ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან - 13 (მოგონებები ილიაზე)

«ივერიის» პირველი ნომერი გამოვიდა 1 იანვარს 1886 წ.
,,ივერიის» რედაქცია ამ დროს კუკიის ქუჩაზე იყო მოთავსებული პოეტის დის, ლიზა საგინოვის სახლში. დაბლა იყო გამართული გაზეთის სტამბა, მაღლა იყო რედაქცია და იდგა თვით რედაქტორი.
რომ ახვიდოდით მეორე სართულზე, მარცხენა კარებს შეყავდით თქვენ გაზეთის რედაქციაში და მარჯვენას ილიას სადგომში. სადგომის ყურეში შესვლისთანავე, მარცხნივ იყო რედაქტორის კაბინეტი _ პატარა ტანის ოთახი _ სწორედ ისე იყო მოწყობილი, როგორც ეს შეეფერებოდა მის პატრონს _ პოეტს და მამულის მოყვარე რედაქტორს.
შეხვიდოდით თუ არა კაბინეტში, ყველაზე უწინ თქვენს ყურადღებას იქცევდა ფერადის სურათებით აჭრელებული ჭერი ოთახისა. ჭერის ოთხ კუთხეზე იყო დახატული ფართო მედალიონები მეფის ლუარსაბისა, დიმიტრი თავდადებულის, გიორგის თამარის მამისა და დავით აღმაშენებლისა, შუაში იდგა წმინდა ნინოსი.
კედლებზე ეკიდა: მეფე ერეკლე, გორგასლანი.
კედლებზედვე: სოფლის გლეხკაცი და ყასაბი გაბაევისა, მურილლიოს გრავიურა, მითოლოგიური სურათები.
კაბინეტი სავსე იყო შკაფებით, სტოლებით, წიგნებით, ქანდაკებებით.
რომ მიიხედ-მოიხედავდით, დაინახავდით: ერთგან შექსპირის ბიუსტს, სხვაგან გიოტესას, კიდევ სხვაგან რუსთველისას, გარიბალდისას.
იქა-აქ კედლებზე: კაკაბს და ხოხობს.
და რადგანაც ნამდვილს ქართველს ძველთაგან ანდერძად უწერია, თქვენ ამ კაბინეტში ნახავდით რვა ყანწს, ერთს მეორეზე უდიდესს.
მთავარი სტოლი კაბინეტში სავსეა რაგინდარათი: წიგნებით, გაზეთებით, სამწერლო იარაღებით, სულ ყველაფერი ამ დიდ სტოლზე არეულ-დარეულია, რომ აქაც გამართლებულიყო ნათქვამი პოეტურს დაუდევნელობაზე. აი, აგერ დიდი ამომშრალი საწერელი, რომელშიაც ვიღაცას მეორე მომცრო ტანის საწერელი ჩაუდგამს. აი, შველის ქანდაკება, რომელსაც რქაზე პოეტის ჩაჩი აქვს წამოცმული. აი, გადაშლილი წიგნი, პაპიროსის ნამწვით შუაგულში. აი, გლობუსი, საანგარიშე, სათვალე, გაზეთის ორიგინალები, ვეებერთელა წითელი კარანდაში…
თუ საღამოა, ამ სტოლთან თითონ რედაქტორი ზის და აქ ამ ვიწრო ქარხანაში მზადდება დღეს ის აზრი, რომელიც ხვალ შეიძლება სახელმძღვანელოდ გახდეს ყველა ქართველისათვის, ბაქოდამ დაწყებული სოხუმამდის და კავკასიის გარეთაც.
როგორც გაზეთის თავი _ მესვეური ილია, დიდად ნაყოფიერი იყო, ის ბევრსა სწერდა და გრძლად სწერდა. გრძლად წერა, სამწუხაროდ, მისი ნაკლულევანება იყო.
გაზეთი წიგნი არ არის, რომ კაცი დაუჯდეს იმას და იკითხოს. გაზეთის სტატია თუ ჟურნალის სტატიად გახადა კაცმა, რაც უნდა კარგად იყოს ის დაწერილი, თვისს ღირსებას კარგავს.
გაზეთი თქვენ ბულვარზე სადმე იყიდეთ, გზა გზა მიმავლად იმას თვალი გადაავლეთ ან მიჯექით სადმე, ზელტერის წყლით სიცხიდამ სული მოიბრუნეთ და უფრო მეტი ხანი მოანდომეთ იმას, რომ წაიკითხოთ ტელეგრამები, ახალი ამბები, მცირე შენიშვნები და ბოლოს, თუნდ მეთაური წერილიც, თუ ის მოკლედ არის დაწერილი. მაგრამ თუ ეს წერილი გრძელია, არა ადვილად საკითხი, გაყოლებით დაწერილი, წინასიტყვაობით, სხვადასხვა წინადადებებით ერთმანეთში აცმულ-გადაბმული, რომელსაც აჭრელებენ: ,,როგორცა ვთქვი”, ,,რომელიც რომ” და სხვა ამგვარები, თქვენ იმას ვერ წაიკითხავთ.
და თუ წაიკითხავთ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ბევრი დრო გქონიათ.
უმეტესობა კი ათის მკითხველიდამ ცხრა ამ სტატიას არ წაიკითხავს.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, თუ შაირზე მარტო სთქვა რუსთაველმა, ალბათ იმიტომ, რომ მეთორმეტე საუკუნეში არც გაზეთები იყო და არც მოწინავე სტატიები.
მე ხელთ არა მაქვს ილიას გაზეთის «ივერიის» კოლექცია და მაგალითს აქ ვერ მოვიყვან, მაგრამ ისე მახსოვს, რომ იშვიათია, ილიას მოწინავეს არ ეჭიროს გაზეთში ორი-სამი სვეტი, ხან ოთხი, ხუთი, ექვსი.
გაზეთს ქვეყანა კითხულობს და ქვეყანას ამ გაუთავებელის სტატიებისათვის არა სცალია.
ფრანცუზები იტყვიან: quand vous voulez dire: il pleut, dites, il pleut. ეს ქართულად ასე ითარგმნება: თუ გინდათ სთქვათ, რომ წვიმს, სთქვით წვიმს. და ნუ მოყვებით ათადამ-ბაბადამ, ნუ დაიწყებთ ციდამ, ღრუბლიდამ, ჰაერიდამ, სთქვით მოკლედ: წვიმს.
ისევე ითქმის საზოგადოდ იმ გვარ მეთაურ წერილებზე, რომელსაც ეკუთვნოდა ილიას წერილები. ეს წერილები მოკლედ და პირდაპირ ვერ ეუბნებოდნენ მკითხველს იმას, რისი თქმაც მის დამწერს უნდოდა და რაც, როგორც პოეტს, მას შეეძლო.
მეშინია, მეტის თქმა არ გამომივიდეს, მაგრამ არ შემიძლია, შემთხვევით არ ვისარგებლო და ამ გრძელ მოწინავეებზე ორი-სამი სიტყვა კიდევ არა ვსთქვა. ყოველი გაზეთის ნომერი, რომელშიაც გრძელი მოწინავე წერილია დაბეჭდილი, წვალებაა ჩემთვის.
ერთი დიდი, საფრანგეთის ფილოსოფოსი, ოგიუსტ კონტი ამბობს: მწერალს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ათამაშოს მკითხველი თავის სურვილისამებრ, სწეროს, როგორც იმას უნდა. ყველაფერი კანონს და ზომას უნდა ემორჩილებოდეს, უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ყოველს ფრაზაში იყოს ქვემდებარე, შემასმენელი, დამატებითი სიტყვა და კიდევ არ მახსოვს რა და შემდეგ ფრაზა თავდებოდეს, მძიმე დაესმოდეს. როცა მე ვხედავ ოთხ-ხუთ სვეტიან მოწინავე წერილებს გაზეთში, მეც ის ცხოვრებაში განუხორციელებელი ფიქრი მომდის, როგორც კონტს, რომ შეიძლებოდეს ამ გრძელი მოწინავეების შემოკლება, თუნდ ისეთ გვარად როგორმე, როგორც მაგალითად სახელმწიფო სათათბიროში ამოკლებენ ორატორის სიტყვებს ხუთი წამის ლაპარაკის შემოღებით.
ჩემი იდეალი გაზეთის მოწინავე წერილების მწერლისა არის საფრანგეთის ჟურნალისტი ჟირარდენი. აი, როგორ ახასიათებს ჟირარდენის წერას საფრანგეთისავე მწერალი დანკური:
,,ის (ჟირარდენი) იწყებს რამე საგანზე ლაპარაკს, წამოაყენებს წინ ერთს აზრს, თეზისს. მოუსვამს კალამს და ორ სტრიქონში _ საქმის ექსპოზიცია მზად არის. ორი-სამი სტრიქონი და ჟირარდენი შუაგულ კითხვამდის არის მიწევნილი. ამის შემდეგ ის გადადის დასკვნაზე, ის წინდაწინ ხედავს, თუ თქვენ მასთან არა ხართ თანახმა და თქვენსკენ მოიწევა. თქვენ შეიძლება ამაზე ესა და ეს მითხრათ: ახ, რა გვარად მებრალებით, და ის მტვრად აქცევს თქვენს ნათქვამს ან დაანახვებს სხვებს, რომ თქვენი ნათქვამი მტვრად აქცია, და გასწევს და გასწევს. კიდევ ორი სტრიქონი. გათავდა? არა, იმას კიდევ აქვს სათქმელი უკანასკნელი სიტყვა, კიდევ უნდა გაისროლოს უკანასკნელი ისარი. ახლა მაინც გათავდა? არა. ერთი სტრიქონი კიდევ და ამ სტრიქონში სულ ბევრი-ბევრი სამი სიტყვა, ხანდახან ორი და ხშირად ერთი. ჰა, და გათავებულ მოწინავეს ხელი მოაწერა”.
ამგვარად ილიას არ უწერია.
ილია-რედაქტორი თავის ნაწერს სანამ დასაბეჭდად გაგზავნიდეს, უკითხავს თავის თანამშრომლებს და ყოველგვარ რჩევას სიამოვნებით ითვისებს.
ნინო მუხრან-ბატონის დასაფლავების გამო მოწინავე წერილი რომ დაბეჭდა ილიამ ,,ივერიაში”, მეორე დღეს მკითხა:
_ წაიკითხე ჩემი წერილი?
_ წავიკითხე გუშინღამვე სტამბაში და ძალიან მომეწონა. მხოლოდ რომ გენებებიათ და სამღვთო წერილის სიტყვაც ჩაგეტანებიათ _ შიგ შრომის მოყვარე ქალის თაობაზე დაწერილი, წერილი ბევრს მოიგებდა.
_ რა სიტყვები?
_ ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა.
_ ოხ, მართლა რომ კარგი იქნებოდა, და რატომ ეს სიტყვები არ მიაწერე, რაკი სტამბაში მოხვედრილხარ, მითხრა ნაღვლით რედაქტორმა, საზოგადოდ დეკლამაციის მოყვარემ.
სხვის ნაწერებს ის თავაზიანად ეპყრობა, მხოლოდ ენის მხრით კი რედაქტორი ულმობელია, მეტადრე იმერეთიდამ გამოგზავნილი კორესპონდენციების და წერილების კითხვის დროს.
ენის მხრით ილია მართლა რომ კანონმდებელია ქართულის ენისა.
ვიღაცამ უსაყვედურა ვიქტორ ჰიუგოს: ეს სიტყვა ფრანგული არ არისო.
_ არ არის, მაგრამ იქნებაო, _ თავმოწონებით უპასუხა საფრანგეთის დიდმა მგოსანმა.
იგივე ითქმის ილიაზე და ქართულ ენაზე.
სანამ ილიამ არ დაუშალა ჩვენებს, ჩვენში ამბობდნენ: უფალი კერესელიძე, უფალი მესხი, ეს უფალი ან იყო ამოღებული სამღვთო წერილიდამ, ან იყო ნათარგმნი რუსული სიტყვიდამ «Господин». ილიამ სთქვა: «უფალი მესხი»-ს თქმას «ბატონი მესხის»-ს თქმა არა სჯობიაო? და ეს სიტყვა მას აქეთ დაკანონდა ჩვენში და ამ სიტყვას ისე მაგრად აქვს მოკიდებული ფესვი ჩვენს ენაში, რომ მას ვერ განდევნის ეხლა ჩვენის ენიდამ ვერც «ამხანაგი» და ვერც ,,მეგობარი» ისე, როგორც ვერ განდევნეს ფრანგულის ენიდამ «monsieur» ვერც დიდი რევოლუციის citoyen-მა და ვერც კომუნის Compagnon»-მა.
მისგან მოგონილი სიტყვებთაგან მახსოვს: სულთა სწრაფვა, თვალთა ხედვის ისარი.
იმას არ მოსწონს იმერულ წერილებში სიტყვები _ ,,ვღებულობ”, ,,ამნაირად”. საცა ეს სიტყვები მოხვდება ილიას, მაშინვე შლის და სამაგიეროდ ზემოდამ აწერს სიტყვებს: “ვიღებ”, “ამ გვარად” … საცა ჩვენ ჩვეულებრივად ვწერთ «მაგრამ»-ს, ილია ხშირად _ «გარნა»-ს სწერს.
იმასვე ეკუთვნის, მგონია, ეს “ჰსჩადის”, რომელსაც ეხლამდის ვერ შევთვისებივარ, რომელიც არც ერთს ძველს წიგნში სადმე არ წამიკითხავს, არც ხალხში გამიგონია სურამის აქეთ მაინც. გადაღმაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ხალხში “ჰსჩადის” ითქმოდეს, შეიძლება თქვან ,,ჩადის” სიტყვიდამ ,,ჩასვლა”, მაგრამ “ჰსჩადის” ქალაქში უნდა იყოს გაზვიადებული.
როგორც რედაქტორს, ილიას მუდამ ერთი აზრი აქვს, გაზეთი არავის პირადობას უმართებულოდ არ შეეხოს. ამ მხრით ის დაშინებულია გაზეთის «დროების» განურჩევლობით.
სხვისი პირადობის დამცველს თავის გაზეთში, ილიას არ უნდოდა, რომ თითონ უმართებულოდ ეხსენებია ვინმე სხვის გაზეთში. როდესაც ნიკო ნიკოლაძემ «Новое обозрение»-ში ერთი წერილი დასწერა მისი პიროვნების შესახებ, ილიამ თავი შეურაცხყოფილად მიიჩნია და ორი თვისი ამხანაგი მიუგზავნა სეკუნდანტებად ნიკოლაძეს _ კოლა ერისთავი და სოსიკო შალიკოვი(15) ამან პასუხად ჭავჭავაძეს გაუგზავნა ორი თვისი ამხანაგი, დათიკო გურამიშვილი და ნიკოლოზ სიმბორსკი(16) და მათ შორის გაიმართა დუელი. მოწინააღმდეგენი დადგნენ ბარიერზე გატენილის ფიშტოებით და ყველაფერი იმ წერტილამდის იყო მოყვანილი, საცა ტყვია უნდა გავარდნილიყო, მაგრამ ამ დროს სიმბორსკიმ უკანასკნელის შერიგების სიტყვით მიმართა დუელიანტებს და დუელი მორიგებით დამთავრდა.
არ ვიცი, ამ ორში ვინ ვის მოსთხოვა ბოდიში, რადგანაც მათი შერიგების პროტოკოლი არ გამოქვეყნებულა. როგორც გამიგონია, ჭავჭავაძეს უნდა ეთქვას: მე შეურაცხყოფილად მივიჩნიე ჩემი თავი მარტო იმისათვის, რომ ნიკოლაძეს თუნდ ერთი წამით შეეძლო ეფიქრა, რომ რაც «ივერიაში» დაიბეჭდა, ის ჩემის თანხმობით იყოო. ნიკოლაძეს ამაზე უნდა ეთქვას: თუ ეს ასეა, მაშ, რაც მე ჩემს გაზეთში ვთქვი ჭავჭავაძის შესახებ, უკან მიმაქვსო.
რედაქციაზე და გაზეთზე ლაპარაკს აქ ჩვენ უნდა დავურთოთ აკაკის სიტყვებიც:
აკაკი თამარაშენში იყო ვანო მაჩაბლისას და დაძინების დროს «ივერიას» კითხულობდა. კითხვის დროს აკაკის მიეძინა და გაზეთს სამთლიდამ ცეცხლი მოედო.
_ ფუ, ფუ, ფუო, _ და ერთის ყოფით გააქრო ალი პოეტმა.
_ მადლობა ღმერთს, წყალნარევი გაზეთია, თორემ ვერ დავაქრობდიო, _ აამა მგოსანმა ილიას მოწინააღმდეგე ბანკის დირექტორს.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)