ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან -7 (მოგონებები ილიაზე)

ილია ჯერ იდგა ახალ, ბებუთოვის ქუჩაზე, სტაროსელსკის(8) სახლის პირდაპირ. მერე ოთხმოციან წლების მეორე ნახევარში ის გადავიდა კუკიას, თავის დის ლიზა საგინოვის სახლში, ბოლოს დროს იმან იყიდა საკუთარი სახლი ანდრიას ქუჩაზე.
ილიას არ ჰქონდა ფართოდ გაშლილი სტუმრიანი სახლი. მასთან თქვენ ვერ შეხვდებოდით ქალაქის მაღალ საზოგადოებას, Велико-светская пувлика-ს. მის სალონში თქვენ შეეყრებოდით მხოლოდ მწერლებს, არტისტებს, საზოგადო მოღვაწეთ, ქალთაგან მარტო ნათესავებს.
თუ რამე საღამო გაკეთდებოდა მასთან ან წვეულება იქნებოდა, მომსვლელები ამათ წრიდან იყო.
ილია იყო თავაზიანი კაცი, პურ-მარილიანი მომლხენი. მას პირადად და მის სუფრას, რომელსაც ქართული კერძი თავის დღეში არ განშორებია, მუდამ ქართველი მოსამსახურენი მსახურობდნენ. საქართველოს საუკეთესო კაცს და მამულის მოყვარეს, მუდამ სწავლული და მამულის მოყვარე მოსამსახურე ებედებოდა.
თითონ ილიამ გვიამბო: ერეკლე ბატონიშვილს ვაჟი რომ დაებადა, დილა ადრიანად ჩემთან შემოიჭრა ბიჭი და ჩვენ შორის ამ გვარი დიალოგი გაიმართა:
_ მომილოცავს, ბატონო!
_ რა, ბიჭო?
_ ბატონის რძალს ვაჟი ეყოლა ამ დილას.
კომენტარები (0)