ზამთარი # 32

ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ იცის, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
"ისე რა" ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი...
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო...