წერილი ბოთლში

გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებში
მთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,
ქათმის ფეხებზე შემომდგარი; ქოხში სხვენია,
სხვენში სკივრია დამალული, სკივრში - კურდღელი,
კურდღელში - იხვი, იხვში - კვერცხი და კვერცხში - ნემსი,
რომლითაც ასეთ ძნელ ამბებში ტუჩებს ვიკერავ,
რომ უცებ რამე არ წამომცდეს, დარდის მაგვარი.

გსმენია რამე ტროვანტებზე? - ჩემი ბავშვობის
სახლს ერტყა ბაღი, იშვიათი, რომელშიც ნაცვლად
მცენარეების, იზრდებოდნენ ცოცხალი ქვები,
ასეთ წვიმებში, მკვლელ დღეებში, ნამდვილ ამბებში...
და მეც ამ ქვებში ვიზრდებოდი და მე ამ ქვებთან
ვთამაშობდი და ამ ქვებისგან ვსწავლობდი დუმილს.
და მე ვიყავი საკუთარი თავის წარსული,
ამ ბაღში, სადაც საკუთარი თავის მომავალს
ვზელდი მიწისგან, საკუთარი თავის ღმერთივით,
და სილა ქვიშად გადაიქცა და ქვიშა - კენჭად,
და კენჭი - ღორღად, ღორღი - ჭოჭყად და ჭოჭყი - ხვინჭად
და ხვინჭა - რიყედ, რიყე - ლოდად, ლოდი - ბალავრად,
რომელზეც სახლი ააშენეს, ჩემი ბავშვობის,
რომელსაც დიდი ბაღი ერტყა, რომელშიც ნაცვლად
მცენარეების, იზრდებოდნენ ცოცხალი ქვები.

გამოუვალი დღეებია. ასეთ წვიმებში,
ცარიელ ბოთლში ამბავს ვაგდებ და ბოთლს ფანჯრიდან,
ზღვაში კი არა, ვისვრი იმისიმისიქითში.