ლახვისა ჩვანაშტუე

მაიკო მეშველიანს

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!

მოგისმენია ენგურისთვის: ან როცა მდორედ
მოედინება და ნაკვალევს კლდეში ნიშებად
ტოვებს ან დაჭრილ ცხოველივით ბორგავს და ტორით,
მთიდან ანაგლეჯ ბელტებს ლეწავს და ფქვავს ქვიშებად?!

დაგსიზმრებია დადიაში, უშბა ან შხარა -
ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში -
ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა?
არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ!

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რაოდენ დიდი ვარსკვლავებით ანთია ღამით?!