უთავმოყვარეო კაცის ელეგია

"რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცში ე.წ. პირობითი საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს." (საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსი")
 
"ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მავთულხლართების გაბმა საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება." (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი)
 
"თქვენ გინდათ, რომ 200–300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსეთს ომი?" (ქართველი მაღალჩინოსანი)
 
რა შემიძლია, მავთულხლართო, გარდა იმისა,
რომ ავდგე და ორაზროვნად თვალი აგარიდო
ან დავჯდე და მრავლისმეტყველად გიცქირო,
როგორ მოცოცავ მამაჩემის კუთვნილ მიწაზე,
ეკალღიჭივით, ვიდრე მეც, ერთხელ,
ასეთი ორაზროვანი და მრავლისმეტყველი,
საკუთარ უსუსურობაში გახლართული,
ყოველგვარ საზღვარს მიღმა არ აღმოვჩნდები?!
ერთი რამ კია, რაც გულს მიამებს:
შენ ვერასდროს ვერას დააკლებ ყველაზე მთავარს -
ჩემს უთავმოყვარეობას...
ჩემი ქვეყნისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელს,
საზღვარი არ აქვს.