აუტოფობია

არათუ მეგობრებმა,
მუხლებმაც მიღალატეს... 
ძალიან, ამ ბოლო დროს, 
ვიღლები უსიცოცხლო 
ქუჩებში ხეტიალით, 
ბებერი მენესტრელი, 
პუნქტიდან - ცარიელი 
(უკეთეს შემთხვევაში) 
კოლოფი მალბოროსი, 
პუნქტამდე - გამოცლილი 
(უარეს შემთხვევაში) 
ჩივასის მინის ტარა. 
 
არათუ საყვარლებმა,  
თვალებმაც მიღალატეს... 
სულ რაღაც ხუთი წლის წინ, 
პაულ ფონ მაუზერის 
დედის პირს ჩავხატავდი 
მეტალის ლარიანში, 
პუნქტიდან - გამავალი 
ქუჩაში ამბრაზურა 
(საწოლი ოთახიდან), 
პუნქტამდე - პრობლემების 
მაგიერ გადაჭრილი 
ცაცხვების მარიაჟი. 
 
არათუ გული მწყდება, 
ნერვებიც, სისხლძარღვებიც, 
მყესებიც დავიწყვიტე 
და ვურთავ რემარკებად 
ღამეებს, ასფურცლიანს, 
თუ როგორ ვეშვებოდი, 
პუნქტიდან, სათაურით 
"დუმილის პოეზია", 
რომლითაც დავიწყე და 
პუნქტამდე, დამთავრების 
რომლითაც, ვაღიარებ, 
ყოველთვის მეშინოდა.