მატილდა

მე წინა ცხოვრებაში პოლი მერქვა.
შენ - მოტე დე ფლევილი, მატილდა.
მე მერე უცნაური ბედი მერგო.
შენ მერე ალბათ უნდა ატირდე,

ისეთი დამთხვევაა - დეჟა-ვუა,
უთუოდ! მოკითხვები მონსიდან...
დილეგში გადმომცემენ აჟანები
შენს ბარათს: “დამივიწყეთ, მონსინიორ!”

და ისევ - არაფერი უჩვეულო -
ფილტვების უშენობით ავსება.
ისრები აღმოსავლეთს უჩვენებენ
და დროა საკმარისი სავსებით,

რომ რამით გავამართლო პოეტობა
და რამე მივაწერო საქციელს -
იმდენად არავისთვის მემეტები,
რომ მინდა უკვდავებად გაქციო

და მიგცე ისტორიას! ოსანაა
შენდამი, ჩემი ლექსიც, მატილდა!
მე შენი სილამაზის მგოსანი ვარ,
შენ, ახლა ალბათ უნდა ატირდე...