სიტყვების დახლი


პატარა დახლი მაქვს ადგილობრივ ბაზარში რამოდენიმე კალათი მიდგას სიტყვებით .ასოებს გრამებად ვაფასოვებ და ვყიდი.დიდი ვალი დამიგროვდა ემოციების,ურიკით რომ ჩამოივლიდა დილაობით ჩემს ფანჯარასთან და ახლა ერთდროულად მთხოვს  გადახდას.უმეტესად მუსიკალურ ნაწარმოებებსა და ფერწერულ ნიმუშებში ვცვლი ,ხანდახან ფასს მიკლებენ და მერე მეც ვუკლებ.გუშინ სამი ნოტი შევიძინე სამ ასოდ.მი,სოლ,სი,წვიმის წვეთს მივამსგავსე და ისე მოვიხიბლე ჩემი საყვარელი სამი ასოც კი გავიმეტე შ,ე და ნ ხვალისთვის კი კიდევ სამი  შემიკვეთეს  თ,ა და ნ მითხრეს რაღაც მშვენიერს ვაწყობო.ზოგს მთელი წინადადებაც მიაქვს ხოლმე ოღონდ იშვიათად და შეძენამდე ათასჯერ უსინჯავენ კბილს .არ მიკვირს,რომ უცნაურად მიყურებენ მე ხომ შეფუთვა არ გამომდის ?!.ხოდა პირდაპირ პეშვზე რომ დაგიყრიან მოდი და ენდე. ამას წინათ ერთი უპოვარი მომადგა სიცარიელით სავსე ყუთით შემინახეო მითხრა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა…თავსატეხებიც მაქვს ერთი კალათი და ერთიც რებუსები შიგადაშიგ ცინიკოსებს ვამარაგებ ხოლმე ,მერე უნდა ნახოთ შენგან შეძენილი სიტყვით როგორ გესხმიან თავს…ქუჩის მოპირდაპირე მხარეს  მეორადი სიტყვების მაღაზიაა,ვიტრინაში ორად-ორი გაუგებარი ფრაზა თუ პერიფრაზი უდევთ და მომხმარებელს მაინც არ ურჩევნიან.
იმ ზამთარს მრავალი წლის შემდეგ პირველად მოვიდა თოვლი და დახლი ამომიყირავა მას შემდეგ ვეძებ იმ სიტყვას ქარმა რომ წამგლიჯა და ვერსად ვიპოვე .განცხადების გაკვრაც მინდოდა მაგრამ აბა სიტყვის ძებნა სიტყვებით ვის გაუგია?!რუხი ფერის იყო,გაცვეთილი. მახსოვს ხუთი ასოთი  შევკარი ი,მ,ე,დ და ი…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი