0

ხმელი ფესვებით


იდგა მარტოკა, ხევის პირს, ფიქრად,
მზე უთბილავდა დანამულ თვალებს,
იგი მოჰგავდა მნათობის ცისკარს,
დროს ზეციური სხივით რომ ავსებს.

თუმცა გულმკერდზე ბასრი ჭრილობის
აჩნდა წარსულის დარდი და შფოთვა,
აწმყო აჰყავდა მოკლულ შვილივით
და ღრუბლის დასში, მძიმედ ბორგავდა.

მიწაზე მძიმედ დაქროდა ქარი,
მკერდში იცემდა დროს და განგებას,
მეც არ მეღირსა, მემკა რაც ვთესე,
წუხილი ქვეყნის მუდამ თან მდევდა.

რატომ დადედლდა სიმართლე ერში,
რატომ ვერ პოვებს ეული მლოცავს,
აქ ბევრი სახე, კრავივით დადის, 
თუმც ნამდვილ ქართველს არავინ მოჰგავს.

ვეღარ დაიტევს ეს გული სათქმელს,
ბრმებით სავსეა წუთისოფელი,
როდესაც ეშმაკს გაუღებ კარებს,
უღმერთოდ რჩება ქვეყნად მყოფელი.

სული დამძიმდა ცოდვის მორევში, 
ძახილი მართლის აღარსად ისმის,
შიში მდუმარე სჭვივის თვალებში 
და ტკივილისგან ქვეყანა იწვის.

იწვის ტყეები_ ჭრელნაბდიანი,
იწვის მინდვრები_ მამულიანი,
იწვის ფესვებში_ ისტორიანი,
იწვის თავშალში დედა სვიანი.

მიქრის ოცნება კელაპტრიანი
ლოცვით ნაცვარი გლეხის სიმღერა
და იმედები თვალცრემლიანი,
ჩემს თვალწინ ხატთან გადაისერა.

ჩამოანგრია ელვამ გუმბათი,
აღარ რეკს ზარი, არ ბზინავს ხმალი
და ქარიშხალი უცხო მონარქის,
ამტვრევს ხელხემალს, ვრცელი ამალით.

უფსკრულის ქიმზე როგორ იცოცხლებს,
სამშობლო ჩემი ხელსაგოგმანე,
გულს ვაიმედებ, ვახსენებ „ლომებს“,
როცა გმირულად სტეხდნენ მხვდომარეს.

შევყურებ იმ „კაცს“ „მნათობს“ რომ შესთხოვს,
გაფანტოს ბნელი ჩვენსა ქვეყანას, 
ის ახლაც იბრძვის, ცისა და მიწის,
გადაარჩინოს რაც ჩვენ გვებარა.

დადგება ჟამი, თვალი იხილავს,
მხარგაშლილ მამულს, იმ ჩვენს მზიანეთს,
სადაც ქართუელთ წვეთი სისხლისა,
მრავალჟამიერს აახმიანებს.
კომენტარები (0)