ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან - 10 (მოგონებები ილიაზე)

ლაპარაკში ილია უძლეველი იყო. მის დიალექტიკას, მის მოსწრებულ სიტყვებს, მის მდიდარს ლექსიკონს ჩვენს ქართველობაში წინ ვერავინ უდგებოდა. ვის არ ახსოვს მისი სიტყვები საადგილმამულო ბანკის წევრთა საზოგადო კრებებზე წინააღმდეგ ძმათა მაჩაბელთა. ბევრნი გრძნობდნენ, რომ სიმართლე ვანო მაჩაბლისაკენ იყო, მაგრამ ილიამ გაჭეჭყა ის თავისი დიალექტიკით და მოსწრებული სიტყვებით.
აი, ერთი მაგალითი ილიას უძლეველობისა ლაპარაკში: ,,ვისრამიანის” ბეჭდვა რომ იწყებოდა, უკანასკნელი რედაქციის დადგენა და ვარიანტების ერთიერთმანეთთან შეთანხმება მიანდვეს ილია ჭავჭავაძეს, პეტრე უმიკაშვილს და ალ. სარაჯიშვილს. ერთს უძველეს ვარიანტში ამათ დაინახეს, რომ უ-ს ბრჯგუ არ აქვს. ილიას მეტი რა უნდოდა, ჩვეულებრივის აღტაცებით იმან დაიჯინა უ უბრჯგუოდ დავბეჭდოთო. უმიკაშვილი თითონ თაყვანისმცემელი იყო ყოველგვარის არქაულის ფორმისა, მაგრამ ასე გასინჯეთ, იმასაც კი შეეშინდა ამგვარის გადაწყვეტილებისა. რადგანაც კორექტორი ის იყო, ეშინოდა ბრჯგუს განდევნა იმისთვის არ დაეწამებიათ. იმან დასწერა ამ საგანზე დადგენილი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერინა ილიასა და სარაჯიშვილს. მერე წიგნი დაიბეჭდა.
მაგრამ შენი მტერი, ის რომ დაიბეჭდა, თქვენ თითონ გადაშალეთ წიგნი და დაინახეთ, შიგ რაები სწერია. წარმოიდგინეთ, თუ რა სიტყვები გამოვიდოდა, თუ ბრჯგუ არ ექნებოდა უ-ნით დაწერილ სიტყვებს: ჩვენ_ჩუენ; მოსვენება_მოსუენება; გამოკვება_გამო….
_ ილია, ეს რა გიქნიათ, როგორ დაგიბეჭდნიათ, – ჰკითხეს პოეტს.
_ წარმოიდგინეთ: მე რომ რუსეთში ვიყავი, პეტრეს გაუკეთებია. პეტრე, ეს რასა ჰგავს, როგორ დაგიბეჭდნია?
_ მე ისე დავბეჭდე, როგორც შენ გადასწყვიტე…
_ თავის დღეში მე ამგვარი დაბეჭდვა არ მიფიქრია.
_ გიფიქრია კი არა, გითქვამს კიდეც და ხელიც მოგიწერია, _ უთხრა გაჯავრებით პეტრემ და გაიხსნა უბის ჯიბე, ამოიღო მანდედამ ხელმოწერილი ბარათი და თვალწინ დაუდვა.
_ თავის დღეში მე ეს არ მითქვამს, მე სხვა რიგად დაწერილი მეგონა, _ უთხრა მაინც ილიამ და იმდენი ილაპარაკა, სანამ საწყალი პეტრე დამნაშავედ არ გამოიყვანა.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)