პელიკანი

თავდაპირველად, ისე მოხდა,
რომ მეგობარი დავკარგე.
იმ დღეს ყველა ტიროდა.
ყველა - უპატრონო ძაღლებიც კი, ცარიელ ქუჩაში.
მე კი, ვთქვი, დღეს ცუდი დღე არის-მეთქი,
მარჯვენა ხელი მოვიგლიჯე
და აყმუვლებულ ძაღლებს გადავუგდე საჯიჯგნად.
ხელი, რომელიც მეგობრისთვის
საშველად უნდა გამეწოდა და ვერ შევძელი.

მერე მამა დავკარგე. იმ დღეს თოვდა.
მთელი კვირა თოვდა.
და მე ვთქვი, რომ ცუდი კვირაა-მეთქი.
ვთქვი და მარცხენა ხელი მოვიჭამე, სიმწრისგან.

მერე სამშობლო დავკარგე.
ვთქვი, ცუდი თვეა-მეთქი,
მარჯვენა ფეხი მოვიგლიჯე,
რომელიც ომიდან გაიქცა
და მტერს გადავუგდე, დროებით თავშესაქცევად.

მერე სახლი დავკარგე.
ერთხელ, უმცროსმა შვილმა მკითხა,
მამა, რატომ არ ვცხოვრობთ ჩვენს ძველ სახლშიო.
ცუდი წელია-მეთქი, გავიფიქრე,
შვილს კი, ქარმა დაანგრია-მეთქი, ვუპასუხე,
მარცხენა ფეხი მოვიგლიჯე,
რომელიც სახლში დარჩა
და მევალეებს გადავუგდე, ნიშნად იმისა,
რომ აღარაფერი დამრჩა დასაკარგი.

მერე თავი დავკარგე, - ასე ხდება ყოველთვის,
შავი ჭირის, ან დიდი შიმშილიანობის დროს, -
ვთქვი, ცუდი საუკუნეა-მეთქი,
ტანი მოვიგლიჯე და პელიკანივით,
საკუთარი ხორცით გამოვკვებე შვილები,
შიმშილით რომ არ დამხოცოდნენ.

ამას წინათ, ქუჩაში მივდიოდი და
სრულიად შემთხვევით, დაკარგული თავი ვიპოვნე -
პატარა ბავშვები, ჩემი ნათრევი,
თვალებდათხრილი და ენაამოგლეჯილი თავით
ფეხბურთს თამაშობდნენ.
ერთხანს ვუყურე, მერე ბავშვებს გავუღიმე,
ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ვთქვი
და გზა განვაგრძე, გზა კი არა, უფრო სწორად - კედელი,
რომელსაც ჩემი შეჭმული სხეულის ჩრდილი მიჰყვებოდა.

ბოლოს, კედელიც დამთავრდა.