* * * (რა წამოვიღო..)


*  *  *

რა წამოვიღო -
დამტვრეული თიხის ფირფიტა,
მტვერდადებული პაპირუსი,
თუ ფერადი ფოტო?
მე არ ვკითხულობ წარწერებს გზაჯვარედინზე,
არც ქარის მიმართულებას.
ყოველთვის მიმართლებს,
რადგან ყველა დევზე ჭკვიანი ვარ 
და ყველა უფროს ძმაზე.

რამდენი მზე გავიდა 
და რამდენი მთვარე.
რა კარგია ორმოში ცხოვრება
და ომში წასვლა
და მოკლე ლაპარაკი:
- ღმერთის გწამს?
- არ ვიცი.
- და ვინ იცის?
 - ღმერთმა.

მეგობარი ინგლისიდან
აღარ მახსენებს თავის ლექსებში.
- სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ? -
ჯერ კიდევ მწერენ.

ეს არის ბუდა თვალებდაჭყეტილი
და რომელიღაც ბნედიანი წინასწარმეტყველი
და დედა, რომ ამბობს: 
- რა არის ჩემი დანაშაული?
- ბავშვები არ ტირიან. 
ბავშვები ვეღარ იტირებენ!

ჩემო კეთილო,
რომ შევიყვარო მტერი ჩემი,
ჯერ ხომ უნდა გავაჩინო 
და მდუღარეში  ამოვავლო
ალუბლის ხესავით?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი