მე რომ ღმერთი ვიყო


*  *  *
მე რომ ღმერთი ვიყო, 
მოშურნე ძმის გულში 
ხორბალივით გავაღვივებდი
სიყვარულს
და შორ ღამეში გადაკარგულს
და ყვავივით იმედის 
არ მომტანს,
მოვაბრუნებდი 
ჩემი ჩუმი ძახილით
და ვეტყოდი 
ამ მოხუც და უძლურ კაცს:
- მოსე, მისმინე!
მინდა აქ დარჩეთ, უდაბნოში, 
რომ დაფანტულმა  
და ერთ დღესაც დაბრუნებულმა
შენიანებმა,  
არ ამოხოცოს 
უბრალო ხალხი  
ჩემი სახელით.
მე რომ ღმერთი ვიყო, 
დავიჯერებდი -
ფეხზე წამოდგა იობი 
და ნაცარი ჩამოიბერტყა 
და გაიხარა სხვა ათი შვილით,
სხვა ათასი კეთილდღეობით. 
მაგრამ მე კედელი ვარ,
რომელზეც შეუძლიათ გადაძვრნენ,
ან ილოცონ 
და ლურსმნები ჩააჭედონ 
და ამოკაწრონ სიტყვა "შიში"
და სიტყვა "მტერი" 
და სიტყვა "სიკეთე".
მაგრამ მე კედელი ვარ 
და ერთხელაც ჩამოვიქცევი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი