მე ვწერდი ლექსებს


მე ვწერდი ლექსებს,ლექსებს ატმებზე
ბაბუაწვერის რძენადენ ღერზე
ლექსებს,დედებზე,შვილებზე დებზე
ვწერდი ღრუბლების მკვდარ იისფერზე

იმ სიძულვილზე რომელიც უყვართ
იმ სანდო შიშზე რასაც ვერ თმობენ
უსახო ხალხზე ,ხანგრძლივ გვალვებზე 
ვწერდი ქარებზე ჩვენში რომ ქროდნენ

მე ვწერდი ლექსებს უჭერო სახლზე
და საფეხურებს ვითვლიდი მისას
დედის გულმკერდზე დაფენილ ხავსზე როცა ხალიჩად აფენდნენ მიწას

ვწერდი და მერე როგორ? მიყვარდი,
ნაძებნო სიტყვავ ,მის შესამკობად.
ხან შენ გკლავდი და ხან თავს ვიკლავდი 
 რამდენი უნდა ვიყოთ სამყოფად 

მე ვწერდი ლექსებს როცა მეგონა
რომ თითო სტროფი კვამლის  რგოლია  გაღუნულ ენით გაშვებულ კვამლის
ყელში ჩახრაკულ მელანქოლიად 

ვწერდი ამბოხზე,მორჩილებაზეც
შენთან ყოფნაზე ან არყოფნაზე
აზრად შეფუთულ უაზრობაზე
უნაყოფოთა ჩვეულ ყოფაზე 

მე ვყიდულობდი ორმოც გრადუსად 
და ერთ შეხებად ,მუზებთან ლექსებს
ვწერდი ხის ქერქზე, ქერქით და ქერქად 
ვწერდი და მერე ვაგლეჯდი ფესვებს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი