ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან -2 (მოგონებები ილიაზე)

როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტში ილიას ყოველისფრით განსხვავებული დრო შეხვდა. თბილისში ის რომ ჩამოვიდა პირველად, აქ ვარანცოვისაგან დანერგილს ხეს ნაყოფი გამოეღო – ,,ცისკარი” გამოიცა. ქართული თეატრი დაარსდა. ჟურნალმა და დრამამ ცოტაოდნად ქართული საზოგადოება გამოაღვიძა. თუ ეს გამოღვიძება ყველგან თვალსაჩინო არ იყო, თუ დაბლა ხალხს სულ ისევ სძინავდა, მაღლა წრეებში, განათლებულ საზოგადოებაში ქართველმა კაცმა თვალი გაახილა. ამ საზოგადოებას ილიაც ეკუთვნოდა, როგორც გიმნაზიის მოწაფე. ნიადაგი და ატმოსფერო კარგი ჰქონდა მომავალ მგოსანს, რომ ამ პირობებში მას ჩანერგოდა გულში მამულის და ენის სიყვარული.
ილიას რუსეთშიაც განსხვავებულ დროს შეხვდა მისვლა, როგორც ჩვენს დროში, შემდეგ იაპონიასთან წაგებულის ომისა, სულ ყველაფერი რყევაშია და მიისწრაფის ახალის საუკეთესო ცხოვრებისადმი, ისე იმ დროს, შემდეგ ევროპის კოალიციისაგან დამარცხებისა, რუსეთი ახალის წესწყობილებისადმი მიისწრაფოდა. თავიდათავი მოთხოვნილება მაშინდელის საზოგადოების საუკეთესო ნაწილისა იყო გლეხთა განთავისუფლება.
უნივერსიტეტი სათაურში უდგა იმ დროისთვის საჭირო რეფორმების შემოღების საქმეს და სწორედ მაშინ, როცა გლეხთა განთავისუფლების საქმე თავდებოდა, სტუდენტებმა არეულობა მოახდინეს.
ამ არეულობას მოჰყვა ილიას საქართველოში დაბრუნება.
რეფორმის წინადროებში აქ ილიას ან რა ადგილის შოვნა შეეძლო თავისი ცოდნისა და ჰაზრების საქმეში გამოსაყენებლად. ჟურნალ-გაზეთობა ამ დროს ჯერ საქმე არ იყო.
«ცისკარი» კი იბეჭდებოდა, მაგრამ ჟურნალს მკითხველი არ ჰყავდა. დაბეჭდილ ნომრებს რედაქტორი თითონ უგზავნიდა გავლენიან, მწერლობის მოყვარე ნაცნობებს _ გრიგოლ ორბელიანს, გიორგი მუხრან ბატონს (2), მიხეილ თუმანოვს(3) კოლხიდელს(4) პლატონ იოსელიანს და მათი შემწეობით დიდი გაჭირვებით არსებობდა ის თითონ, მისი მესტამბეები და მისი ჟურნალი. თანამშრომლებისათვის ფული არ მოეძეოდა რედაქტორს და არც იყო მოსალოდნელი ახლო მომავალში, რადგანაც საზოგადო ცხოვრების პირობები ასეთი იყო მაშინ საქართველოში.
სამშობლოში ჩამოსულ ილიას გზაზე სვეტი დაუხვდა, რომელზედაც ეწერა: მარჯვნივ წახვალ _ ჩინოვნიკი იქნები და მაძღარი, მარცხნივ წახვალ _ მწერალი იქნები და მშიერი.
რომ მარჯვნივ წასვლა, ე. ი. შესაფერი ადგილის შოვნა არც ისე ადვილი იყო იმ დროს, ბუნებრივმა მიდრეკილებამ ილია წაიყვანა მარცხენა გზით. ილიამ ჯერ ცოტახანს «ცისკარში» ბეჭდა მისი ნაწერები და შემდეგ 1863 წელს საკუთარი ჟურნალი გამოსცა _ «საქართველოს მოამბე».
ამ ჟურნალში დაბეჭდა პირველად ილიამ «კაცია-ადამიანი?!», «გლახის ნაამბობი», «რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ» და ბევრი სხვა ჩინებული ლექსები.
აქვე დაიბეჭდა ნაწერები ვიქტორ ჰიუგოსი, პრუდონისა, ბასტიასი, ბელინსკისა და სხვ.
ახალმა ჟურნალმა ახალი სიტყვა გააგონა ქართველ საზოგადოებას. ეს სიტყვა მით უფრო დიდი მნიშვნელოვანი იყო და დროზე ნათქვამი, რომ საქართველოშიც მზადდებოდა ამ დროს გლეხთა განთავისუფლება _ ორის წლის წინათ რუსეთში მომხდარი.
ახალი სიტყვა ძველებს არ მოეწონათ.
და ასტყდა ძველსა და ახალს შორის კამათი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოიწვია ილიასი და გრიგოლ ორბელიანის ცნობილი პოლემიკა.
ძველ თაობას არ მოსწონდა არც ილიას ჟურნალი და არც ილიას სიტყვები. ამ დროს თავად-აზნაურთა ყრილობაზე, როგორც ქრისტეფორე მამაცოვი(5) მოწმობს ერთს კრებაზე, საცა ილია ამტკიცებდა, რომ გლეხი მიწიანად უნდა გავანთავისუფლოთო, ვიღაც თავადი იმას ხანჯლით თურმე მივარდა ისე, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსს დაუპირა მოკვლა ვიღაც კანდელაკმა ქუთაისში იმავე მიზეზის გამო.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)