გაუცხოება

მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება, 
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები, 
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება 
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები 

იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს 
ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს 
და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში 
თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც 

და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება... 
და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე! 
და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები 
და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და 

იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს 
და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი, 
ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა) 
ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).