პანაცეა

ღამე დედამიწას აყურადებს,
მთვარე თავზე ადგას დარაჯივით -
ყველას მიდგომა აქვს საკუთარი,
რიგი საკითხების გადაჭრისას.

და მეც, რა თქმა უნდა! მაგალითად:
ვმარცვლავ პეონების კრიალოსანს,
სახლში, კონსტრუქციის მონოლითურ,
ვცხოვრობ, თუ ცხოვრება ჰქვია, როცა

მთვრალი მცენარეულ ნაყენებით,
გული კი არ ფეთქავს - ბაქი-ბუქობს.
მტვერმა გამოჭამა საყრდენები,
ჩემი სისხლძარღვების აკვედუკებს.

თმაში ლითიუმი შემეპარა,
უფრო ლირიკულად: ამ ბოლო დროს,
გახდა უმნიშვნელო ყველაფერი -
წლების ჰაშიშივით გაბოლებას

ისე მივეჩვიე, შემისრულდა
ოცი საუკუნე... და რა იცი,
იქნებ იყოს კიდეც დასასრული,
ყველა დასაწყისის პანაცეა?!