ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან -6 (მოგონებები ილიაზე)

მე გავიცანი ილია პირველად 1879 წელს.
ამ წლიდამ დაწყებული დღემდე მისის სიკვდილისა მე ილიას კეთილგანწყობილებას არ მოვკლებივარ. პირველს ოთხ-ხუთ წელს, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, მე მასთან უფრო ხშირი მისვლა-მოსვლა მქონდა, ჯერ როგორც წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრს და საქმის მწარმოებელს და შემდეგ, როგორც გაზეთების თანამშრომელს.
სამწუხაროდ, იმ დროებიდამ ჩემს სამახსოვრო წიგნში თითქმის არაფერი არ ჩამიწერია ილიას ცხოვრებიდამ. მაშინ ჯერ არ მქონდა განზრახული შემედგინა ჩვენი მწერლების ცხოვრების აღწერა და ბევრი რამ ილიას ცხოვრებიდამ, რასაც დღეს შეეძლო მისი ბიოგრაფიის გახალისება, მე მიმავიწყდა. მხოლოდ შემდეგში, როცა მე მივყავი ხელი ორბელიანის, ბარათაშვილის, გიორგი ერისთავის და სხვათა ცხოვრების აღწერას, მე ყოველს შეყრაზე ილიას ვუყურებდი და ვუსმენდი, როგორც მსხვერპლს «მუშტრის თვალით» და როცა იმისგან მოვდიოდი შინ, მის ნალაპარაკევს ვწერდი ჩემს სამახსოვრო წიგნში.
სულ ყველაფერი, რასაც აქ მოვახსენებ მსმენელს, ან არის ამოღებული ჩემის სამახსოვრო წიგნიდამ, ან თითონ საკუთარის ჩემის მეხსიერებიდამ, და არაფერი არ ურევია აქ, რაც სხვის კალამს ეკუთვნოდეს, სხვისი ნაწერებიდამ იყოს ამოღებული.
გარნა არც კი ვიცი, საიდამ დავიწყო წერა, რა რიგზე ამოვწერო სამახსოვრო წიგნიდამ ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ.
მგონია, ისევ ისა სჯობია, თავიდამ დავიწყო, ათადამ-ბაბადამ, როგორც თითონ ილიას უყვარდა თქმა, ესე იგი, შინ მივიდე მასთან და ჯერ შინაური კაცი დაგანახოთ.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)