მოძრაობის ილუზია

განგრევს მოძრაობის ილუზია,
გახრჩობს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი.

ისმენ უღმერთობის რაფსოდიებს,
ბედთან უმიზეზო შედავებით.
იცი - ყველაფერი აფსურდია!
გულიც აღარ გწყდება, შედარებით...

აღარც თბილისური სანაპირო
გხიბლავს... მით უმეტეს ნარიყალა.
გინდა გადახვეწა განაპირას,
სადმე დედამიწის - დაიღალე!

სისხლის დადინებით ქუსლებიდან,
გინდა გაქცევა და განაჩენად -
წყვილი ფანქარი და ფურცლები და
წყალსაც წაუღია დანარჩენი!

არც კი მიიხედო წარსულისკენ
მზად ხარ, უზრდელურად ისე გაქრე,
რომ არ მოგინატრონ წასულიც კი,
გინდა, უსაშველოდ გინდა, მაგრამ

გტანჯავს მოძრაობის ილუზია,
გხუთავს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი...