ელეგია

შენ ჩემში მოკვდი, როგორც კვდებიან.
მიწაში გატან მართალს და ტყუილს,
დღეებს უეკლოს და ეკლებიანს
და დარდის ძაღლი ღამეში ყმუის.

შენ ჩემში მოკვდი, როგორც ბევრი სხვა
მომკვდარა ადრე. მოკვდება მერეც.
და რჩება ხსოვნა, როგორც შერისხვა
და ბოლოს მასაც ედება მტვერი.

შენ ახლა ჩემგან სიკვდილი გიცავს
და მე ვივსები ბოღმით და შურით.
ეს არის შენი აღთქმული მიწა.
ეს არის ჩემი არსობის პური.

მე შენში ჩემი სამოთხეც ვნახე
და ჯოჯოხეთის ცეცხლიც და ხვატიც.
ეს იყო ჩემი ცხოვრების სახე.
ეს იყო შენი ძვირფასი ხატი.

და თითქოს ამ ხატს ცრემლებად შევრჩი
და მათში ვეძებ მხსნელსა და ქომაგს.
და მე ვბრუნდები ყოველღამ ჩემში
და შენს საფლავთან ყვავილი მომაქვს.