0

სოხუმის სიო


მხნედ მიჰყვებოდა სოხუმის სიოს,
გენი და მიწას გრძნობით აწვიმდა,
ილტვოდა სხივი, იმედს რომ სდიოს,
ფესვებში მომწყდარ გრძნობის საფიცარს.

მტრულად წართმეულ რჩეულ სიუხვეს,
ეხუტებოდა გრძნობის წალკოტი,
გულის უბიდან ამომხტარ კუთხეს,
ვუმზერ და სისხლი ყელში ამომდის.

ბედიის ტაძრის ხმელ ფესვებიდან
მეტირებოდა ქართული სული,
ვგრძნობდი გაძარცვულ სხეულს მაცლიდა, 
ბნელი და გულში მტკიოდა გული.

განთიადის ტყის ზღაპრებს მივყვები,
კანიონები განცდებს მიღვივებს,
აბშარით დამაქვს რიწის „მზითევი“,
გულმკერდზე ვიბნევ და გულს ვიმშვიდებ.

ათონის მთაზე ვხედავ სახეებს,
აბჯრის ხმაურში, მზე რა შორია,
ივერიული ქალაქი აბნევს
სევდას და ვხვდები ბრძოლა მწყურია.

მთებთან შერწყმულა ზღვის ჰორიზონტი,
გაგრის სურნელი მელამუნება,
სევდით ირხევა კვლავ პალმის ტოტი,
ეს მიწა-წყალი ღმერთმა ინება!

აქ ქართველების გული მარხია,
ვისაც წაგლიჯეს მშობელი მიწა,
კედლებს წარსულის კვალი ატყვია,
ჩასაფრებულა სადღაც ბრმატყვია...

ზეცისკენ მიქრის თეთრი თოლია,
ჩამოეღვარა ცრემლები მგოსანს, 
შურსა და ღალატს გადაჰყოლია
გული და ზღვისკენ იმედად მოჩანს.
კომენტარები (0)