0

დაკარგული სავანე


ეს გული დიდია,
სული კი ფარული,
ადამში ტვირთია,
ტკივილით ზრდასრული.
თავხედი დარდები
სახეებს არეკლავს,
ვერაფრით ვმაღლდები,
ვეყმობი საფერავს.
ვუყურებ ქვეყანას,
გამომშრალ თვალებში,
გათელილ, ვრცელ ყანას,
ბანგისგან გალეშილს.
დაკარგულ სავანეს,
დღე-დღე რომ ძვირდება,
სინათლე მავალებს 
ცოდვების მხილებას.
არ ვიცი რა მინდა,
ან რა მაქვს სათქმელი,
ქალიც თუ წავიდა,
დავრჩები გამვლელი.
ფოთლები ცვივიან,
სევდიან დათოვლილ
ბილიკებს უვლიან,
მსტოვრებად დატოვილს.
ბავშვური გულები
ქრებიან მინებთან
და ლამაზ, ნორჩ სახეს
მრუმე დღე ირეკლავს.
ვიღაცა „ლომუკა“
ფულების ძაფსა ქსოვს,
სიბნელე მოუკლავს
დადებითს, დანატოვს.
ნათელი ნელ-ნელა,
სიცოცხლეს ეცლება
და ბნელი ეწევა,
ცხოვრებას ნელ-ნელა.
მგზავრი ჩანს, ლოცულობს
ცხოვრების ჭიდილში,
სიმშვიდეს თხოულობს,
სიკვდილს კი ღიმილში.
დრო მიდის, დრო მიქუხს,
რა ფიქრი მდარაჯობს?
არა ჰგავს აქაურს,
არ ვიცი, რასა მთხოვს.
ლექსთ ჟამი დააწვა,
ლამაზ დღეს ამცდარი
თვალმზიან დღესაც ბრმად
თან მოსდევს ავდარი.
ეგ შენი თვალები,
ჩემს თვალებს ხვდებიან
და გრძნობის ტაძრებში,
სხივებით თვრებიან.
ეს ვრცელი ცხოვრება
არავის იწონებს,
ჩვენ მაინც ვიმონებთ,
უკუღმართ სიცოცხლეს.
კომენტარები (0)