0

ჯამბაზის მონოლოგი


ამ ერთსაც მოვწევ და ამ თასსაც გამოვცლი,
არასდროს მჩვევია დარდებში ჩახშობა,
მოვრჩები მონოლოგს, წუთებსაც გადავთვლი,
ხომ მაინც წუთია ეს ახალგაზრდობა.

ჩემს ნაპირს მზე მოსწყდა, სხივები დამცილდა,
დამცილდნენ გულები დამტვრეულ ნერვებით,
დავეძებ დასაყრდენს, სულშიაც აცივდა,
ბახუსის მონა ვარ, ჩემს სახეს ვეცლები.

გრძნობები სწორია, გზები - არეული,
მინდა ეს ფიქრებიც ბურუსმა არიოს
და მერე მოვიდეს სიგიჟე წყეული,
ჰო, გიჟი შევხვდები მყვირალა ალიონს!

ღამით ნასიზმრალი დილითვე ამიხდა,
გულით და გონებით ჩავეშვი შავ ბედში,
ოცნება ერთ წუთში ხელებში ჩამიდნა,
წყეულო სიფხიზლევ, რა გინდა, გამეშვი!

ცხოვრება შოუა, უნიჭო სპექტაკლი,
მე ცხადში ნიღაბი ვერაფრით მოვირგე,
არ მინდა წავაგო ნაქონი მორალი,
მივმართე ბახუსს და სიზმარი მოვიგე.

არ მომწონს მე თქვენი ფხიზელი ვნებები,
მე ჩემი სცენარი აქ უკვე დავფლითე, 
სად არის, სად გაქრნენ წყეული გზნებები?
ვერ ვხედავ? არ არის! დავკარგე სანიშნე!

ამ ერთსაც მოვწევ და ამ თასსაც გამოვცლი,
სიფრთხილით ვუდგები სიტყვებსაც ბოლო დროს,
ახლავე, ახლავე, ახლავე გადავთვლი
წუთებს და... მოვრჩები სევდიან მონოლოგს!
კომენტარები (0)