წყალი გრიალით ..

წყალი გრიალით ეხეთქება
დამხვდურ ნაპირებს,
მზე დასავლეთით გადიხარა -
ჩასვლას აპირებს.
უკვე მივიღეთ მლაშე წყლების
აბაზანები,
მზით გარუჯულნი მიმოდიან
ირგვლივ ტანები.
ასული უცხო - ლამაზია
იგი უსაზღვროდ -
მიზის გვერდით და ატლიკინებს
ენას უაზროდ:
ეს პეიზაჟი მაგონებსო
და მუსიკაცო,
ნახატს, რომელსაც დახატავდა
ალბათ პიკასო:
- ღრუბელთა წყვილი
კოსმოსური ორი ზონდია
და სწორი ხაზი,
იგი ალბათ ჰორიზონტია... -
და მეც თავს ვუქნევ, ვეთანხმები,
ვყვები მის ნებას,
რადგან საღამოს ამ სხეულის
ფერება მნებავს
და ვატყობ, ჟამი გადამწყვეტი
რომ უკვე დადგა,
რამეთუ არც მსურს სხვანაირად,
არც ძალმიძს, რადგან,
შეიპყრობს ჟინი სიყვარულის
თვითონ ურჩხულებს,
ბათუმის პლაჟზე ზღვა რიყესთან
როცა ჩურჩულებს.