წერილი ჩემს მეგობრებს ანუ ერან!


იცით, რას ამბობს ერანა!
_ მე შენი მეგობრები რად მინდა
ან იმათი პატივისცემა,
მე შენ მინდიხარ,
მე ბიჭი მარტო ღამე მინდა
და ისინი, თუ ღამე იქნებიან
ჩემთან,
მაშინ შენი მეგობრები ხომ
აღარ იქნებიან?!
_ გიჟია! _ მეუბნება.
გიჟი ვარ, მართლა~ ვფიქრობ მეც.
იცით, ვინ არის ეს?!
ეს ირენ კი არ არის,
ბერძენთა ქალღმერთი,
არამედ ერან,
აღმოსავლელი წარმოშობით,
უფრო მეტიც,
სპარსელი იეზიდი
თბილისში გაზრდილი.
დედა ატლასი,
მამა არყუთა,
ძმა თემურა.
დროისა და
ცივილიზაციის შეგრძნების გარეშე.
ერან პატიოსანი არ არის
და არც ბოზია,
არც გამოცანა,
იმისი ახსნა არ შეიძლება.
იმასთან მარტო უნდა იცხოვრო,
რადგან მხოლოდ ამ დროს მიხვდები
მის სიყვარულს.
ის ღამეა დაბადებული
სიბნელის სამეფოში
და ღამე ბატონობს,
ღამე ტირის,
ღამე მღერის,
ღამე წევს უხმოდ,
ღამე წივის,
ღამე არ იძინებს
და გაუთავებლივ შეუძლია ალერსი.
თუ ჩაგეძინა,
გაიქცევა და აღარ მოვა აღარასოდეს
შენთან,
ის დღის სინათლეს ვერ უძლებს,
მხოლოდ ღამე ბრწყინავენ მისი თვალები.
დღისით ის ქრება,
დღისით იმალება,
დღის ეშინია
და თუ ნახე, მზის სხივები როცა ანათებენ,
არ დაიჯერებ, რომ ღამის ღმერთი
მხოლოდ მონას ჰგავს
დღის სინათლეზე.
ერანა მღერის _
ღამის ღმერთი _
ვნებით გავსების და დაცლის
უთვალავ საფეხურებს შუა:
ო, შავო ღამევ,
რატომ ხარ ჩემთვის ასეთი ნათელი
და რატომ ვერ გხედავენ შენ სხვები!
ო, ყარაგიოზ,
ო, შავთვალება ღამე,
მე ყველაფერი მიყვარს შენი,
შენ ჩემი მონა ხარ.
_ მე ვარ ქალბატონი,
მე ვარ ღამის ღმერთი.

ო, ყარაგიოზ, ო, შავთვალებავ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი