი აღშფოთების მიზეზს და თავის შეკავება არც კი უცდია.
-ვიცი, ვიცი - მოითქვა სული და ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დალია - რუსთაველიც, მეტეხიც, ბათუმიც ყაზბეგიც. კიდევ გავაგრძელო?
-კი- მექანიკურად დავუქნიე თავი.
- თქვენი დამწერლობა უნიკალურია, ერთადერთია, რომელსაც ამბობდა წერ. საოცრებაა მცხეთის ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და უფლისციხე.
ცოტა კი უჭირს სიტყვების თქმა ჩემს თანამგზავრს, მაგრამ არ ვუსწორებ. საინტერესო ისტორიული ექსკურსი მასპინძელმა შეგვაწყვეტინა.
ვისკმა ყელი ჩამითბო. პირველი ჭიქის შემდეგ ბოთლი დავიდგით მაგიდაზე. გემრიელმა საჭმელმა და ალკოჰოლმა თავისი ქნა. თვალებიდან ნაპერწკლებს ვაფრქვევდი და არც ჩემი პარტნიორი იყო ნაკლებ დღეში.
-წამოხვალ ჩემთან? - ვკითხე გაუბედავად.
-ტაქსს გავაჩერებ - წამოხტა ფეხზე მაიკლი. ფული მაგიდაზე დაყარა და სირბილით გამიყვანა გზაზე.
დილით მზის სხივმა გამაღვიძა. ფარდები გადაწეული იყო და შემოდგომის თბილი დღე თენდებოდა. თვალების გახელამდე წინა ღამე გამახსენდა და ტკბილად გამეღიმა. საწოლში მარტო ვიწექი, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, ჩვენ ხომ ცხოვრებაში მეტჯერ შეხვედრას მაინც აღარ ვაპირებდით. გვერდი ვიცვალე და თვალი გავახილე. ტუმბოზე ჭიქა წყალი, წამალი და პატარა ფურცელი ეწყო. გამეღიმა. ჩემს ქმართან რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ დამხვედრია ტუმბოზე არაფერი, თუ არ ჩავთვლით ზოგჯერ ჭუჭყიან ტანსაცმელს. ფურცელს დავწვდი, ჩემდა გასაკვირად ნაბახუსევი არ მაწუხებდა.
„ეს ჩემი ნომერია, დამირეკე, ოდესმე იქნებ საქართველოშიც გესტუმრო. მაიკლი“ ეწერა ქაღალდზე. ფურცელი მოვკუჭე და საწოლიდან პირდაპირ ვისროლე, სად დავარდა არ ვიცი. ძებნას არ ვაპირებდი. საუზმე მინდოდა და მერე გზის გაგრძელებაზე უნდა მეზრუნა. ალიასკაზე ფრენა კვირაში ერთხელაა. ჯუნოში ალბათ ბევრი ხალხი არ დაფრინავს. ხვალინდელ რეისზე ბილეთი თუ არ ავიღე ერთი კვირა კიდევ აქ მომიწევს დარჩენა. ნიუ იორკს ერთ კვირაში კი არა ერთ წელშიც ვერ ამოვწურავ. სასტუმროს პირველ სართულზე ჩავდივარ და სასადილო ოთახში ცარიელს მაგიდას ვირჩევ. ერთ ჭიქა ყავას ვიღებ და ტელეფონში ვძვრები. სოციალურ ქსელში უნდა ავტვირთო ჩემი ფოტოები. მე საერთოდ არ მაღელვებს რამდენ „ლაიქს“ აიღებს ჩემი სურათები, ან რამდენ კომენტარს დამიწერენ დაბოღმილი ადამიანები. სოციალურ ქსელში აქტიურობა აუცილებელია დღევანდელ ცხოვრებაში. თუ ახალ ფოტოს არ დებ, ახალ პოსტს არ წერ, თან ისეთს ნახევრად გაურკვეველია როა, ნახევრად ფილოსოფიური და მწარე, საინტერესო აღარ ხარ. ხოდა თუ საინტერესო არ ხარ, არც სამუშაო გაქ, არც ფული და საერთოდ იძირები.
ჩემი რძლის კომენტარი ახალი ფოტოს ატვირთვისთანავე ჩნდება. „ჩემი საყვარელი მულიიიი“. მინდა ვკითხო, როდის შეგიყვარდი-თქო, მაგრამ ასეთები არ შეიძლება. მეც გულებს ვუგზავნი.
კიდევ რამდენიმე ჩასაფრებული დაბოღმილი მეგობარი მიკომენტარებს. ისეთები რომელთაც ცხოვრებაში ფეხი არ გაუდგამთ საქართველოს კი არა თბილისს გარეთაც კი. არადა თავი მოაქვთ თითქოს წელიწადში სამჯერ დადიან ევროპა-ამერიკაში.
პირველად ეიფელის კოშკთან გადაღებული სურათი რომ ავტვირთე სოციალურ ქსელში, ერთმა ისეთმა ნაცნობმა დამირეკა, ჩემი არსებობა ალბათ აღარც რომ ახსოვდა. ჩვენი დიალოგი ზუსტად ასე შედგა:
-სოფია საყვარელო როგორ ხარ?
-კარგად შენ? - ვკითხულობ ზერელედ.
-მეც კარგად. სად ხარ?
-საფრანგეთში - ვპასუხობ ისევ მოკლედ. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ფოტო აქვს ნანახი და იმიტომ მირეკავს.
-შეგიძლია ვიდეო თვალი ჩართო და ეიფელი დამანახო? მომენატრა. - ამბობს ნოსტალგიით შეპყრობილი ხმით. არა ვერ დავმალავ, ნამყოფი ნამდვილად არის პარიზში, მაგრამ ასეთი შეყვარება როდის მოასწრო, რომ ლამის ცრემლი გადმოცვივდა, არ ვიცი. ან ამ მონატრებას მაინცდამაინც ჩემი ვიდეო ზარით იკმაყოფილებს? გულს არ ვწყვეტ და კამერას ვრთავ. ჯერ მე ვჩანვარ, მერე კი ისეთ კუთხეს ვარჩევ, რომ ეიფელის წვერი მაინც გამოჩნდეს.
-არ არსებობს, მართლა მანდ ხარ? - კივის მთელ ხმაზე.
- ხო აბა. ხომ არ მოგატყუებდი. - ნაწყენი ვარ.
- მარტო ხარ? (ქმარს ახალი გაშორებული ვარ), არადა პარიზი სიყვარულის და შეყვარებულების ქალაქია.
-დიახ - ვპასუხობ მოკლედ.
-კარგი, კარგი უნდა გავიქცე - მემშვიდობება ნაჩქარევად და ტელეფონს თიშავს. ზუსტად ვიცი, იმისთვის დამირეკა, რომ გადავემოწმებინე, ის ფოტო ნამდვილი იყო თუ „ფოტოშოფი“.
სხვათა შორის პარიზში არა ეიფელისთვის, არამეს ლუვრისთვის წავედი. იქ და ვინჩი უნდა მენახა. გენიოსი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ამოხსნეს და ალბათ ვერც ამოხსნიან. კაცი, რომლის მსგავსი არ დაბადებულა დედამიწაზე და კიდევ დიდხანს არ დაიბადება. ჩემი ექს მეუღლე ყოველთვის დაცინვით საუბრობდა ჩემი და ვინჩისადმი სიყვარულზე. თავიდან ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა, საბოლოოდ მივხვდი, ამით მე უნდა დავემცირებინე. ყველაფერი ცუდი იყო, რაც მე მომწონდა. რასაც მე ვაკეთებდი. ეს მარტო და ვინჩს კი არა, ყველაფერს ეხებოდა, პროფესიიდან დაწყებული, უბრალო კალმით დამთავრებული. სანამ მისი ცოლი ვიყავი საკუთარი მანქანა არ მყავდა, რადგან ის თვლიდა, რომ მე მის მართვას ვერ ვისწავლიდი. ამისთვის პრაქტიკული ჭკუა არ მეყოფოდა. ამას ხმამაღლა აფიქსირებდა და მამაჩემიც ღიმილით უდასტურებდა. „ყველა ქალი მძღოლის დედ მ....“ დააყოლებდა ბოლოს.
როგორც კი განვქორწინდი, პირველ რიგში მანქანა შევიძინე და იმდენი ვუტრიალე გასაღები მამაჩემს ცხვირწინ, სანამ ფანჯრიდან არ მოისროლა. მერე რა, არაუშავს, სათადარიგო უკვე ჩანთაში მედო.
ლუვრში შესასვლელად ორ საათზე მეტი ვიდექი რიგში. მერე მონა ლიზასთან ამაზე მეტი, მაგრამ ღირდა. იმ დღის შემდეგ სამჯერ ვნახე მონა ლიზა და საიდუმლო სერობა, კიდევ იმდენჯერ ვნახავ, რამდენჯერაც ამ ქალაქში მოვხვდები.
უტქიაგვიკისკენ მიმავალ გზაზე, ნიუ იორკში ბრუკლინის ხიდზე ვდგავარ და ისევ სურათებს ვიღებ. თან ვტვირთავ სოციალურ ქსელში და თან თვალს ვადევნებ „ლაიქებს“. ჩამთრევია - ვაღიარებ. ფრენა ხვალ დილით მაქვს. ალიასკაზე მალე პოლარული ღამეები დაიწყება. ჯერ კიდევ არ გამიცია პასუხი კითხვაზე, რა მინდა იმ დასაკარგავში. არც საკუთარი თავისთვის მიპასუხია. იდეაში ისეთი სტატია უნდა გამოვაცხო, რომ წლის საუკეთესო ჟურნალისტის კონკურსი მოვიგო. ეს ძალიან რთულია, ურთულესი. უტქიაგვიკი იმიტომ ავირჩიე, რომ მასზე ინტერნეტშიც კი ცოტა ინფორმაცია იძებნება, არათუ სტატიები მის შესახებ. სიცივეზე და ყინვაზე ნამდვილად არ ვგიჟდები. პირიქით არ მიყვარს, ან უარესი, ვერ ვიტან. მე სიცხის, მზის, ზღვის მოყვარული ქალი ვარ და მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ, სადმე თბილ ადგილზე ვიცხოვრო. ეს ერთხელ უკვე მოვახერხე და კვიპროსში თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე. მანამდე ამ ქვეყანაზე ბევრი არაფერი გამეგონა. ეს ის დრო იყო, ქუთაისის აეროპორტი რომ გაიხსნა და ჩვენც გამარტივებული წესით შევდიოდით ევროპაში. რაღაც სიახლეს ვეძებდი და ბილეთების ფასებს ვათვალიერებდი. ქუთაისი - ლარნაკა 15 ევრო, აპრილის დასაწყისში. ეს ჩემი ჯიბისთვის თითქმის არაფერი იყო. ორი კვირით დავჯავშნე სასტუმრო და თავქუდმოგლეჯილი ჩავბარგდი.
კვიპროსში დილით ჩავფრინდი. თვითმფრინავმა დაშვება რომ დაიწყო, ასე მეგონა ზღვაზე ჯდებოდა. ხმელთაშუა ზღვა ცისფერი, გამჭვირვალე და ისეთი სუფთაა ფსკერს დაინახავ. მეგონა თვითმფრინავი წყალს შეასკდებოდა და ასაფრენ ბილიკზე აღმოვჩნდი. ლარნაკა საპორტო ქალაქი უფროა, ვიდრე საკურორტო. ამიტომ იქ გაჩერება არც მიფიქრია. გეზი პირდაპირ პაფოსისკენ ავიღე. ჩემი სასტუმრო პირდაპირ ზღვისპირზე იყო. ჩემოდანი დავაგდე თუ არა მაშინვე ზღვაზე გავიქეცი და ავშიშხინდი. თბილი, წყნარი, საოცარი წყალი და ძალიან მცხუნვარე მზე, აპრილის მიუხედავად.
საღამოს ქალაქში გასეირნების დროს მივხვდი რატომ მოდიოდა ამ ქვეყანაში ყველა რჯულის, სქესის, ორიენტაციის და კიდევ ვინ იცის როგორი ადამიანი. შევხვდი გოგონებს, რომლებიც ქუჩაში მოურიდებლად კოცნიდნენ ერთმანეთს. სავაჭრო ცენტრში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი კაცი მშვიდად არჩევდა ქუდს, მაგრამ ეს არავის უკვირდა. შავ ბურკებში გამოწყობილი ქალებიც მშვიდად დასეირნობდნენ. მათ გვერდით კი შორტებიანი მამაკაცები მისდევდნენ. ვცდილობდი მიმტანიდან დაწყებული გამყიდველით დამთავრებული ყველას გამოვლაპარაკებოდი. ამ ქვეყანაზე რაც შეიძლება ბევრი მინდოდა გამეგო. ორი კვირა დავსეირნობდა ქალაქში და ჩემი აღფრთოვანება არ ნელდებოდა. პირიქით უფრო ვივსებოდი. აქვე გავამხელ რომ მუდმივ საცხოვრებლად ეს ქვეყანა ავირჩიე და ჯერ არ შემცვლია აზრი. გადავცვალე ბილეთი და კიდევ ერთი თვით ვაპირებდი დარჩენას მაგრამ ამდენს ჩემი ჯიბით ნამდვილად ვერ გავწვდებოდი. ყველა ზღვისპირა ქალაქის მსგავსად, აქაც ქუჩები ზღვის პარალელურია. პაფოსი თანდათან მაღლდება, ამიტომ ჩემს ამჯერად მოკრძალებულ ახალ ბინამდე საკმაოდ დიდი აღმართი უნდა ამევლო. ამას არ დაგიდევდით, მაგრამ მეორე პრობლემას გადავაწყდი. ესაა ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. ყველა სრულწლოვანი საკუთარი მანქანით გადაადგილდება. ტურისტებისთვის სანაპიროზე ავტობუსები დადის. ჩემს სახლამდე მე ფეხით უნდა მევლო.
მოსაღამოვდებოდა თუ არა ქალაქის ტემპერატურა 1000 აღწევდა. კლუბები, რესტორნები, გართობის ცენტრები, რაც გინდა და რისი ფანტაზიაც გაქვს, ან არ გაქვს. ერთ საღამოს დაღლილმა გადავწყვიტე წყნარი ადგილი მეპოვნა და მშვიდად მევახშმა. სანამ მე ვახშამს შევექცეოდი, მომხიბვლელი ფერადკანიანი მამაკაცი მაგიდაზე შეხტა და ცეკვა დაიწყო. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ჩემს გარდა გაოცებულ სახიანი ვერავინ დავინახე. პირიქით, გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ასაკოვანმა ქალმა ევროები ამოიღო და მოკლე შარვალში ჩაუტენა. მაშინ მივხვდი სადაც ვიყავი. მეც ლუდი შევუკვეთე და მოვლენების განვითარებას დაველოდე. ფერადკანიანს ქერა ყმაწვილი მიყვა. არასდროს ვყოფილვარ მამაკაცების სტრიპტიზ კლუბში და სიამოვნებით ვუყურებდი ულამაზეს სხეულებს და თან ვფიქრობდი, ახლა მამაჩემს ან ჩემს ყოფილ მეუღლეს დავენახე.
პაფოსში ცხოვრების ერთ თვიანი სტაჟი მქონდა უკვე, რომ ვიფიქრე, იქნებ რამე სამუშაო მენახა და ორი თვე კიდევ დავრჩენილიყავი. მაისის შუა რიცხვები იყო, ის პერიოდი, როცა საზღვაო სეზონი სტარტს იღებდა და მუშახელს ეძებდნენ. სანაპიროზე სუვენირების მაღაზიაში გამყიდველის ვაკანსია ვნახე. ქართველი ვარ-თქო რომ ვუთხარი, არ გაკვირვებიათ. ადრეც მუშაობდნენ აქ ქართველებიო. არ მოეწონათ ბერძნულად რომ არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ჩემმა ინგლისურმა, გერმანულმა და დამტვრეულმა რუსულმა თავისი ქნა. ამიყვანეს სამსახურში. დილის 8 საათიდან დღის 4 საათამდე ვმუშაობდი. 800 ევროს ვიღებდი და ჩემთვის ეს დიდი ფული იყო. ბინის ქირაზეც მყოფნიდა და სახარჯო ფულადაც. როგორ არ მეყოფოდა, როცა ხორცში 4 ევროს ვაძლევდი, პურში 50 ცენტს და რძეში 70 ცენტს. დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ. საღამოს თავისუფალი დროც ბევრი მქონდა.
სამსახურში მომხმარებელს ვუღიმოდი და ვცდილობდი კვიპროსის დროშიანი სულელური მარაო შემეტენა, როცა ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ცისფერთვალება, რუჯმოკიდებული მამაკაცი იდგა და თვალმოუშორებლად მიყურებდა. როგორც იქნა გავისტუმრე მომაბეზრებელი ინგლისელი წყვილი და მამაკაცისკენ გადავინაცვლე. ისიც ტურისტი მეგონა და რამდენადაც შემეძლო გავიკრიჭე. თან საათს დავჩერებოდი, როდის დამთავრდებოდა ჩემი მუშაობის დრო. ის საქართველო არაა, ზედმეტი გამუშაონ. თუ გინდა იმუშავე და დამატებით გადაგიხდიან. მაგრამ მე ჩემი ხელფასიც მყოფნიდა და ერთი სული მქონდა, ზღვაზე როდის გავიქცეოდი.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ვკითხე მამაკაცს და შევათვალიერე.
- ჯერ ვერ დამეხმარები. სამუშაო საათები არ დაგმთავრებია.
-ბატონო? - მეგონა სწორად ვერ გავიგე რას მეუბნებოდა.
- ველოდები როდის დაამთავრებ სამუშაოს, რომ სადილზე წავიდეთ.
გამეცინა. რაც აქ ვარ რამდენიმემ უკვე სცადა გამომლაპარაკებოდა, განსაკუთრებით მაშინ როცა სასტუმროში ვცხოვრობდი და უბრალო ტურისტი ვიყავი. ყველა ზრდილობიანად მოვიშორე. არ ვიყავი ფლირტაობის და მსუბუქი რომანების ხასიათზე. ეს ყმაწვილი მომეწონა. ადგილობრივს არ გავდა, ისინი მუქი ფერის არიან, შერეული სისხლი აქვთ. ვინც კი ამ პატარა კუნძულს გადაუარა, ყველამ თავისი კვალი დატოვა. ინგლისელებით დაწყებული თურქებით და სირიელებით დამთავრებული. ქართველებსაც კი დაგვიტოვებია ჩვენი კვალი. იალიას დიდებული მონასტერი ახლაც თავს იწონებს კვიპროსში. საბერძნეთისკენ მიმავალ გზაზე, ქართველებს აქ შემოუვლიათ და თავისი ტაძარი დაუარსებიათ. ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ტაქსი დავიქირავე და მის სანახავად წავედი. რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ არქეოლოგებს. წარმომიდგენია იმ გორის ქვეშ რამდენი საიდუმლო ინახება.
ჩემი სამუშაო დრო დამთავრდა. ჩანთა ავიღე და უცნობს გავუღიმე.
-კონსტანტინე - გამეცნო ქერათმიანი და დაძარღვული ძლიერი ხელი გამომიწოდა. მეც ჩემი თხელი თითები შევაგებე.
-სოფია.
-აქეთ წამობრძანდით ქალბატონო სოფია, გემრიელ „გიროზე“ გეპატიჟებით. მიირთმევთ?
-სიამოვნებით, - ვუპასუხე მეც და ხმის ამოუღებლად გავყევი გვერდით. მალევე ქოლგებთან გაჩერდა და ორი გირო შეუკვეთა. ხელით მანიშნა იქვე მდგარ მაგიდაზე და თვითონაც დაჯდა.
-რატომ დამპატიჟე? - საუბრის ინიციატივას ვიღებ ხელში.
-უცხოელი ხარ, ლამაზი და უკარება, დამაინტერესე.
მეღიმება.
-შენ რა იცი რომ უკარება ვარ?
-აი იქ ვმუშაობ - ხელი გაიშვირა ზღვისკენ. ვერაფერს ვხვდები, სანამ პატარა იახტას და მასზე მიბმულ წერტილივით პარაშუტს არ ვხედავ. - იქიდან გათვალიერებ, ბევრი ბიჭი ვმუშაობთ და რომ იცოდე კაცები ბევრს ლაპარაკობენ. საიდან ხარ?
ძალიან მომხიბვლელი მამაკაცია და მის რუჯმოკიდებულ სახეზე თეთრი კბილები გონებას მიბინდავს. დაძარღვულ ხელებს და დაკუნთულ მკერდს ვათვალიერებ, რომელიც მიმზიდველად იწონებს თავს მაისურის ქვეშ.
-ინგლისელი ხარ? - ვეკითხები, რადგან ინგლისურად უაქცენტოდ საუბრობს.
-არა ბულგარელი. - მპასუხობს ღიმილით.
გასაკვირი არაა, აქ იმდენი ბულგარელია, თვლა არ შეიძლება. ბოშებიც ბევრი არიან ბულგარული პასპორტით. თუმცა მათი გარჩევა ადვილია ფერის, თვალების და კიდევ ბევრი რამით. ალბათ ეს ნამდვილია. ჩვენი შეკვეთა მოდის და მეც მადიანად მივირთმევ. ჭამას არ მაწყვეტინებს.
-შენ საიდან ხარ? - მეკითხება კონსტანტინე, როცა ცოტა ამოვისუნთქე.
-ქართველი - ვპასუხობ მეც, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ მიხვდება ჩემს წარმომავლობას.
-ვიცი პატარა ლამაზი ქვეყანაა. თქვენ საბჭოთა კავშირში იყავით და მერე მიიღეთ დამოუკიდებლობა.
გული მწყდება, რომ მხოლოდ ამით გვიცნობენ და არა ჩვენი მრავალ საუკუნოვანი ისტორიით და ტრადიციით. თუმცა ამ ბიჭს რას ვერჩი, ჩვენი ბრალია, მსოფლიო რუკაზე რომ არ ვჩანვართ.
-რუსულად საუბრობ? - ინტერესდება ის
-არა.
-რატომ? - უკვირს, თან ძალიან.
-იმიტომ რომ არ მიყვარს ეგ ხალხი, არ გვიყვარს ქართველებს - ვაკონკრეტებ ჩემს პასუხს - მათ ჩვენ ორას წელზე მეტი წაგვართვეს და ახლაც ოკუპირებული აქვთ ჩემი ქვეყნის ნაწილი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყნის, რასის, ორიენტაციის, რელიგიის და მსოფლმხედველობის მიმართ ძალიან ლოიალური ვარ, მაინც ძალიან პატრიოტი ვარ და ძარღვების დაჭიმვით ვიცავ ჩემს პატარა ქვეყანას.
-გასაგებია - მიღიმის ბულგარელი. არც მათ ადგათ კარგი დღე რუსებისგან.
-პარაშუტით გიფრენია? - საუბრის თემას ცვლის კონსტანტინე. ჩემი თავგადასავლების მიუხედავად, ეს ჯერ არ გამიბედია.
-არა -მორცხვად ვუღიმი მე.
-ხვალ სამსახურის შემდეგ დაგელოდები. გავისეირნოთ და ნახავ რა სიამოვნებაა. არ შეგეშინდეს, მეც შენთან ვიქნები.
- სიამოვნებით - ვცქმუტავ ადგილზე. მორცხვი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ბიჭთან სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ეს მეორე პაემანზე მითანხმდება თუ მეჩვენება? დღევანდელიც პაემნად ჩავთვალო?
-სად ცხოვრობ? თუ სახლში მიდიხარ გაგაცილებ - მთავაზობს ჩემი ჯელტმენი თანამგზავრი. დიდი შანსია რომ მანქანით იქნება და ჩემს სახლამდე ფეხით აღმართის ავლა ფეხით არ მომიწევს.
-ხლორაკაში, იცი სად არის? - მხარზე ვიგდებ ჩანთას და ტელეფონს ვიღებ. ამ ჩანთაში რა მიდევს ნეტავ ამდენი ტყვიასავით არის.
-ვიცი, სტადიონთან ახლოს?
- გვერდით.
რამდენიმე ასეულ მეტრს ფეხით გავდივარ. სანაპიროსთან მდგარ ტოიოტაზე მანიშნებს. საშუალო დონის მანქანაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მანქანები ძვირი არ ღირს, არც ხალხს უჭირს მისი შეძენა, მაინც ეკონომიურ და პატარა მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას.
სტადიონამდეც ჩუმად ვმგზავრობთ, მხოლოდ გადმოსვლისას მახსენებს, რომ ხვალაც დამელოდება, მემშვიდობება და მიდის.
ჩემი სახლი, სადაც კვიპროსში ვცხოვრობდი, ერთ საძინებლიანი, ლამაზი ბინა იყო მეორე სართულზე. სამი მხრიდან ზღვა ჩანდა. ასე რომ თვალის გახელიდან დახუჭვამდე ზღვას ვუყურებდი წყნარს, აღელვებულს, მოწყენილს, მხიარულს. აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე არ უწვიმია. ხალხი წუხდა, მე კი ეს სულ არ მანაღვლებდა. პირიქით, მიხაროდა კიდეც. ფეხით სიარული წვიმაში არ მხიბლავდა, არც ამდენად რომანტიკოსი ვარ.
ჩემს გვერდით ინგლისელი მოხუცი წყვილი ცხოვრობდა. მშურდა მათი, ძალიან მშურდა. ორივე ძლივს, ჯოხებით დადიოდნენ. ახალი გადასული ვიყავი მათ მეზობლად, ჩემი ბინის ღია კარებში ძლივს მოლასლასე ძაღლი რომ შემოვიდა. პატრონიც ძახილით მოყვა: “ჰენრი, ჰენრი“. გავუღიმე და მივესალმე. ზრდილობაა მეზობლის მისალმება. ამ ქვეყანაში ისედაც ყველა იღიმის.
-ახალი მეზობელი ხარ? - მკითხა კაცმა.
-დიახ, ახლა გადმოვედი. ჩემი ერთი ჩემოდანი ჯერ ამოლაგებული არ მქონდა.
- მე თქვენს გვერდით ვცხოვრობ. ეს ჰენრია, - გამეცნო კაცი და ძაღლიც გამაცნო. ისე წამოვედი კვიპროსიდან, იმ კაცის სახელი დღესაც არ ვიცი, თუმცა ის კი გავიდე, რომ ჰენრი უკვე 14 წლის იყო და ერთ დღეს დავიტირე კიდეც.
ყოველ დილით ჩემი ინგლისელი მეზობელი კაცი გაზეთების საყიდლად მიდიოდა, მერე აივანზე ჯდებოდა და რძიან ჩაისთან ერთად კითხულობდა. ცოლი გვერდს უმშვენებდა, წიგნით ხელში. ალბათ განსხვავებული პოლიტიკურ- ეკონომიკური გემოვნება ქონდათ, ერთი გაზეთით, მეორე წიგნით ხელში რომ იჯდა. რომ არ ეჩხუბათ, სხვადასხვა რამით ირთობდნენ თავს. კვირაში ერთხელ მაღაზიაში დადიოდა ცოლ-ქმარი. ბევრჯერ შევსწრებივარ, როგორ ალაგებდნენ მანქანიდან ყუთებით ღვინოს, ენერგეტიკულ სასმელს, ყველს და ათასნაირ სასუსნავს, მაგრამ იშვიათად საჭმელს. სულ მაინტერესებდა რას ჭამდნენ, მაგრამ ვერ გავიგე. იმხელა პენსია ქონდათ, სიბერეში თავს კვიპროსში ცხოვრების უფლებაც მისცეს და დასვენებისაც. მშურდა მათი, იმიტომ რომ ქართველ პენსიონერს წარმოვიდგენდი პენსიით რომელიც წამლებშიც არ ყოფნის.
ერთ დილას, კარებზე კაკუნმა გამაღვიძა. ვისვენებდი და ძილი ყველაფერს მერჩია. თმაგაბურძგნული და ნახევრად დახუჭული თვალებით გავაღე კარები. ვხედავ, დგას ჩემი მეზობელი ინგლისელი ქალი, დასივებული თვალებით და ხელში ნამცხვრით. წამიერად გავიფიქრე, რომ ქმარი მოუკვდა, მაგრამ ნამცხვარი ვერ დავაკავშირე ვერაფერთან. თუმცა მაგათ რას გაუგუებ.
- ჰენრი მოკვდა - მითხრა და მუჭისხელა ცრემლები გადმოყარა. ნამცხვარი მომაწოდა და ერთი ბოთლი ღვინოც მოაყოლა, იქვე კუთხეში ქონდა დადგმული. ალბათ დაკაკუნებისას ხელი გაითავისუფლა. რა უნდა მექნა. ვიზიარებ-თქო და ჩავეხუტე. საჩუქრები გამოვართვი და ორიოდე სიტყვა ვიკითხე დასაფლავების შესახებ. არა მართლა მაინტერესებდა, ამ ორ მოხუცს, ფეხზე ძლივს რომ დადიოდნენ, რა უნდა ექნათ მკვდარი ძაღლისთვის.
- ცხოველების სააგენტოს დავუკავშირდით, მოვლენ და წაიყვანენ. დაწვავენ და ფერფლს გამოგვატანენ - მითხრა სლუკუნით ქალმა.
ამოვისუნქე. ნამცხვარი დილის ყავაზე მივირთვი, ღვინით კი საღამოს ვთქვი შესანდობარი.
სამსახურის დასრულებას ათი წუთი აკლდა, კონსტანტინე რომ მოვიდა. ამჯერადაც იღიმებოდა და არაფერს ამბობდა. მისალმების შემდეგ ხმის ამოუღებლად მივედით იახტამდე. ზღვის სეზონი ძალას მაშინ იკრებდა და ბევრი ტურისტი არ ყავდათ. მოკლედ ამიხსნა პარაშუტის ინსტრუქცია. ჩამაცვა, თვითონაც გაემზადა და იახტაზე ამიყვანა.
ჰაერში აწევა არც ისე სასიამოვნო იყო, როგორც ველოდი. ვიფიქრე კიდეც, უკან ხომ არ დავბრუნდე-თქო, მაგრამ წინ თურმე რა მელოდა. ზევიდან დანახული უსასრულო ზღვა, ლურჯი და გამჭვირვალე. უძრავი. სანაპირო, სადაც ხალხი წერტილებივით მოჩანდა, საოცრება იყო. ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება მთელს სხეულს მოედო და ხმელეთზე დაბრუნება აღარ მინდოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვიღაცისთვის უნდა გამეზიარებინა. ჩემს სიტყვაძუნწ თანამგზავრს ხმელეთზე დაბრუნებისთანავე გადავეხვიე და ყველა ენაზე მადლობა ვუთხარი, რაც კი ვიცოდი. ის უბრალოდ იღიმოდა და ბედნიერი იყო ჩემი ემოციებით.
-სადილზე მე გეპატიჟები, - შევთავაზე, როგორც კი ოდნავ დავწყნარდი.
-თანახმა ვარ - დამიქნია თავი და ჩანთის და ტელეფონის ძებნა დაიწყო.
-აქ ქართული რესტორანია, იქ ხომ არ წავიდეთ? - შევთავაზე თანამგზავრს. ნამყოფი არ ვიყავი, მაგრამ იმედი მქონდა, ისე ცუდი საჭმელი არ იქნებოდა, რომ ჩემს ბულგარელ სტუმარს არ მოწონებოდა. ისიც არ მახსოვდა, ზუსტად სად იყო რესტორანი, მაგრამ ჩემი ალექსანდრე მაკედონელისადმი სიყვარულის გამო, მისი ძეგლი ვიცოდი სადაც იდგა და მის მიმდებარედ რესტორანს ადვილად მივაგენი. ხაჭაპური მთლად ისეთი არ იყო, როგორც ნამდვილი, იმერული ყველით გაკეთებული იწელება, მაგრამ ჩემმა სტუმარმა ორი ნაჭერი სულმოუთქმელად მიირთვა. აი ხინკალი კი, მართლა ხინკალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე მისი დიდი მოყვარული არ ვარ, მეც კი ჩავიკვნიტე თითები. ჭაჭა სად გვქონდა, ამიტომ „ზივანიით“ დავკმაყოფილდით. მე არ ვჩუმდებოდი, ამდენ დაგროვილ ემოციას ერთბაშად ვუშვებდი და მხოლოდ იმაზე ვწუხდი, ჩემს მშობლიურ ენაზე, რომ არ ვალაპარაკობდი. ყველაფერი უკეთესად რომ გადმომეცა.
-მანქანის მართვა იცი? - მკითხა მოულოდნელად კონსტანტინემ.
- კი - ვუპასუხე მეც.
- მე ძალიან ბევრი მომივიდა. ამიტომ დღეს შენ იქნები მძღოლი. მე აქვე სანაპიროსთან ახლოს დამტოვე, შენ კი სახლში წადი.
მეც მქონდა ერთ-ორი ჭიქა დალეული, მაგრამ არა იმდენი, რომ მანქანის მართვა ვერ შემძლებოდა. თუ ფრთხილად ვიქნებოდი, არც პოლიციას შევეჩეხებოდი თვალში. ჩემი სტუმარი არ ვიცი სად მიდიოდა. ცოტა ეჭვმა კი გამკრა, მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახე, რა შენი საქმეა მისი მარშუტი-თქო და რესტორანი გაღიმებულმა დავტოვე.
მე მშიშარა არ ვარ, მაგრამ ამ ბულგარელის მიმართ გაჩენილმა ჩემმა გრძნობებმა ძალიან შემაშინა. რამდენიმე პაემნის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მომგებიანი და თან წამგებიანი წინადადება შემომთავაზა. იახტით ზღვაში გასვლის და პატარა ლაგუნაში ცურვის შემდეგ, პორტში ვბრუნდებოდით. განათებული სანაპირო, უკან ზღვაში ჩამავალი წითელი მზე და იახტის კიჩოზე რუჯმოკიდებული, ულამაზესი მამაკაცი, რომელიც ანთებული თვალებით იყურება, მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ასეთი თვალებით არავის შემოუხედავს აქამდე ჩემთვის და ამიტომაც ვერ ვიჯერებდი. სანაპიროზე ისე გადმოვედით, ხმა არ ამოგვიღია. ის არ ვიცი რას ფიქრობდა, მე კი მომენტის გაფუჭება არ მინდოდა. მხოლოდ მანქანაში დავუბრუნდი რეალობას.
-სოფია - მომმართა ძალიან დაბალი ხმით და გამომაფხიზლა - ძალიან მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად. დიდი ბინა მაქვს. ორივე თავისუფლად დავეტევით. ერთი პრობლემა ტაისონია, ჩემი ძაღლი, რომელიც კარგად მიგიღებს, თუ შენ შეეგუები. სააემიგრაციოში ნაცნობი მყავს, რომელიც საბუთების პრობლემას მოგიგვარებს და კიდევ ექვსი თვით დარჩები, თუ შენ გენდომება. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ.
გამაოგნებელი წინადადება იყო. ჩემი ქმრის შემდეგ, ვერც კი წარმომედგინა მამაკაცთან ერთად ცხოვრება. საჭმელი, სარეცხი და სახლის მოვლა დამიდგა თვალწინ. უმალვე უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ არ მაცადა. მანქანა გააჩერა და ჩემს ტუჩებს დააკვდა. უარი გადავიფიქრე, იმ დღის შემდეგ ექვსი თვე მასთან იდეალური ცხოვრებით ვიცხოვრე. სადაც მივხვდი, რას ნიშნავდა იყო სასურველი ქალი, რომლის ყველა პრობლემა გვარდება. თუმცა კვიპროსში ჩასვლიდან ცხრა თვის თავზე, მეც არ ვიცი რატომ, ჩემოდანი ჩავალაგე და თბილისში დავბრუნდი.
არაფერი ამიხსნია კონსტანტინესთვის. არც მას უკითხავს მიზეზი. უკვე რამდენიმე თვეა გასული და ახლაც არ ვიცი რა მინდოდა, რას გავურბოდი.
ახლა უტქიაგვიკისკენ, ამ სამყაროს დასალიერისკენ, მიმავალ გზაზე ვდგავარ და ვფიქრობ, რომ არასწორად მოვიქეცი. გამოვექეცი ქვეყანას, სადაც ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორც არასდროს და წამოვედი კაცისგან, რომელსაც ისე ვუნდოდი, როგორც არავის. სევდა შემომაწვა.
ტელეფონს ვიღებ და იმ ნომერზე ვრეკავ, რომელიც თვეებია არ გამომიყენებია...
-ალო კონსტანტინე, მე ვარ - ვეუბნები და ველოდები პასუხს. იქნებ გათიშოს, ან სულაც ვერ მიცნოს. რამდენიმე წამი გადის.
-სოფია, როგორ ხარ? - მესმის აღელვებული ხმა.
-მე კარგად, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად. სად ხარ?
-ამერიკაში. - ვპასუხობ მოკლედ. რამდენიმე წამიანი პაუზაა ტელეფონში.
-დიდი ხნით? - მესმის ისევ მისი ხმა.
- რამდენიმე თვით.
-და მერე? - ჩვენი საუბარი ძალიან იწელება.
- მერე ისევ თბილისში.
- და მე?
დამაბნეველი შეკითხვაა.
-რა? შენ?
-მე გელოდები.
ვიბნევი, ძალიან ვიბნევი. ყველა გრძნობა ერთად იყრის თავს და ვფეთქდები.
-მენატრები - ვეუბნები ჩურჩულით.
- მე მიყვარხარ - მპასუხობს ისიც.
- ერთ თვეში თბილისში გეპატიჟები, ნამდვილი ქართული მასპინძლობა უნდა გაგიწიო. ჩამოხვალ?
- ზუსტად ერთ თვეში თბილისში ვარ. დამხვდი. - ბედნიერი ხმა აქვს. წარმოვიდგენ როგორ იღიმის და აჩენს თეთრ კბილებს.
- შევთანხმდით. - ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ.
კიდევ ერთ მონეტას ვიღებ ჩანთიდან და ბრუკლინის ხიდიდან ვისვრი. სურვილი საუკეთესოთა შორის საუკეთესო სტატიის დაწერა და ერთ თვეში თბილისში მშვიდობით დაბრუნებაა. დროა დავლაგდე და ჩემს ბულგარელს მივხედო.
დასასრული