სარკეში

რა ახალგაზრდა დამიბერდი, თვალს და ხელს შუა...
ისე ვეღარ გცნობ, მოგესალმო ლამის სარკეში,
სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს,
სიცოცხლის ყველა ნიშანწყალის, თითქმის, გარეშე.

თითქმის არ გძინავს, თითქმის არ ჭამ და ეტანები
სასმელს და თითქოს დაემგვანე უკვე მათხოვარს.
უფრო იოლად გწყდება გული და შედარებით
უფრო ადვილად გეხერხება გულის ჩათხრობაც.

და გრძნობ, რომ მალე უეჭველად უნდა გათავდე!
დღეებს ალაგებ თვეებად და თვეთა შტაბელებს
აწყობ წლებად და აწესრიგებ და სათითაოდ
სახელს არქმევ და პირად ნომერს აკრავ ტაბელურს.

მერე ზიხარ და ელოდები ისევ არაფერს.
შიში გაქვს ღმერთის (გეშინოდა ნაკლებად ადრე)
და მიცვალებულ მეგობრებს და მამას სულ უფრო
ხშირად და უფრო ცხადად ხედავ სიზმრებში, შავ-თეთრ.

მოკლედ - ძალიან შეიცვალე! ასე საეჭვოდ,
სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს,
მგონი სარკეშიც ვეღარ გიცნობ, მალე საერთოდ -
რა ახლაგაზრდა დამიბერდი, თვალს და ხელს შუა...