დილის ექსპრომტი

სავსე ხარ ჩემით. ვერ ივარგა ბედის მეთუნემ -
მყიფეა ჩვენი სიყვარული, ოფლით და მტვერით
მოზელილი და მოზომილი დროში. თუთუნი
ხრჩოლავს ოთახში და თვალებით სიჩუმეს ვზვერავთ.
წევს შენი ძაღლი ჩემს ფეხებთან, ვით ანუბისი.
ეს განთიადიც გულს გარეა, ლექსიც - ყასიდი.
სავსე ვარ შენით. მეშინია, ერთ არცთუ ისე
მშვენიერ დღეს არ გადმოხვიდე გულის თასიდან.