0

რიწის თავშალი


ჩამოიშალა ღრუბელი, ხევს შეერია ნისლებად
და ზეციური სამოსით, მთებს გულმდუღარედ მიჰყვება.
ტყეს შერევია ფითრივით, ბზიფის დარდი და ზმანება 
და ჰყვება მოკლულ შვილივით, ტკივილს მდინარე თავნება.

საკინძესავით ამწყდარა რიწის ზურმუხტის თავშალი,
გულზე ეფინა ფოთლები, იდგა მხილველი გამშრალი. 
ცრემლები ცრემლებს ერევა, ფერები ფერებს აფრქვევენ,
უშენოდ სული მემღვრევა და უშენობა მაკვნესებს.

საზღვართან უხმოდ დავტოვე მარტოსულობის ნუგეში
და წართმეული ოცნების სევდა ვინახე უბეში.
ლოდინმა იმედს გაგვყარა, შორიდან ცქერა გულს მაგლეჯს,
გვედავებიან, გვართმევენ ჩვენი მიწის და ცის ნაგლეჯს.

რიწა გულია ქართველის, ბუნება ¬¬— მგოსნის ოცნება,
კიდევ გიხილავ სამზეოს, სანამდე გენი მომყვება.
დრო მოვა, შვილნი გნახავენ, წყლულებს მოირჩენ სხივითა,
შენს თვალებს თუ ვერ ვიხილავ, ეს ლექსი მაინც გიხილავს.
კომენტარები (0)