0

სიყმაწვილური


ისევ მაწვიმს, მათოვს, მათბობს,
ეს ფიქრები დაღალული,
სარკმელზე კი წვიმის წვეთი
წკაპაწკუპით წამით მართობს,
გაფანტულა სიჩუმე და 
სმენას ჰანგი ჰანგებს აქსოვს,
თითქოს ასე ადრეც იყო,
იყო, მაგრამ სად არ მახსოვს.

გული ციმციმ აციმციმდა,
ძგერს რითმებად, დარად დარობს,
სევდა სადღაც გაციმციმდა,
სული სულთან ყოფნით ხარობს.

წვიმის წკაპწკაპს,
გულის ფანცქალს,
დრო დაარქმევს გრძნობის ამბავს,
სანთლის ნამწვავ-ნაღვენთ-ნალვავს,
შემოახვევს თავზე ქალაქს.

მე კი ვზივარ თავჩარგული,
შევესახლე აზრებს ფრთამალს,
მეც ვიწვები, "ისიც" იწვის, 
წვიმა ფიქრებს კრძალვით ნამავს,
წვიმა ისეთ ხმაზე მღერის,
თითქოს მიყვებიან ამბავს.

წკაპაწკუპში კალმით ასო
მარცვალ მარცვალ აწყობილა,
იწერება წვიმა ლექსად,
რაც აქამდე არ ყოფილა.
განცდა რითმად გარდმოსული,
აჰყოლია ისევ წვიმას,
ახლა კარში გასვლას ლამობს
და ასკდება ფანჯრის მინას.
ჰოდა ასე წკაპაწკუპში,
უწვალებლად, ჰარიჰარად
შემოიჭრა სარკმელში და
ღამემ ფიქრი მოიპარა.

თუმცა წყენა არ მაქვს გულში,
არც ვბრაზდები, გიკვირთ განა?
მიყვარს ღამე ქურდბაცაცა,
ღამემ თქვენთან მომიყვანა.
კომენტარები (0)