შენი სიმართლე


მთვარეს როდესაც წითლად შეფერავს
ცა და გაუხსნის მადას მგლის თვალებს,
ტყეში გაუშვებს მარტო მეფე კრავს       
და აუყვება მაღალ მწვერვალებს.          

შემოიტყუებს ბინდი ქარავანს
და როცა მთვარე ძლივსღა ანათებს,
კირკე გაუწვდის ფიალას მავანს
და თეთრ ოცნებას მიასავათებს.

დახეტიალობს კრავი საცდურში,
დარდობს სიშორეს, ხვდება ავ სახეს 
და ხვდება უცნობ ჟამის ნაცურში,
რომ დაეკარგა მშობლის სავანეს.

ხედავს ნადირი სისხლი აწვება,
მდუმარედ უმზერს ნადავლს ავსული,
მთვარე აღარ ჩანს, ფიქრი შავდება,
შეჰყმუის ბნელეთს ჩრდილში წარსული.

ფერშესუდრული განცდა აქვთ ფოთლებს,
სისხლი მორწყული წუხილს ამყარებს,
უთქმელი დარდი მისდევს გამყოლებს,
ღამე ზღაპრულად ფარავს სამარეს.

ფუნჯი აცოცხლებს თვალებით ნართავს, 
ლექსი სიცხადით სცენარს განაგებს,
სული მუსიკით მოყვება ამბავს,
ვგრძნობ მარადიულ ჟამის წახნაგებს.

გნომის სიმშვიდე დაქრის რჩეულში,
სიო ულმობელ სევდით მაღონებს,
მთვარისფერ ვნებას ვინმე გრძნეული,
უღმერთო ჰანგით კვლავ დაამონებს.

რთულია ყოფა, ორმხრივად ვრცელი,
სადაც სიბნელე ელტვის სინათლეს,
მოკლე სიცოცხლეს უნიღბოდ ველი,
რადგან მომყვება შენი სიმართლე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი