ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან -8 (მოგონებები ილიაზე)

1884-ს იყო თუ 85-ს, როცა ილია წამოვიდა სამეგრელოს, მთავრის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად, ილია ისე გამხიარულდა, რომ ბანძას მექი ფაღავასას(9) და ჩემთან ცაიშში(10) სულ «ფარინა, ფარინა»(11) იმღერა და ფერხულით გული შეიჯერა.
ილია აუჩქარებელი კაცი იყო, დინჯი, მძიმე. აუჩქარებელი ხშირად ნიშნავს ზარმაცს და ეს თვისება _ ზარმაცობა _ ღმერთო, შენ შეგცოდე და ილიას ცილისწამებად არ უნდა მიეთვალოს.
დიმიტრი ყიფიანმა მოსწერა იმას ერთხელ ქვიშხეთიდამ სამდურავი, რას უგვიანებ წერა-კითხვის საქმეებსო. სხვა რომ ვერა მოახერხა რა თავის გასამართლებელი, ილიამ პასუხად მისწერა მხცოვანს პატრიოტს, არაფერია, ყველაფერს მოვასწრებითო, _ რუსთაველმა სთქვაო: ,,თქმულა, სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა”.
მეორე მაგალითი: 1890-წელს, როცა ქალაქმა ბათუმმა ითხოვა, თბილისის სააზნაურო ბანკს ნება მისცემოდა მიეღო გირაოდ ბათუმის მამულები, ფინანსთა მინისტრი ქალაქს ჩამოვიდა, მაგრამ ილია არ წარსდგა მასთან და არ წარუდგენია ამ საგანზე მოხსენება. როცა ამის გამო საქმის გარდაწყვეტა დაგვიანდა და ილიას უსაყვედურეს, რატომ მინისტრი არ ნახეო, პასუხად სთქვა: ,,ვერც ჩემი მისვლა დააჩქარებდა საქმეს და ვერც ჩემი მიუსვლელობა დააბრკოლებდაო”.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)