ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან - 11 (მოგონებები ილიაზე)

ილია ხელმოჭერილი კაცი იყო, სულ იმას სჩიოდა, მეტი აღარა ვართ ამ საქველმოქმედო საღამოებისაგანაო, საცაა, ჩვენდა სასარგებლოდაც უნდა გავმართოთ წარმოდგენაო და სხვა ამგვარები. უცნობი ქალი ან კაცი რომ მოვიდოდა მასთან, იმას სულ იმის ეშინოდა, ვაითუ ფული მთხოვოსო. ერთხელ საადგილმამულო ბანკში მასთან მოვიდა პლატონ იოსელიანის ცოლისაგან მოგზავნილი ქალი. ილიას ეგონა, მთხოვნელი არისო და მიღების უარზე დადგა, მაგრამ მოგზავნილმა შემოუთვალა: პლატონ იოსელიანისაგან დარჩენილი ნაწერი მომაქვს თქვენს ჟურნალში დასაბეჭდადო, და პოეტს გადასცა _ ,,მეფე გიორგის ცხოვრება”, იოსელიანისაგან შედგენილი, შემდეგში ,,ივერიის” ნომრებში დაბეჭდილი.
მაგრამ ამ ხელმოჭერილ კაცს სულ არაფრად მიაჩნდა ასობით და ათასობით ფულის წაგება ბანქოს თამაშში.
ოთხმოციანი წლების დამდეგს ილია თითქმის ყოველ საღამოს თამაშობდა. ჩვეულებრივი მისი პარტნიორები იყვნენ: გიორგი შარვაშიძე(12) (დიმიტრიჩი), კონსტანტინე რეიტერი,(13) კოლა ერისთავი, დავით ავალიშვილი. კრუჟოკში ან კლუბში ის ხშირი სტუმარი არ იყო. იქ თუ წავიდოდა ის, მხოლოდ ზაფხულობით. მე ხშირად გამოვსულვარ დილა ადრიანად ალექსანდრეს ბაღში და შევყრივარ ილიას კუკიიდამ მომავალს შემდეგ ღამის თამაშში გატარებისა.
განსვენებული ილია ხონელისაგან გამიგონია: ილიამ მთელი ღამე თურმე ითამაშა სადღაც კლუბში და ათასხუთასი მანეთი წააგო. შინ რომ დაბრუნდა და ეტლის გასასტუმრებლად ქისა ამოიღო, შიგ ნაშალი ვერ იპოვა, ერთი თუმნიანი-ღა შერჩენოდა იმას გაუტეხელი.
_ ეჰ, საცა სხვა წავიდა, ესეც წავიდესო, გაივლო მგოსანმა გულში და გაუწვდინა ქუჩერს თუმნიანი.
_ აჰა, წაიღე, _ უთხრა პოეტმა.
_ ბატონო, აქ ერთი თუმანია.
_ არაფერია, წაიღე, _ განუმეორა მან.
_ გეტყობა, კნიაზო, წუხელის მოგიგიათ, ღმერთმა ყოველთვის ასე მოგაგებინოსო, _ დაუმადლა სულგრძელ მგოსანს თვალგაპრიალებულმა ქუჩერმა.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)