ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან - 15 (მოგონებები ილიაზე)

ორი-სამი სიტყვა ილიას საგურამოში ცხოვრებიდამ.
ილია ყოველ ზაფხულს ამოდიოდა საგურამოს, დასასვენებლად. აქ ჰქონდა იმას ერთი, პატარა, ქვის სახლი, რომელიც გადაჰყურებდა არაგვის ხეობას. სახლის წინა ბალკონიდამ მგოსანს თვალწინ ედგა მშვენიერი პანორამა კავკასიის მთებისა და ქვემოთ არაგვის ხეობისა.
ილია აქ ისვენებდა ქალაქის საქმეთაგან დამაშვრალი. ყოველ 20 ივლისს, მის დღეობაზე აქ მოდიოდა მასთან მოსალოცავად დიდ-ძალი ხალხი ქალაქიდამ და ხანდახან იმერეთიდამაც.
აქ, საგურამოში უახლოვდებოდა ილია ხალხის ცხოვრებას და ენას.
ყოველ შეყრაზე და გამოლაპარაკებაზე სოფლის ხალხთან ილიას, როგორც ფუტკარს, საზრდო გამოჰქონდა ხალხიდამ თავის სიტყვიერებისათვის.
დღეს ამა და ამ გლეხმა ლაპარაკში ესა და ეს ჩემთვის უცნობი სიტყვა სთქვაო, იტყოდა მგოსანი. ერთ ამგვარ სიტყვად მახსოვს იყო სიტყვა ,,პეიტარი”. ჰაზრით გამოდიოდა, რომ ,,პეიტარი” კაცის წოდება უნდა ყოფილიყო, და რომ ჩავიხედეთ ლექსიკონში, აღმოჩნდა, რომ პეიტარი საქონლის ექიმს რქმევია.
ხალხი იყო ილიასთვის წყარო მოკამკამე ენისა და გამოთქმის.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)