ქარი


ნაშუადღევს უეცრად მოვარდნილმა მძვინარე ქარმა - ჯერ სანაპიროს შეუტია, სელაპებივით მონებივრე ადამიანებს დაერია, ზოგს ქუდი მოსტაცა, ზოგს ტანისამოსი, კამერები, ზღვის ლეიბები, ცელოფნის პარკები აუფრიალა და გასტაცა, ქვიშა მტკივნეულად მიაყარა შიშველ სხეულებზე, თვალები ამოუვსო... ადამიანები დაფრთხნენ: ზოგი ქარისგან აფრიალებულ ნივთებს დაედევნა , ისეთი ამბავი ატყდა- დედა შვილს არ აიყვანდა ან ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა რომ ქვია, ოღონდ პირიქით: 
ვინ მანამდე უზრუნველად მოთამაშე ბავშვები ამოიჩარა იღლიაში, ვინ ძაღლები და ყველამ ქაოტური ერთსულოვნებით თავშესაფრებისაკენ გაჰქუსლა. აქამდე სიცხისაგან გათანგულ, მთვლემარე ლაჟვარდისფერ ზღვასაც, რომელსაც მთელი  დღე განძრევაც კი ეზარებოდა, როგორც ჩანს ქარმა ისეთი ამბავი შეატყობინა, რომ ზღვას მყისიერად  აეშალა ნერვები: ჯერ ზედაპირი დაეხორკლა, მერე სიბრაზისგან მწვანე ფერი შეერია, აჭრელდა, მერე ნელ-ნელა აიქოჩრა, ყვითელი ქაფი დუჟივით მოიგდო, ტალღები უზარმაზარ კუნთებად დაჭიმა და გამეტებით დააცხრა გაკვირვებულ ნაპირს, დამშეულივით დაუწყო ლოკვა, თითქოს შთანთქმა ეწადა მისი!!! 
ქარმა მისია შესრულებულად ჩათვალა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა, ზღვა კი უკვე მესამე დღეა ვერ დამშვიდდა, დღესაც ღელავს, თუმც აღარ მძვინვარებს...
 დედა, რა იყო ეს?!?!?!....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი