0

ბებერ როიალს


ეს ვინ აჟღერებს ამ საღამოს ბებერ როიალს?
ნუთუ სულია ჩამოსული ზეცით მიწამდე?
მსგავსი გრძნეული არ უნახავს ღამეს მგლოვიარს, 
გაფრთხილდი გულო, არ მიენდო, სანამ იწამდე.

გაფრთხილდი სულო, მეწამულო, ბოლო ჟამია,
შენი ვალია, წარიტანო სუნთქვის სინათლე,
ტაძრები არ ჩანს, ძველი სიტყვა მონაჭამია,
ვერ მივენდობი ახლა უცხოს, თავს რით ვიმართლებ?!

არ მითხრა, მტერი არ ჰყოლია ოდეს სიყვარულს,
რომ უხრწნელ გრძნობას დღენიადაგ გესლი არ სდევდეს,
როს ალიონი სხივს მომპარავს უხმოდ მინაბულს
შენი თვალები აჩრდილივით მე სულ თანა-მდევს.

ქარდაყრილ ფოთლებს დაჰკარგვიათ ფერთა კაშკაში,
ამ მთებს სილურჯემ თითქოს წყენით გარდაიარა
და უხსოვარი, დიადი განცდა რწმენის ქარქაშში,
ცის კაბადონზე ღვთიურ ნისლმა გადამიფარა. 

ჩემო მეეტლევ, ამ გრძელ ღამეს ბოლო არ უჩანს,
მე მინდა, გავცდეთ ამ ურწმუნო სამყაროს ცოდვებს,
გასწიე შლეგად! ხედავ მიწა როგორ გაყუჩდა?
ნახატ მდელოზე ელვასავით ყორანი მოგვდევს.

არ მითხრა, არა, შენ, მეეტლევ, რომ მე თავს ვკარგავ,
რომ ეს სიზმარი დაბინდული გონის ბრალია,
მე განთიადი მივატოვე გულგადახსნილი
და შავ-ბნელ ღამეს ჩემი სული მოუტაცია

და მაინც ღამეს ეგ ცრემლები სცემდა მეფურად, 
მზემ კი ზღვის ნაპირს ბნელმოსილი სხივი გაჰყარა,
იმედი ლამაზ, იალქნებგაშლილ გემად მოცურდა
და სიყვარულის ალიონით კვლავ გამახარა.

ასე დახატა ღამის სულმა ჩემი სავალი,
ჩემი ოცნება და სიცოცხლე გაუკვალავი,
რომ წუთისოფელს სიზმარიანს ვცნობდე აქ მგზავრი,
სული მეჭიროს, გულთ ვწამლობდე, გაუბზარავი.
კომენტარები (0)