ალეგორია


ჩემი ძმაკაცის, გაგი გიორგაძის ხსოვნას


ფიქრებად იქცა გაშეშებულ ხატთა შეკრება,
ცის ქვეშ ყორნები დაფრინავენ ლეშთა მძებნელნი.
ღმერთმა თითქოსდა არხეინად გასცა შეკვეთა...
ო, ცხოვრებაო რა მავნე ხარ, სისხლად გრძელდები.

ჩვენია სული, ხორცი აღარ გვემახსოვრება,
თუმც ამ ცხოვრებას ეტაპებად მიჰყვება კვალი... 
ახლა მქანცველი პროცესიის მიდის მსვლელობა;
ღმერთო, მითხარი, ნუთუ ჰქონდა მას შენი ვალი?

მკვდართა ვაება გადმოვიდა ცოცხალთა ხვედრზე.
შენ რომ წახვედი ჩემო ძმაო... გიხსენებ ისევ.
ღმერთის უდროო განჩინება მაფიქრებს ბედზე
და მინდა ტყვია დავიხალო, თან ჭიქას ვივსებ.

ბედი ყოფილა თურმე შენი გარდაცვალება,
ალბათ ახსნასაც უძებნიან ამდაგვარ სიკვდილს...
თუ მას ყოველი სიცოცხლისთვის მოაქვს ვაება,
ღმერთი რატომ კლავს ადამიანს, მე მისი მიკვირს!

არ შეგეშინდეს ჩემო ძმაო შენ ჩვენგან წასვლის,
ყველა სულდგმული როდესმე ხომ გარდაიცვლება?!
არ შეგეშინდეს შენ სამყაროს მიღმა გასვლის,
ყოფიერების საწყისი ხომ არ იცვლება?!..

მივდივართ ყველა, ვერ ვჩერდებით, დროის მონები,
გადაულახავ ბარიერად გვექცა ცხოვრება;
მე კი ამ დროის ლაბირინთში სიკვდილს
მოველი...
მანამ ვიცი, რომ ძმაო შენი სული ცხონდება.

მიუსაფარი სიმფონია მიიღებს ელფერს,
როს აფინაჟი შენი სულის დათრგუნავს სიმებს...
მთვარიან ღამეს შენ გადიქცევი წყვდიადის მეფედ
და შარაგზებზე აამღერებ მდუმარე სხივებს.

ფიქრებად იქცა გაშეშებულ ხატთა შეკრება,
ცის ქვეშ ყორნები დაფრინავენ ლეშთა მძებნელნი.
ღმერთმა თითქოსდა არხეინად გასცა შეკვეთა...
ო, ცხოვრებაო რა მავნე ხარ, სისხლად გრძელდები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი