თევზით ხსნილი

(მეგობრის ხსოვნას ეძღვნება)

შემომხედე, ღმერთო, მე ის პირველი ჭირისუფალი ვარ,
ვინც პირველმა კი არ დამარხა, კი არ დარგო, კი არ დასთესა,
არამედ, პურის მარცვალივით მიაბარა მიწას ტკივილი,
სისხლით მორწყა და აკაციის ტოტით მონიშნა,
იმ იმედით, რომ მიწა უკან დაუბრუნებდა
ცეცხლის წაღებულს, წყლის წაღებულს, ქარის წაღებულს.
შემომხედე, მე ჯერაც მიწის ძალისა მწამს,
ცეცხლის ძალისა, წყლის ძალისა, ქარის ძალისა -
ჯერაც სტიქიებს და მათ კერპებს ვეთაყვანები, მათი შიში მაქვს
და შენს შესახებ არაფერი ვიცი, ჯერ კიდევ.
მე, ის გამოქვაბულის ადამიანი ვარ,
რომელმაც პირველად, უშენოდ მიაბარა ტკივილი მიწას.

ხანი გამოხდა და ტკივილი მატლმა შეჭამა, ცხადია,
მაგრამ ვიდრე დიდი მატლი დიდ ტკივილს ჭამდა,
აკაციის პატარა ტოტმა რიტუალში ფესვი გაიდგა,
ყლორტი გამოიღო, ტანი აიყარა, ხედ იქცა და...
დიდმა ხემ, დიდი ტოტი გაიწვდინა, დიდი წყლისაკენ, რომელშიც,
ბოლოზე, ძუასავით მობმული დიდი ქარი გადააგდო, რომელსაც,
თავისმხრივ, ზედ დიდი ცეცხლის კაუჭი ება, რომელზეც
დიდი მატლი იყო წამოგებული,
დიდი ტკივილი რომ შეჭამა, ჩემი, ის მატლი,
და დიდი თევზი მოიყვანა - იმედის თევზი.

და თუ ჩემამდე, ამ ტკივილებს ჭამდნენ, ჩემს მერე,
თუ ტკივილები ცეცხლს მისცეს და ნაცრად აქციეს,
მე, ამ თევზით გამძღარი და მუცელამოყორილი,
ამ ჩემამდე და ამ ჩემს მერე შორის წიაღში,
დროის წიაღში, ღრმა წიაღში, ხსოვნის წიაღში,
დღემდე, ტკივილებს მიწას ვაბარებ, პურის მარცვლებივით,
და აკაციის ტოტით მონიშნულ ადგილს სისხლით ვრწყავ,
იმ იმედით, რომ მიწა უკან დამიბრუნებს
ცეცხლის წაღებულს, წყლის წაღებულს, ქარის წაღებულს.
შემომხედე, მე ისევ ის ვარ, ის პირველი ჭირისუფალი
და ჩემში არაფერი შეცვლილა ჯერაც - არც ჩემს გარშემო,
შენ კი, მარადიულ სახეცვლილებას განიცდი, ღმერთო -
მე შენზე მდგრადი აღმოვჩნდი და შენზე ცალსახა
და შენ შესახებ არაფერი ვიცი ჯერ კიდევ,
გარდა იმის, რომ... თევზით ხსნილი ხარ.