ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან - 12 (მოგონებები ილიაზე)

ახლა უნდა გადავიდე ილიას რედაქტორობაზე და გაზეთზე, მაგრამ ჯერ მოისმინეთ ეს რამდენიმე ნაწყვეტიც ჩემი დღიურიდამ à bâton rompu.
გაზეთ ,,ივერიის” გამოცემას რომ მოჰკიდა ხელი ილიამ, ის დიდს ფაცა-ფუცში იყო. მე იმ დროს პეტერბურგში ვიყავი დროებით და _ რადგანაც გაზეთში თანამშრომლობა მქონდა აღთქმული (სხვათაშორის, გაზეთში უნდა დაწყებულიყო ჩემგან შეკრებილი ისტორიული და სამწერლო ნაკვესების ბეჭდვა, რომელზედაც ფსევდონიმად ლელო ეწერათ. თითონ სათაური ,,ნაკვესი” ილიასაგან არის გამოგონილი, მაგრამ ფსევდონიმი არ მოსწონდა). 20 დეკ. 1885 წელს ილია მწერდა თბილისიდამ:
«დაგვანებე ჩემო იონავ თავი და დაგვაობლე ამისთანა გაჭირვების დღეს… მაგრამ რა გაეწყობა? თურმე სოფელი ასეა. თუმცა შენ ბევრს გვაკლიხარ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას არ ვიშლით და ვჩხირკედელაობთ 1-ს იანვრისათვის. ვნახოთ, ღერძი ბედისა როგორ დაიწყებს ტრიალსო. გიგზავნი გამოცხადებულს და ყველგან გაგზავნილს უწყებას ჩვენის ახლის გაზეთის გამოცემის თაობაზედ. ზოგიერთმა ჩვენგან ახლად შემოღებულმა სიტყვებმა და ტერმინებმა მოწონების და დაწუნების ღაღადი მოჰფინეს ჩვენს სალიტერატურო არე-მარეს. ჩვენ ვნუგეშობთ და ვამბობთ: Значит, свет нас заметил. უარარაობას კიდევ ესა სჯობია. ახ, ნეტავი ეხლა ჩვენთან იყო. ყინვამ მაგ უმადურ და უსიხარულო ქვეყნისამ გული არ გაგიყინოს და არ დაგვღუპოს შენდამი მსასოებელნი.
შენი ფსევდონიმი არც ერთი არ მომეწონა. აქ მოვიგონეთ ორი ფსევდონიმი: 1. «მე ვარ და ჩემი ნაბადი» თუმცა გრძელია, მაგრამ შენზედ ზედ გამოჭრილია; 2) «აბედი», ვითომ ნაკვესმა შენ ცეცხლი მოგიკიდა, როგორც აბედს და შენ ჩვენ გადმოგვეცი. ეს უკანასკნელი კარგია, მაგრამ აკაკი წერეთელს საბუთს მისცემს, ქართული აბედი რუსულ обед-ად გადააქციოს; მაინც შენ სხვისი სადილების მაძებარს გეძახოდა და დაგცინოდა. ორში ერთი ამოირჩიე და ტელეგრამით მაცნობე.
ასოებისათვის ფული საჭირო არ არის, რადგანაც თვითონ ასოები აქ ჩამოვასხმევინეთ და ძალიან ცოტა განსხვავება აქვს მანდაურებთან. წიგნები რაც საჭირო იყო, დავიბარეთ, ვიდრე შენი წერილი მომივიდოდა.
ნიკოლაძესა სთხოვე და შეეხვეწე ჩემმაგიერ, ჩვენს გაზეთს თავისი ნაწერებით შეეწიოს. მომიტევოს ამჟამად, რომ საკუთარს წერილს არა ვსწერ. ეგ იმისთანა კაცი არ არის, რომ ამის გამო გაგვიწბილდეს და გულიდამ ამოიღოს ჩვენი გაზეთი, წვრილმანმა წერილმანს მოუკიდოს ცეცხლი.
ქაღალდის თაობაზე სერებრიაკოვს(14) წერილი მივწერე და პასუხს ველი. ჯერ ხანად Новое обозрение-ს ფორმატის ქაღალდს ვიხმარებთ.
კაცო, რატომ არა გვწერ, _ ეგ ჩვენი მუხრან ბატონი რას სჩადის და როგორ მიჰყავს ჩვენი საზოგადო საქმეები. შენგან მიკვირს და მეოცება. ღმერთსა ვთხოვ, რომ სამერმისოდ არც ერთი შემემთხვას შენგან და არც მეორე. ასე, ჩემო იონავ, იყავ მშვიდობით და დღეგრძელობით და არ დაივიწყო, რომ შენ ერთად ერთი მეგობარი გყავს და ის ერთად ერთი _ შენი ილია ჭავჭავაძეა».
20 დეკემბერი.
P. S. მოუთმენლად ველი შენს სტატიას. ოლიკომ მოგიკითხა. მოიკითხე ყველანი, ჩემი ნაცნობები.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)