მეჯართე

აკუმულატორებს ვიბარებ,
კონდენციონერებს ვიბარებ,
ძველ ტელევიზორებს ვიბარებ -
ჯართს ვიბარებ, ჯართს!

იქით მემაწვნე: მა-წო-ნიიი.
აქით მენაგვე: ნა-გა-ვიიი.
- მოგიტყან დედის ნა-წო-ვიიი...
(ჯართს ვიბარებ, ჯართს!)

თოკზე მობმული კალათით,
მკერდზე შეხსნილი ხალათით,
ვიღაცის ბოზი მამიდა
(ჯართს ვიბარებ ჯართს!)

ვიღაცას აძლევს ნისიად.
ვიღაც: მანქანა ვისია?!
ვერ გამოვდივარ, გასწიეთ! -
(ჯართს ვიბარებ ჯართს!)

მინების ჩასმით, დანების
ლესვით, "კართოშკით", მაყვალით,
იწყება დილა ახალი,
(ჯართს ვიბარებ, ჯართს!)

ქალაქში, სადაც ძნელია,
არ იცოცხლო და ძნელია,
არ მოკვდე. ჰოდა ვიბარებ,
მე ამ ყველაფერს ვიბარებ:

მე ასეთ ქალაქს ვიბარებ,
ასეთ კოლორიტს ვიბარებ,
ამ სიბინძურით ვიბარებ,
ამ სისუფთავით ვიბარებ
და სიძულვილით ვიბარებ
და სიყვარულით ვიბარებ -

ჯართს ვიბარებ, ჯართს!