ყოველ ღამით ..

ყოველ ღამით ჩემს ხილვებში
ჩნდება ერთი ოცნება,
იქნებ მითხრათ, რაა ჩემს თავს,
ჩემზე დიდმა მგოსნებმა?!

ან რა ჰქვია მას სახელად:
ფრთაგაშლილი პეგასი,
თუ ცისფერი, მოცეკვავე
ქალწულები დეგასი?

თუ ღმერთების უკვდავება?
თუ ქარონის ბორანი?
თუ ტაბიძის გადმოფრენა?
თუ ედგარ პოს ყორანი?

თუ აბელის და კაენის
ძმობის აპოთეოზი?
თუ ვან გოგის გაგიჟება
და ცრემლები თეოსი?

თუ იუდა? თუ პილატე?
თუ იესოს აღდგომა?
თუ უდობნო მიუვალი
და დავითის განდგომა?

თუ სამოთხის წმინდა ბაღი?
თუ ელისეს ველები?
თუ ვენერა მილოსელის
მოტეხილი ხელები?

თუ მკვლელობა ჭავჭავაძის?
თუ ტატოსი მერანი?
თუ ბოდლერის ყვავილები
ან უბრალოდ – გერანი?…

ყოველ ღამით ჩემს ხილვებში
ჩნდება ერთი ოცნება,
იქნებ მითხრათ, რაა ჩემს თავს,
ჩემზე დიდმა მგოსნებმა?!