ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან -1 (მოგონებები ილიაზე)

როგორც აკაკის, «კაცია-ადამიანის?!» დამწერსაც მწერლობაშიც მარტო ილია რომ დაეძახოს, მგონია არა წახდეს რა. თუ რუსულად ილია გრიგოლის-ძე ითქმის, ჩვენთვის მარტო ილია როგორღაც უფრო მოხერხებულია, უფრო ქართული.
ილია იყო ღარიბი ოჯახის შვილი. იმ დროებში, როცა ის დაიბადა (1837 წ.), ჭავჭავაძიანთ გვარში დოვლათიანი სახლი მარტო ერთი სახლი იყო, ალექსანდრე გარსევანის შვილის, საქართველოს მგოსნის, რომლის ოჯახისაგან გამოვიდნენ სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე, ნინო გრიბოედოვისა, თამარ ბატონიშვილისა _ ერეკლეს მეუღლე, ბარონესა ნიკოლაი და სხვ. ამ დროებში «კნიაზიანთ» ოჯახს კახეთში მარტო ალექსანდრეს ოჯახს ეძახდნენ. სხვების სიმდიდრე მარტო პური და ღვინო იყო. ილიას მამა გრიგოლიც, შექსპირის თქმისა არ იყოს, მარტო სისხლით იყო მდიდარი და არა ქონებით. მეტსახელად გრიგოლს თურმე პაჭუას ეძახდნენ. გრიგოლი ერთ დროს ოფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რამდენადმე განათლებული კაცი იყო. დედამისი, სახელად მაგდანი, იყო სომხის ქალი, ბებურიშვილის ასული.
როგორც დავით ერისთავს, ილიასაც არაერთხელ სმენია მისი ხასიათის თვისების ახსნა სომხის ქალის შვილობით.
ერთხელ, როდესაც ილია დუშეთში მომრიგებელ
მოსამართლედ იყო და ერთს სადილზე რაღაც შემთხვევის გამო სიტყვა წარმოსთქვა, ეს სიტყვა სხვაზე უფრო ერთ სომეხს მოეწონა.
– უჰ, შენი ჭირიმე, კნიაზო, კარგი იმიტომა ხარ, რომ დედა
სომეხი გყავსო, – უთხრა იმას სომეხმა.
– საკვირველია, თქვენმა მზემ, თქვენ დედაც სომეხი გყავთ
და მამაც და ასეთი თავხედი გამოსულხარ, – მიუგო გულნაკბენმა პოეტმა.
ილიას პატარაობაზე თითონ მისგან არა ერთხელ გამიგონია, რომ იმან წერა-კითხვა სოფლის მთავრისაგან ისწავლა, რომ დედამისი სხვადასხვა მოთხრობებს და “ვეფხის-ტყაოსანს” უკითხავდა იმას და სხვ. მაგრამ ამაებზე მე აქ არ ვილაპარაკებ გრძლად, რადგანაც ამაზე თითონ მან დასწერა თავის მოკლე ავტობიოგრაფიაში.
მეთერთმეტე წელი რომ დაუდგა ილიას, ის ქალაქს
ჩამოიყვანეს და ვიღაც რაევსკის პანსიონში მისცეს. აქედამ
იმან იწყო სიარული გიმნაზიაში და რა დაამთავრა მერვე კლასი, გაემგზავრა პეტერბურგს – 1857 წელს, საცა შევიდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტში.
სანამ ქალაქს ჩამომიყვანდნენ, – გვითხრა ერთხელ პოეტმა (გოგებაშვილთან, სადილზე), მე ხშირად მაციებდა და ტყლიპი გამიდიდდა (აბსტრუქცია მქონდაო, – თქვა). ქალაქს რომ ჩამომიყვანა მამაჩემმა, ყველა ექიმები დამასიეს, მაგრამ ვერას გახდნენ რა. მაშინ ვიღაც ერთი ფერშალი მომიყვანეს ავლაბრიდამ. კაბა ეცვა, თავზე კარტუზი ეხურა, ჩოფურა იყო.
რომ ხატვა ვიცოდე, დავხატავ, ისე ცოცხლად მახსოვს იმის სურათი. იმან წამალი დამალევია, წამისვა ტყლიპზე რაღაც და სთქვა: თავის დღეში ამას არ გააციებსო, და მართლა მის აქეთ ჩემთვის არ გაუციებიაო, – გაათავა პოეტმა.
ჩვენ რომ რუსეთს მივდიოდით და კავკასიონის მთებზე ვიწყეთ ასვლა, – გვითხრა სხვა დროს ილიამ, – მლეთის დაშვებაზე შემოგვეყარა გრიგოლ ორბელიანი, რომელიც რუსეთიდამ ბრუნდებოდა თბილისს. გრიგოლი ფეხით მოდიოდა, ჩვეულებრივად ზურგს
უკან ხელ-შეწყობილი, პირმღიმარე, დაფიქრებული; დაშორებით მოსდევდა მას ნელის ნაბიჯით ეკიპაჟი. ჩვენ რომ დავინახეთ პოეტი თავისის ელემენტით – კავკასიის მთებით და ღრუბლით გარშემოზღუდვილი, აღტაცებით ვთქვით ერთმანეთში: სწორედ ეხლა ამ დამშვიდებულ გულზე ლექსს რასმე უწერს ამ მშვენიერს ბუნებასაო, და იმ დროიდან დაწყებული სიკვდილამდე ილია იყო თაყვანისმცემელი გრ. ორბელიანისა.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)