ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან -4 (მოგონებები ილიაზე)

1864 წლის დამლევს ილია გაგზავნეს იმერეთს, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ, რომელმაც დაავალა მას, გამოერკვია, რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის, ბატონ-ყმობისაგან წარმომდგარი.
როცა ბატონ-ყმობა მოისპო და საგლეხო დაწესებულებები დამკვიდრდა თბილისის გუბერნიაში (4 ნოემბერი 1864 წ.), ილია დანიშნეს მომრიგებელ შუამავლად დუშეთის მაზრაში.
ამაზე უკეთესს ადგილს ილიასათვის კაცი ვერც კი წარმოიდგენდა. მომრიგებელი შუამავალი, კანონმდებლის აზრით, გლეხ-კაცის მამაა, მისი «მფარველი ანგელოზი», როგორც ამბობდნენ იმ დროებში, როცა თანამდებობა არსდებოდა. კანონი იმას სდებს, იაროს სოფელ-სოფელ და ადგილზე გაარჩიოს ნაბატონევთა და გლეხთა შორის მომხდარი ცილობა. ის არის ობლის პატრონი, სოფლის მართვა-გამგეობის მეთვალყურე, მასწავლებელი და მოძღვარი გლეხკაცობისა. ილიაც სწორედ საამისოდ იყო დაგეშილი, და მერე ის დაინიშნა მომრიგებელ შუამავლად არა სადმე სომხეთში, როგორც დღეს არის, მაგალითად, გადავარდნილი ილია ჭყონია(6), დუტუ მეგრელი, არამედ თავისიანებში, არაგვის პირად, მცხეთიდამ ორ ნაბიჯზე, მთიულეთს ახლო, მყინვარის კალთებზე, სადაც ის პოვნიდა ყოველგვარ მასალას, როგორც მგოსანი, ენის მოყვარე, მამულის ერთგული; მარტო მთიულეთი და მისი პოეზია რად ღირდა მგოსნისთვის, და ილიას მისი ადგილი არა სხვა სახელმწიფო სამსახურზე არ უნდა გაეცვალა, მაგრამ არ ვიცი, რა იყო მიზეზი, როცა ჩვენში შემოვიდა სასამართლოს რეფორმა (1868), ილიამ შუამავლობას თავი დაანება და ის დანიშნულ იქნა დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ.
მომრიგებელ შუამავლად ყოფნის დროის ამბავი მე არა გამიგონია რა ილიასაგან. მხოლოდ, ერთხელ, როცა ჩინოვნიკების ქუდის კაკარდაზე ჩამოვარდა სადღაც ლაპარაკი, ილიამ მთიულების გულუბრყვილობის ნიმუშად გვიამბო, თქვენთან პატივი, ბატონებო, და შემდეგი:
პოსრედნიკად რომ ვიყავი, ერთხელ ანაზდეულად მთიულეთს მომიხდა მისვლა, საცა კვირა დღეს ხალხი მოგროვილიყო ერთს სოფლის სასამართლოში. რაღაც საქმის გამო მე მამასახლისს ვუბრძანე, დაებარებია ერთი გლეხი, რომელიც შორი-ახლო იდგა იქიდამ. მამასახლისმა ბრძანება გზირს გადასცა. გზირი იქვე მიდგა განზე, და რაც ძალი და ღონე გააჩნდა, ხმა-მაღლა დაუძახა დაბარებულს. დაბარებულმა დაბლიდამ იყო თუ მაღლიდამ, ხმა მისცა გზირს და მათ შორის გაიმართა ამ გვარი მიძახილ-მოძახილი:
_ გიბარებენ ჩქარა!
_ ვინ მიბარებს?
_ ჩინოვნიკი.
_ ვინ ჩინოვნიკი?
_ აი, ქუდზე რომ ქათმის… რაღაცა აქვს, ის გიბარებს.
ამის გამგონე ილია იტყოდა, ვითომ და ნაპოლეონის გენერალმა ვატერლოოს მინდვრიდამ სიტყვა რომ შეუთვალა ინგლისელებს, რით იყო ამ სიტყვაზე უფრო გემრიელიო?(7).
მომრიგებელ მოსამართლედ ყოფნის დროიდამ მოგონება უფრო საინტერესოა.
თვითონ ილიამ გვიამბო:
მოსამართლედ რომ ვიყავი, ერთი გლეხი მიწას ედავებოდა ყაზიბეგს. _ ბატონო, მიწა ჩემია, თეიმურაზ მეფის დროსა მაქვს ნაყიდი, მოწმეცა მყავს და ახლა ყაზიბეგი მართმევს, მიშველე, დამიფარეო, შემომჩივლა გლეხმა.
მე დავიბარე გლეხისაგან ნახსენები მოწმე.
_ შენ მოწმე ხარ, რომ ესა და ეს მიწა ამ გლეხს აქვს ნაყიდი _ თეიმურაზ მეფის დროს?
_ დიახ, შენი ჭირიმე, მოწმე ვარ, თუნდ დამაფიცეთ, ფრჩხილის საკვეთი ამიღია.
თურმე ძველი ჩვეულება ყოფილა: როცა მიწას იყიდდა ვინმე, დამსწრე მოწმეს ფრჩხილს მოსჭრიდნენ. ამისათვის გასამრჯელოს აძლევდნენ იმას, _ და ეს მოწმე ვალდებული იყო, უფროსი შვილისთვის ეამბნა ამ ნასყიდობის ამბავი. შვილი შვილიშვილს გადასცემდა და
ამგვარად ნასყიდობის ისტორია გადადიოდა მოდგმიდამ მოდგმაზე. თუ ვისმე შვილი არ ეყოლებოდა, იმათთვის უნდა ეამბნა, ვინც გვარში უფროსი იქნებოდა.
ილიას ეს ჩვეულება მეტად არ გაეგონა, ძლიერ მოეწონა და მოწმის ჩვენების თანახმად სადაო მიწა გლეხს მიუსაჯა.
ყაზიბეგმა აპელაცია გადაიტანა, საცა სწერდა: მომრიგებელ მოსამართლემ მკვდრები ააყენა მიწიდამ და ჩვენება ჩამოართვაო, Мертвых допрашивает-ო.
ამაზე ილია იტყოდა: ბაბილონში აგურზე იპოვეს წარწერა: ესა და ეს მამული ნასყიდია და ამ ნასყიდობის მოწმეა ესა და ეს, რომლის ფრჩხილი ამ აგურში არისო. გატეხეს აგური და შიგ ფრჩხილი ნახესო.
მეორე მოგონებაც ილია მოსამართლისაგან განაგონი: ერთჯერ ილიამ ერთი ძმის მაგიერ მეორე გაასამართლა და საპატიმროში ჩასვა.
ვიღაც ზაქარიას ბრალდებოდა ხეების მოპარვა. საქმის გარჩევის დროს მოსამართლემ ბრალდებულის გვარი მოიკითხა.
_ მე გახლავარ, ბატონო, _ წამოიძახა გლეხმა.
– შენ წაიღე ხეები?
– დიახ, ბატონო, წავიღე.
რაკი დანაშაული ეჭვს გარეშე იყო, იქვე განჩინება დავსწერე და ბრალდებული საპატიმროში გავგზავნე. ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნა არ გაეთავებინა დასჯილს, რომ ჩემთან მოვიდა მისი ძმა.
_ შენ ვინა ხარ?
_ ესა და ეს ზაქარია გახლავარ, ბატონო.
_ როგორ ზაქარია, ის ხომ ციხეში არის?
_ არა, შენი ჭირიმე, ციხეში ჩემი ძმა გავგზავნე, მე საქმეები მქონდა ქალაქში და არ მეცალაო, _ მიპასუხა გლეხ-კაცმა.
მომრიგებელ მოსამართლედ ილია დარჩა 6 თუ 7 წელი.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)