გინდა? ..

გინდა? - ყოველდღე შეგადარებ
ღვთისმშობელ დედას...
გინდა? - გიამბობ კალევალას
ან უფროს ედას...

ათასერთ ზღაპარს მოგიყვები,
გინდა, ზეპირად?
ვარსკვლავთა კიაფს მოგაჩვენებ
ცისკრის ზეფირად...

გინდა? - აგიხსნი მთაწმინდაზე
სიყვარულს ღამით...
გინდა? - სისხლს დავლევ შენი მტრების
უძირო ჯამით!

გეამბორები მარმარილოდ
ჩამოქნილ ყელში,
გადაგატარებ ცის კიდეზე
აყვანილს ხელში...

გინდა? - გაცეკვებ ბინძურ ცეკვებს
ზღვისპირას, მზესთან...
გინდა? - მიგიყვან სამოთხეში
აკრძალულ ხესთან;

მერე იქიდან გაგიტაცებ
იქეთკენ სადაც,
შენთვის მეგულვის სადედოფლო
კაბა და ფატაც.

გადაგავიწყებ ამქვეყნიურ
დარდსა და სევდას
და ყოველ დილით შეგადარებ
ღვთისმშობელ დედას!

ხოლო ძილის წინ კალევალას
ან უფროს ედას,
ანდა შაჰნამეს მოგიყვები თითქმის ზეპირად
და მთვარის ჩრდილებს მოგაჩვენებ ცისკრის ზეფირად!

გინდა?..