გაფრინდული


ვარ ავადმყოფი გაზაფხულზე როგორც ბუნება
გამოუთქმელი სიხარულით შემოტკბილული,
ჩემს სნეულებას შენი სახე ესალბუნება,
ვარ ავადმყოფი გაზაფხულზე როგორც ბუნება.
ორქიდეა გაქვს სახის მაგივრად მთვარით ხილული,
მე გაწამებულს გამიჩინე ტრფობის ცდუნება.
გამოუთქმელი სიხარულით შემოტკბილული
ჩემს სნეულებას შენი სახე ესალბუნება.

გავხარ ფრთაშესხმულ ოქროს ხოხობს თავის იერით.
მდინარესავით ჩაგედინება ზილფი-კავები.
მხოლოდ მე გამჩნევ ცის უფსკრულებში თვალსაწიერით,
გავხარ ფრთაშესხმულ ოქროს ხოხობს თავის იერით.
ორთომელაში ღვინის ანარეკლს გიგავს მკლავები,
ლოყის კუნჭულნი შემკულებია კამელიებით,
მდინარესავით ჩაგედინება ზილფი-კავები,
მხოლოდ მე გამჩნევ ცის უფსკრულებში თვალსაწიერით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი