0

იბერიონის გაბრწყინება


გამოიდარებს, გარდიცვლება შავი ღრუბელი,
შავბნელ ბილიკებს დაეცემა სხივი თაკარა,
უგულო ყოფა შეიქმნება თავად მხილველი,
ცივ სულებს ზეცამ უნდობლობა როგორ აკმარა.

კვლავ გაანათებს უკუნეთში სიმართლით სული,
გადმოდინდება, გადმოსკდება განცდა გულიდან,
აღარ იქნება წამი სისხლით გაჯერებული, 
დაიბადება სიყვარული სიყვარულიდან.

აზვირთდებიან იმედები ნიღბების ქარში, 
გარდიქმნებიან ცრემლნი ლხინად და ცის ნაპირას,
უსაზღვრო ფიქრით, გრძნობის ძალით, წმინდა თამაშში,
ჩვენ იმას ვიტყვით, რაც არ თქმულა და უნდა ითქვას!..

რომ საქართველო უხსოვარი დროიდან მოდის,
რომ „შემოქმედმა“ ეს ქვეყანა გამოარჩია,
რომ გადარჩენა არის ჩვენივ სულის წალკოტში
და ჩვენი ბედიც, ჩვენი არსის დანაბადია.

ბევრჯერ გამტყდარი ერის გული გამთლიანდება,
გამშრალი სული ვით ტაძარი, კვლავაც აღდგება.
ჩემი ქვეყანა, დაჩაგრული, შეწყვეტს წვალებას
და შვილთა გულში ამხედრდება უფლის მსგავსებად.

მექნება ჩემი მიწა-წყალი, ძველი — ქართული,
სულში — უფალი, მამული რომ გადამირჩინა,
ავახმიანებ ქვეყნად ზარებს წელ გამართული
და თეთრსა ღრუბლებს მიმოვფანტავ ქართულ ყიჟინას.

გენით მდიდარნი საუკუნოდ ქმნიდნენ შედევრებს,
ახდა ნათქვამი, მოგონება წყდება სამალავს
და ეფინება დამძიმებულ სისხლიან ველებს, 
ის სიხარული, ტკივილიან ფიქრს რომ დაკრძალავს.

აღარ მოწყდება ცხენთ თარეშით მთებში გვირილა,
ობლის ცრემლები მამის სახეს არ დაეცემა,
დიდ ომში ოხვრით, ცხრა ძმის დედა აღარ ივლიდა
და ჩვენს წმენა-წესს ვერ მისცემდნენ ბრმა ანათემას.

ვხედავ, მოხუცი ვაზის ცრემლებს გულში ინახავს,
უმღერის მიწას, შვილებს ლოცავს, უმზერს სახარეს,
ერთი სანთელი მუდამ იწვის უფლის ბინადარს
და იგი ერთი, მამულს მოჰგავს, ზეცას ახარებს.

აფარებს მანდილს, მდუღარე გულს, დედა მარია,
აფარებს კალთას, დაჭრილ ფესვებს, მამა ზეცისთვის,
ლოცავს მებრძოლებს ზეცის შვილი, ისმის არია,
რომ მათ იბრძოლეს ერის სულის გადარჩენისთვის.

სულში ანთებულს, ამოგვძახებს ჩვენივე ექო:
— საით მივდივართ? — ამ კითხვასაც დავუსვამთ წერტილს,
მამულის კალთას დავკოცნით და გავივლით ბექობს,
გავამთლიანებთ მძლავრ ჯაჭვს, მტრისგან უღვთოდ გაწყვეტილს.

და გავგრძელდებით....
კომენტარები (0)