როგორც უილმოტი

გზები იზომება ახლა პოეზიით.
ღამე ცოდვა არის მომაკვდინებელი,
უფრო მძიმე ცოდვებს ვიხსნი პროთეზივით -
ედგარ, მე მოვკალი შენი ანაბელ ლი!

დამრჩა გასავლელი კიდევ იარდები,
მოკლე ნაბიჯებით ასე - ხუთასია.
სულმა კი არა და ხორცმა კი არა და
ღმერთმაც განიცადა, მგონი, მუტაცია.

აღარც იღბალია, აღარც უიღბლობა -
ძველი რვეულივით ბედი გადავშალე.
ალბათ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.

არა, პოეტებო, მე ნუ მეტოლებით,
წადით, დაეტოლეთ ვინმე გ. ვ. ტ. - ებს...
მე სიცოცხლეს ვებრძვი ჩემი მეთოდებით
და ეს უკვდავებაც უნდა გამოვტოვო!

თქვენთვის მიჩუქნია ყველა ტიარა და
ყველა გვირგვინი და ყველა ასე შემდეგ.
ფორმა კი არა და ზომა კი არა და
თავში ქვა გიხლიათ! მე კი, გადავშენდე

უნდა, როგორც ჩემი დიდი წინაპარი
სადმე ხის ოდაში, სოფელ ლედგებიეს.
თორემ, როგორც წესი, ლექსთან წილნაყარი,
მერე თაობები, წიხლით შემდგებიან.

რაღა დაგიმალოთ... ახლა - მომიტევეთ,
უნდა უსათუოდ რამე დავაშავო,
სანამ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.