ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან -5 (მოგონებები ილიაზე)

1874 წელს ილიამ სულ დაანება თავი სახელმწიფო სამსახურს და შეუდგა თბილისის საადგილმამულო ბანკის საქმეს. ამ წელს თბილისის თავად-აზნაურთა კრებამ ის აირჩია კომისიის წევრად, რომელსაც დაევალა ბანკის წესდების შედგენა, და როცა ეს წესდება თავად-აზნაურობამ მოიწონა, ილია მათსავე მინდობილობით გაემგზავრა პეტერბურგს და იქ მისი მეცადინეობით ეს წესდება დამტკიცდა. შემდეგს 1875 წელს ამ წესდების თანახმად თბილისში გაიხსნა საადგილ-მამულო ბანკი და ილია არჩეულ იქნა ამ ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ.
ამის შემდეგ ილიას გაეხსნა ფართო ასპარეზი მოღვაწეობისა საქართველოს საქმეთა სასარგებლოდ. ამ დღიდამ მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში თბილისში ქართული საზოგადო საქმე ისეთი არა დაწყებულა რა, საცა ილია თავკაცად არ ყოფილიყოს, თავ-მრჩევლად, საქმის გადამწყვეტად. ვიდრე დიმიტრი ყიფიანი ცოცხალი იყო, ვიდრე გაბრიელ ეპისკოპოსი მეტყველებდა, ვიდრე გრიგოლ ორბელიანი ზემოდამ დაყურებდა ახალთა თაობათა, ილია ჭავჭავაძეზე მაღლა კიდევ თუ იხსენებოდა სხვისი სახელი, მაგრამ მას შემდეგ, რაკი ესენი მიიცვალნენ, ილია დარჩა პირველ კაცად საქართველოში.
ამას იქით ილია არის: ილია ბანკირი, ილია რედაქტორი, ილია წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარე, ილია დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარე, ილია სათავადაზნაურო სკოლების გამგეობის წევრი, თავმჯდომარის ამხანაგი, ილია მწერალი, ილია მოლექსე, ილია წარმომადგენელი ქართულის მწერლობისა, მასპინძელი უცხოელთა სტუმარ-მწერალთა და სხვადასხვა.
მე აქ ილიას ცხოვრებას არა ვწერ: ილიას ცხოვრების მასალას ვაქუჩებ, რომელიც ან თითონ ილიასაგან გამიგონია, ან მისთა თანამედროვეთაგან მსმენია, ან მე თითონ ჩემის თვალით მინახავს და ამიტომ ჩემს ნანახს და განაგონს ილიას ცხოვრებიდამ მე აქ მხოლოდ დაახლოებით ქრონოლოგიურად, მაგრამ მაინც უსისტემოდ ვსწერ. მე ხომ მეწვრილმანე ვარ ქართულის მწერლობისა და ჩემგან შეკრებილი წვრილმანებით მე თქვენ ილიას სურათი ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ნათლად დაგანახეთ, მე ჩემს ვალს ქართულს მწერლობაში მოხდილად მივიჩნევ.
კომენტარები (0)