ჰორიზონტს მიღმა


ახლა ტბასთან ვცხოვრობ ჩემო მონატრებავ
ხავსში გახვეული თეთრი სახლის მკვიდრი
კოროზირებული ნიჩბით მებაღე ვარ
სარეველებს ვთხრი და წუთებს თითზე ვითვლი

ხოდა კარგად ვხვდები ხიდებს როცა ამტვრევ
უნდა  გესმოდეს რომ მშრალი ვერ გამოხვალ
ვურთავ შიგადაშიგ ჩემი ბუხრის ალებს 
ვაზებს მომტირალს  და უკვე ფესვგამომხმარს

ხშირი ნამწვავები ნივთებს აადგილებს სადღაც სარტრი მედო ვერ ვპოულობ რახან
უსტვენს ჩაიდანი ორთქლით განაგრილებს 
ფანჯრებს ვაშტერდები თითით ვაწერ  სხვაგან

ხარ და ვფიქრობ ნეტავ რატომ  აღარ მომდის 
შენი წერილები ,ჩემი ნავიც ლპება.
ვცდილობ გავიხსენო რიცხვი ბოლოს როდის 
ნავთი მთავრდება და ზოგჯერ ლამპაც ქვრება

ფოსტა  ბეღურების ბუდედ გადაიქცა 
სხვენში ნესტია და ზოგჯერ წვიმაც წვეთავს 
მჟავე ალუბალი ყელში გადამიცდა
შენი მოლოდინი ჩემში ისევ ფეთქავს

როგორც იმ წელიწადს შენი გული,მახსოვს
გიმახსოვრებდი და ვწერდი შენში სიტყვებს 
მათზე ოცნებები ძველებურად მართობს
როცა ჩემი ძაღლი კუდის ქნევით მისმენს

თოთხმეტი მალა,ექვსი ნეკნი,ორი ლავიწი
ხავერდის კანი ,ცრემლნარევი ღაწვების წვიმა
დასანანია ამ იმედით როგორ გაგიშვი
და მაინც არ ვწყვეტ მიჩერებას ჰორიზონტს მიღმა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი